Tuesday, November 29, 2011

მწვანეფოთლიანთოვლიანი ხე

იმის გამო, რომ მალე აცივდა, ფოთლებმა ხეებზე ვერც გაყვითლება მოასწრო და ვერც ჩამოცვენა. და აი, ჯერ კიდევ უხვად შეფოთლილ, მწვანე ხეზე თეთრი თოვლი იდო.

 -მთელი ცხოვრება აღიარებას დაეძებს საბრალო ადამიანი, აღიარებას, ანუ საპასუხო სიყვარულს. და შფოთავს და შფოთავს და იხატავს თვალებს და წერს რომანებს და იღებს ქრთამს და ეცემა ბრძოლის ველზე და ეჭიდება ძალაუფლებას და არიგებს მოწყალებას და სჯის სიკვდილით და ასაჩუქრებს და მთლიანად, ერთიანად, ანგარებიანადაა მიჯაჭვული სხვის, მეორის აღიარებაზე, ანუ საპასუხო სიყვარულზე.


მწვანეფოთლიანთოვლიანი ხე ფანჯარაში ისე იყო გაჭედილი, თითქოს მსხვილი ხედით აიღო ოპერატორმა. ბინა სავსე იყო თოვლიანი შუქით, მაგრამ თუმოროფობის კამერა ამ უცნაურ შუქს აყალბებდა, თან აყალბებდა ყველა რეჟიმში, ავტომატურშიც და არაავტომატურშიც.

 -და ეს მიჯაჭვულობა უცნაურად გსვრის, აგრაფინა, გესმის რას გეუბნები? არააკურატულია ეს მიჯაჭვულობა იმიტომ, რომ აღიარებას ითხოვს და საპასუხო მიჯაჭვულობას. შურიც რა არის, აგრაფინა? სხვების მიერ მოპოვებული აღიარების შურია. ფული, კარიერა და ეგეთები მხოლოდ ინსტრუმენტია და მეტი არც არაფერი. სამიზნე ყოველთვის ადამიანია, სხვა, მეორე ადამიანი და მისი აღიარება. მე რამდენი ტყავი გამოვიცვალე, ხომ იცი, ბარე 10-ჯერ გამოვიცვალე ტყავი, ხან ერთს ვირგებდი და ხან მეორეს. მძიმე დროა ახალგაზრდობა ანგარებიანი ძიებითა და მიჯაჭვულობით დასვრილი.

 აგრაფინა ვულფი ნისლიან სივრცეში გარბოდა, გარბოდა სირბილისთვის, დაღლისთვის. ისეთი ბურუსი იყო, არაფერი  ჩანდა. თან ისე სწრაფად გარბოდა, მაინც ვერაფერს დაინახავდა, მხოლოდ პერიფერიული მზერით დადღაბნილ ფერად ლაქებს. სირბილისგან გადახურებული,  გამკვრივებული,  ცივი ჰაერის ჭავლს მიაპობდა და დაღლილობა ნუგეშს მოაგონებდა.

 -სულ ვიცოდი, სულ, რომ სიბერე გამათავისუფლებდა და ცივი წყლით დამბანდა პირს. სუფთა სიბერე, როდესაც აღიარება აღარ გჭირდება და გულის გახეთქვამდე გეშინია, რომ ის, ოდესღაც ასე სასოწარკვეთამდე სასურველი მეორე, ზედმეტად მოგიახლოვდება, დისტანციას  შელახავს, შეხებით  დაგირღვევს ხელშეუხებელ ჰერმეტიზმსა და დაწმენდილობას. აი მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია უთანაგრძნო და პასუხს არ დაელოდო, გასცე და უკან აღარ მოიხედო, მოუსმინო და შენ თვითონ მოსმენა აღარ მოსთხოვო, უერთგულო და ღალატმა  გული არ გაგიტეხოს.

 ის, რაც აგრაფინას თავს ხდებოდა, სიტყვებით ვერ აღიწერებოდა - ამას მოძრავი სურათი სჭირდებოდა და მუსიკა. გრძელი, გრძელი სწრაფი მოძრაობა წინ, წინ და წინ. ხომ გიყვართ ასეთი კადრები? რაღაც რომ მიქრის უგრძელეს ეპიზოდში და მიქრის და მიქრის და მიქრის.

 -უიიი, ძლივს არ მივხვდი, რა მაკვირვებდა ამ დათოვლილ ხეში? ყინვამ ფოთლებს სიმწვანე დაუტოვა და შიშველი ტოტების მაგიერ, თოვლი მკვდარ, მაგრამ მწვანე ფოთლებზე დაფენილა - ეუბნებოდა თუმოროფობი აგრაფინას, რომელიც თითქოს აქვე იჯდა დაბალ, წითელ და მყუდრო სავარძელში.

