Thursday, March 10, 2011

ალოისის წარსული და თუმოროფობის მომავალი

და მერე მე დავბერდები, ანუ მოხდება ის, რაც 20, 30, 40 წლის წინ  მეგონა, რომ არასდროს მოხდებოდა, რადგან გაუგებარი, ბრიყვული შინაგანი რწმენით მწამდა, რომ 40 წელი და მარადისობა ერთი და იგივეა. და შემეცვლება მანერები, ხმა, კანი და როდესაც სარკეში უნებლიეთ ჩავიხედავ, ჩემი ძველებურად ახალგაზრდა და თავქარიანი სული ამ ახალ, დაჭმუჭნულ გარეკანში ჩასმულ არსებას უბრალოდ ვერ იცნობს.

და აღარავინ შემომხედავს ყურადღებიანი მზერით, რადგან ყურადღებიან მზერას ისეთს, რომელიც უყურებს და ხედავს, მხოლოდ ახალგაზრდები სჩუქნიან ერთმანეთს. და მე ეს მზერა დამაკლდება, დამაკლდება მოგზაურობა სხვის, მეორის უცხოს თვალებში, როდესაც დრო ჩერდება და მართლა ემსგავსება მარადიულობას. და გამიჩნდება უამრავი ახირება, ვიტყვი სასაცილო და ბებრულ რაღაცეებს და ჩემი გოგონა თავის მეგობრებს სევდიანი ღიმილით მოუყვება, როგორ შევიცვალე და მერე ამოოხვრით დასძენს: „ღმერთო, რა ულმობელია ცხოვრება, არადა, როგორი ჭკვიანი ქალი იყო“.

და მერე მე ძალიან, ძალიან ავად გავხდები, ისე ავად, რომ ყველა ჩემი სირცხვილი დამავიწყდება და უკვე ისე თავზარდამცემად შემეშინდება სიკვდილის, რომ ამ შიშზე ხმის ამოღებასაც ვეღარ გავბედავ. და გავუმართავ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას სიკვდილს და ისე ჩავებღაუჭები სიცოცხლეს, რომ ფრჩხილები დამტყდება და თითები დამისისხლიანდება, და ჩემი შვილები დაიღლებიან, და გაიფიქრებენ, „ღმერთო, ეს აღარ უნდა დასრულდეს?“, და მერე ამ ფიქრის შეეშინდებათ და უფრო სათუთად მომივლიან.

და უკვე ჩემი სიცოცხლისა და სნეულების მიწრულს ჩემი მანერები უცნაურად განატიფდება და დარბაისელი, ღირსეული ბანოვანის ქცევას დაემსგავსება და ეს ცვლილება ძალიან, ძალიან გააოცებთ იმათ, ვინც ადრე მიცნობდა. მე კი ვიჯდები ღირსეულად თავდაჭერილი და ნაზი, ქალური მოძრაობით გავისწორებ შუბლზე ჩამოვარდნილ თმას.

და მერე, ერთ მშვენიერ დღეს და ეს დღე მართლაც მშვენიერი იქნება, ხდომილებებისგან დაცლილი, მყუდრო, გამჭვირვალე და სუფთა დღე, მე დავიღლები და ავდგები და კედლისკენ გადავბრუნდები და მერე, როდესაც ჩემი შვილები ფრთხილი მოძრაობით ისევ ზურგზე დამაწვენენ, მე მექნება ყველაზე სევდიანი მზერა მთელს მსოფლიოში.

და მერე ცხელებიანს, მე სუნთქვა გამიჭირდება და ჩემი ტკვილიანი სახე და ეს გაძნელებული სუთქვა, მშობიარობის ჭინთვებს დაემსგავსება, ოღონდ პირიქით, სულ, სულ პირიქით.

და მერე მე მოვკვდები და ჩემი შვილები იფიქრებენ, რომ ძალიან იოლად გადაიტანეს ჩემი წასვლა, სანამ არ გავა დრო, რომელიც  არაფერს არ გააქარწყლებს და, უფრო მეტიც, საპირისპირო განცდას მოიტანს. და ისინი ჩემს სიკვდილში თავის მოკვდავობას გაეცნობიან და ამიტომ ვეღარასდროს მოინელებენ და აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ ოდესღაც.

და ისინი დამიმახსოვრებენ ძალიან ნათელს, ძალიან სუფთას, ძალიან მოწყალეს, ძალიან სათუთს, რადგან ყველაფერი წვრილმანი, შემთხვევითი და ცუდი დაავიწყდებათ და ეს დავიწყება იქნება ყველაზე სამართლიანი რამ, რაც კი ამქვეყნად ოდესმე მომხდარა.

20 comments:

  1. iseti martali, ubralo da basri postia.. :)

    ReplyDelete
  2. მე მექნება ყველაზე სევდიანი მზერა მთელს მსოფლიოში...

    ReplyDelete
  3. ვერც კი ვკითხულობ ბოლომდე... ძალიან მიჭირს ამის წაკითხვა. რომ იცოდე როგორი ვარ ეხლა შეგეშინდებოდა ჩემი დანახვა!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
  4. სიკვდილი, ზოგჯერ ხომ თავშესაფარია- ყველაზე საიმედო თავშესაფარი...

