Friday, August 29, 2014

ტკივილი

მოხდა ისე, რომ თუმოროფობი ჯოჯოხეთში აუდიენციაზე მიიწვიეს. უკვე დიდი ხანია ეძახდნენ, როგორც ჩანს, მაგრამ ის ვერაფერს ხვდებოდა. და მერე მოვიდა ტკივილი, აბსოლუტურად, სრულიად არაადამიანური,შიზოფრენიული, შლეგი ტკივილი, ტკივილი - სიგიჟე, რომელიც ისეთი დამამცირებელი, ბნელი, მრუმე და სამარცხვინო აღმოჩნდა, რომ ამის განსიტყვებას ვერავინ შეძლებდა. ამდენი სირცხვილის მომსწრე თუმოროფობი ვერც ერთ გადატანილ სირცხვილს ვერ უტოლებდა ამ სიგიჟე-ტკივილს და მერე, მოგვიანებით ზუსტად მიხვდა, რომ ეს იყო ყველა მისი სირცხვილის ჯამი, მათი სინერგიული ეფექტი, ის, რაც ლოგიკურად უნდა მოსულიყო და მოვიდა კიდეც.
ყველაზე ძალიან შვილების რცხვენოდა, რადგან ეშინოდა ამ ტკივილი-სიგიჟის რეალური ბუნება არ ამოეცნოთ.
მერე, როცა კეთილი ხალხის დახმარებით, ჯოჯოხეთური სიცხიდან ტყეში გაიქცა  და ტკივილმა დროებით თუ სამუდამოდ დაიხია, ეს ლამაზი ტყეც კი იმ უკუღმართი ქალის თავშესაფარს აგონებდა, რომელიც ანტიქრისტეს დავალებით, თავის პატარა ბიჭს დიდი მუხების ჩრდილქვეშ მარცხენა ფეხზე მარჯვენა ფეხსაცმელს აცმევდა და მარცხენაზე - მარჯვენას. პაპანაქებით დაჩაგრულ ტყეში სულ ეს ხატ-სურათი დასდევდა და აშინებდა და აშინებდა, რადგან ამ ცოდნის გადატანა აუტანელი იყო.
და ოცნებობდა ზამთრის და შემოდგომის რბილ, კეთილ მზეზე, ალერსიან შუქ-ჩრდილებზე, გამჭვირვალე ჰაერზე, ღირსეულ წასვლაზე და ამბობდა ასე:
გოსპოძი, უშველე ყველას, ვისზეც ხორცმა დაიბატონა და სულის ადგილი აღარსად დაუტოვა, განსაკუთრებით პატარებს და იქნებ როგორმე, რამენაირად მაპატიო ყველა სირცხვილი.

Monday, January 27, 2014

დილა

თუმოროფობი ყოველ დილით ადგომისთვის ისე იბრძოდა, როგორც სხვები გადარჩენისთვის. მაღვიძარას იმაზე ბევრად უფრო ადრე აყენებდა, ვიდრე სჭირდებოდა, რადგან იცოდა, რომ სერიოზული დებატები ელოდა - უნდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი იმაში, რომ ადგომა აუცილებელია, ხოლო შინაგანი მონოლოგები რუბრიკით: "გორი ვსიო სინიმ პლამენემ, ერთი ყველაფრის დედაც", სრული სისულელეა. შხაპამდე რომ მიღოღდებოდა, იქიდან გამოსვლაში უკვე წყლის ძალა ეხმარებოდა. და მერე ავტომატურად ირთვებოდა ყოველდღიური მოვალეობების ანესთეზია, რომელიც უკვე კარგა ხანია თუმოროფობის ცხოვრების მამოძრავებელ იმპულსად იქცა.


Thursday, November 21, 2013

არმოსაჭიდებელი ხავსი

-ალო, გისმენთ!
- ქალბატონო, ფოსტიდან ვარ, ხავსის ამანათი მოგიტანეთ
- უიიი, ახლავე ჩამოვალ
-გოგო, მოსაჭიდებელი ხავსი მომიტანეს,  მეშველა, ჩავალ და ამოვალ

Thursday, October 3, 2013

ფეხაკრეფით

უფსკრულის პირას, სადაც თუმოროფობი და მისი უსაყვარლესი მეგობარი არავინ ცხოვრობდნენ, შემოდგომა დადგა. და რადგან შემოდგომას ძალიან სჭირდება წითელ-ყვითელი ხეები, ამიტომ ერთ ღამეში მათი პატარა, მყუდრო სახლის გარშემო შემოდგომის ხეების ტყემ გაიხარა.

Tuesday, August 27, 2013

უიიმეე, დაბრუნებულა

თუმოროფობს მკვეთრად გაეღვიძა მარადისობის განცდისგან. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მარადისობა მის პაწაწინა საძინებელში კუთხეში იდგა, უფრო სწორედ, კუთხეში  იდგა, მაგრამ ამავე დროს ყველგან იყო განფენილი და თუმოროფობს ჩუმად შეჰყურებდა ისე, როგორც ეს მარადისობას ეკადრება.