10 comments:

  1. მე რად მაქვს target with the definite bias?:))))ო, დავო, დავო, რა მაგარი ხარ? გახსოვს, სულიერ ჰიგიენაზე რომ ვსაუბრობდით? ეს არის, დავო, ის ჰიგიენა სწორედ

    ReplyDelete
  2. დავო, შენ რომ გამიგებდი, ზუსტად ვიცოდი, დავო ჩემო უსაყვარლესო

    ReplyDelete
  3. საოცარი , ნაზი, ნატიფი თუმოროფობი. თოვლივით ფაქიზი . ახალგაზრდობა- სიბერე. ეს ორი მთვავარი გაჩერება თავისი ტრასებით , ბილიკებით, ჩიხებით, "პერევალებით". მართალი ხარ, თუმოროფობ, "და ეს მიჯაჭვულობა უცნაურად გსვრის" , სულ მეშინოდა ამის აღიარების , იმიტომ რომ თურმე სულ ასე ვიცხოვრე და ამას არავინ არ მეუბნებოდა, ვერავინ. მერე უწევს საცოდავ ადამიანს ერთი გაჩერებიდან მეორემდე ნელ-ნელა დამძიმებული ბარგის ზიდვა და იწყება უსარგებლო ბარგის მოშორება. სიბერე- თეთრი თოვლი, ცივი, სრულყოფილი. მკვდარი მწვანე ფოთლები-აღიარების მოპოვებაში გატარებული ახალგაზრდობა, ხე სიცოცხლე და ზამთარი -დრო აღიარებიდან აღსარებამდე. სულ მეშინოდა თუმოროფობ შენთან შემოსვლა, იმიტომ რომ ნაღდი ხარ, მართალი, იმდენად ძლიერი ხარ , მეცოდები ამ სიძლიერისთვის. შენი ნაზი ნაზი სიძლიერე გადამდებია და ეს არაჩვეულებრივია. სულიერი ჰიგიენაც- არაჩვეულებრივია.

    ReplyDelete
  4. ვაიმე, მადლობთ, დიდი მადლობა, აღარც კი ვიცი, რა ვთქვა - მადლობთ!

    ReplyDelete
  5. ძალიან დიდ სათქმელს ამბობ, ნანა,როგორც ყოველთვის შენეული ფორმით...ყველაზე მეტად ის მხიბლავს, პატარა რომანებს რომ გვაკითხებ ორ- სამ აბზაცში.....

    ReplyDelete
  6. ნანა, არც კი ვიცი, რამდენად აცნობიერებდი წერისას,რომ ამ უმარტივეს სიმბოლოში - მწვანეფოთლიანი დათოვლილი ხე - უზარმაზარ ფილოსოფიას დებდი. პრინციპში, მიწიერი სამყაროს ფილოსოფია სულ ასე მარტივად რთულია, ამიტომაც არის ასე ამაღელვებელი შენი ნაწერები, რომ ამ ფილოსოფიას პოეზიად აქცევ. სხვათა შორის, მწვანეფოთლიანთოვლიანმა ხემ ბევრი ჩვენგანი ააღელვა, სტატუსებზეც კი ვდებდით ამ გაოცებას, მაგრამ ნოველა მასზე ისევ თუმოროფობმა დაწერა, მისი თემა იყო და, ალბათ, იმიტომ :)შენ კი ამბობდი, აღარ მეწერებაო. ხომ იცი, "გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი" :) (მაკო)

    ReplyDelete
  7. სიმქვანე და თოვლი, ახალგაზრდობა და სიბერე.. მე სადღაც შუაში ვარ და მეშინია, უნდა ვაღიარო, მეშინია. დროის, ნაოჭების და უკან მოხედვის. წინ გახედვისაც. შიში იმ ნისლივითაა სადაც შეგიძლია გაიქცე თვალდახუჭული სანამ მასში არ გაითქვიფები..
    მადლობა :)

    ReplyDelete
  8. :)))) კი, ძალიან საშიშია

    ReplyDelete
  9. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 12:11 PM

    ეს გაქცევა მომწონს...
    თოვლი მწვანედფოთლებზე....სწორედ ამ გაქცევსა ჰგავს, ოღონდ საით?.... სულ წინ, თუ სულ უკან...მე მგონი, სულერთია, საით....ყველგან მაინც შიში მიმარბენინებს.....გაჩერების შიში...აი, შენ კი აქ გამაჩერე და ამომასუნთქე...დიდი მადლობა.:)

    ReplyDelete