    ReplyDelete
  5. დამტოვა. თუ ჩამტოვა. როგორც ჰქვია, რა...
    ამ ფონზე წავიკითხე და ასჯერ უფრო საოცარი შეგრძნება დამეუფლა. რეალობის აუტანელი, მაგრამ სასიამოვნო(ც) შეგრძნება (ალბათ, მუსიკა მიწყობდა ხელს).
    ისე ვკითხულობდი, თითქოს ენციკლოპედიაში დაბეჭდილი მეცნიერულად დამტკიცებული სიმართლე ყოფილიყოს.
    თქვენ გაიხარეთ :)
    აი, მელოდიაც:
    http://www.youtube.com/watch?v=KIpt_BIrIzM&feature=related

    ReplyDelete
  6. avtoris FB daidos :))

    ReplyDelete
  7. ზურ, მადლობთ
    აი ავტორის ფბ nana zardiashvili :)))

    ReplyDelete
  8. ...და ჩემი შვილები დაიღლებიან, და გაიფიქრებენ, „ღმერთო, ეს აღარ უნდა დასრულდეს?“, და მერე ამ ფიქრის შეეშინდებათ და უფრო სათუთად მომივლიან....:(((((((((((((

    ReplyDelete
  9. ..."და როდესაც სარკეში უნებლიეთ ჩავიხედავ, ჩემი ძველებურად ახალგაზრდა და თავქარიანი სული ამ ახალ, დაჭმუჭნულ გარეკანში ჩასმულ არსებას უბრალოდ ვერ იცნობს.
    და აღარავინ შემომხედავს ყურადღებიანი მზერით, რადგან ყურადღებიან მზერას ისეთს, რომელიც უყურებს და ხედავს, მხოლოდ ახალგაზრდები სჩუქნიან ერთმანეთს. და მე ეს მზერა დამაკლდება, დამაკლდება მოგზაურობა სხვის, მეორის უცხოს თვალებში, როდესაც დრო ჩერდება და მართლა ემსგავსება მარადიულობას".
    ------
    ვაიმე,ნანა-ხომ როგორი თითქოს ასჯერ გადაღეჭილი თემაა,ტრივიალურიც და მარადიულიც ერთდროულად...
    და რა ნიჭიერი ხარ,რომ ამ თემაზე ისე წერ-კითხვისას პირველადი აღმოჩენით აღტაცების მათრობელა გრძნობა რომ არ გშორდება მკითხველს!მხოლოდ შენ ახერხებ ამას,რაც ყველას ნაფიქრი გვაქვს-იდეალური ფორმა მისცე-თავდაუზოგავი გულწრფელობის სიმამაცისა და ხალასი ნიჭის ხარჯზე!
    გაკოცე ბევრი,ჩემო ფანტასტიურო გოგო!

    ReplyDelete
  10. მაია, აი ზუსტად იმ ეპიზოდებს აღნიშნავ ხოლმე, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. :))))

    ReplyDelete
  11. ნან,ალბათ ხვდები,რომ ესეც არაა შემთხვევითი-
    აკი გეუბნები-სოულმეითები ვართ-მეთქი!:)
    ფორმულირებებიც და აქცენტებიც ისეთია-ჩემია მთლიანად!:)

    ReplyDelete
  12. მზია შანავაJune 15, 2011 at 3:53 PM

    ნანიკო, ერთ–ერთი ყველაზე მაგარი, უმაგრესი, უსაყვარლესი და ფანტასტიური რამ! გავგიჟდი! აქცენტების დიდოსტატო!

    ReplyDelete
  13. KOVELI SITKVA DA CINADADEBA IMXELA FILOSOFIAA,ROM TAVSHI KVELAFERI AMER-DAMERIA DA DAVIKARGE...:)ARADA,RA MIMZIDVELIA!!!MARTLA DZALIAN MOMCONS!:)

    ReplyDelete
  14. უსიტყვოდ...და ეგაა რომ დასასრული ზოგჯერ უფრო დასაწყისია...და აქ ეს აშკარად ვიგრძენი.
    მათე, რომელიც მაიკოა....:)

    ReplyDelete
  15. da Tu xdomileba illebs,droc cherdeba... ra aris dro meti?

    ReplyDelete
  16. როდესაც ჩემი შვილები ფრთხილი მოძრაობით ისევ ზურგზე დამაწვენენ, მე მექნება ყველაზე სევდიანი მზერა მთელს მსოფლიოში...

    ყველაფერი წვრილმანი, შემთხვევითი და ცუდი დაავიწყდებათ და ეს დავიწყება იქნება ყველაზე სამართლიანი რამ, რაც კი ამქვეყნად ოდესმე მომხდარა.

    ვაიმე, სიტყვები არ მყოფნის ისეთი ძლიერი, მძიმე და არაჩვეულებრივია!

    ReplyDelete
  17. "და მერე მე მოვკვდები და ჩემი შვილები იფიქრებენ, რომ ძალიან იოლად გადაიტანეს ჩემი წასვლა, სანამ არ გავა დრო, რომელიც არაფერს არ გააქარწყლებს და, უფრო მეტიც, საპირისპირო განცდას მოიტანს. და ისინი ჩემს სიკვდილში თავის მოკვდავობას გაეცნობიან და ამიტომ ვეღარასდროს მოინელებენ და აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ ოდესღაც."- სიტყვებით ზუსთად გადმოცემული ის განცდა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სულ მაქვს:((

    ReplyDelete
  18. ვაი, ვაიჩვენ!

    ReplyDelete
  19. eh ... ai es droc... da martla vai chven..adamianebs ...

    ReplyDelete