„დაბრუნდა“, იფიქრა თუმოროფობმა „ღმერთო, რა მოულოდნელად დაბრუნდა“
და თუმოროფობი მიხვდა, რომ არყოფნას ვერ ეღირსება და ამ მიხვედრილობის ძალიან, ძალიან შეეშინდა. მაგრამ საქმე ის იყო, რომ  ეს შიში რაღაცნაირად და რატომღაც ძალიან მოსწონდა. ამიტომ  გადაწყვიტა, ყველაფერი ეღონა იმისთვის, რომ მარადისობა მისი პაააწაწინა საძინებლიდან აღარასოდეს გასულიყო,  გადაწყვიტა, ასე დაეტოვებინა, კუთხეში მდგომი, მაგრამ ამავე დროს  ყველგან განფენილი.

„მთავარია, აღარსად წავიდეს და აღარაფერმა დააფრთხოს“, ფიქრობდა თუმოროფობი. „ეს უნდა მოვახერხო როგორმე, უნდა მოვახერხო, რომ აღარსად წავიდეს და  აღარაფერმა დააფრთხოს“.

Sunday, October 28, 2012

გასწორებული თვალი

აგრაფინა ვულფი დიდხანს უყურებდა სიმართლეს თვალებში და უცებ აღმოაჩინა, რომ სიმართლეს მარცხენა თვალი მობრეცილი ჰქონდა. არც აცია, არც აცხელა სიმართლისკენ ისკუპა და სანამ ის გონს მოეგებოდა, მობრეცილი თვალი ხელის ერთი სხარტი მოძრაობით გაუსწორა. სიმართლემ ერთი კი შეჰკივლა ტკივილისგან, მაგრამ აგრაფინას მკაცრ მზერას გადაეყარა და უმალ დადუმდა.

"ასეა საჭირო", ფიქრობდა აგრაფინა ვულფი და თან ხელებს იფშვნეტდა, "სიმართლეს თვალი ყოველთვის უნდა გაუსწორო"

Saturday, June 2, 2012

თუმოროფობი და არავინ


თუმოროფობი და მისი საუკეთესო მეგობარი, არავინ არასდროს ლაპარაკობდნენ და სიჩუმით იბანებოდნენ. ისხდნენ უფსკრულის პირას, პირდაპირ მიწაზე, მხარდამხარ, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდნენ, სახით - ხელისგულებს, მუდმივად ბობოქარი მლაშე ზღვის მლაშე ტალღების მლაშე წვეთებს სახეებს აგებებდნენ და მდუმარებდნენ.

დიდ ავდარში სამზარეულოში გადადიოდნენ, ფანჯრის რაფასთან მხარდამხარ სხდებოდნენ, იდაყვებს რაფას აყრდნობდნენ, სახეებს - ხელისგულებს და მდუმარებდნენ. გარეთ თენდებოდა და ღამდებოდა და დარი ავდრით იცვლებოდა, მაგრამ გარშემო არ ისმოდა არც ერთი სიტყვა, არამედ წვიმის შხაპუნი, ქარის შრიალი, თოვლის სიჩუმე და ზღვის ფორიაქი. და იმის გამო, რომ გარშემო არც ერთი სიტყვა არ ისმოდა და ჰერმეტიზმი იყო სრული, თუმოროფობი და არავინ თავს იმდენად მშვიდად გრძნობდნენ, რომ ამ სიმშვიდეზეც აღარ სურდათ ლაპარაკი. 

Wednesday, April 25, 2012

ახალი წარსული

თუმოროფობი, არავინ და მედუსა გორგონა უფსკრულთან დასახლდნენ. უფსკრულის ძირას ზღვა იყო. პატარა, მყუდრო სახლი, აი ისეთი, როგორიც დევიდ კოპერფილდის ბებიას, ბეტსი ტროტვუდს ჰქონდა, პირდაპირ უფსკრულის პირას იდგა. როცა ზღვა ბობოქრობდა, უფსკრულის სიღრმის მიუხედავად, უუუუუზარმაზარი ტალღები ფანჯრებს ეხეთქებოდა. ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა  ეს ერთადერთი სახლი ამ პირქუშ, უკაცრიელ სანაპიროზე, სადაც მუდმივად ქროდა მწივანა ქარი, მძიმე, რუხი ღრუბლები სახლის სახურავზე ისხდნენ და გარშემო არც ერთი ხე არ ჩანდა.


Monday, April 9, 2012

პატივმოყვარეობის ისტორია, ოღონდ არაკლასიკურ ეპოქაში


-სრულიად ნორმალურად გაქვთ ყველაფერი, ქალბატონო.
-ნორმალურად?
-კი.

Sunday, March 25, 2012

ბესსმერტნიკები

ფიჭვის ტყეს კოტეჯებისგან ვიწრო ბილიკი ჰყოფდა. წიწვოვანი ტყე ხომ იცით რა ლამაზია - დაუჯერებლად ლამაზი და სადღესასწაულოდ გამწყობილი.