Sunday, October 24, 2010

წასვლა - დოკუმენტური პიესა ერთ სურათად


მოქმედი პირები (ფიზიკური და არა იურიდიული პირები)
ალოისი
თუმოროფობი - ალოისის შვილი
ასორმოცადამიანი - ალოისის ბოროტი ჰალუცინაცია
ორი პატარა ჩიტი საწოლზე - ალიოსის ლამაზი ჰალუცინაცია
ორი პატარა, ლამაზი - ალოისის საყვარელი ჰალუცინაცია
ნინა - ალოისის კეთილი ჰალუცინაცია, რომელიც ან ჭერზე დახოხავს, ან ფარდებზე


პაწაწინა ოთახი, პატარა ნათურით განათებული. ოთახში დგას სარეცელი, წამლებით დახუნძლული კომოდი და ტახტი, რომელზეც სხედან თუმოროფობი და ასორმოცადამიანი. არა, ზოგი ასორმოცადამიანი ზის, მაგრამ ზოგი დარბის და ყვირის.
 ნინა კედელზე მიცოცავს, ორი პატარა ჩიტი, რა თქმა უნდა, საწოლზე მოკალათებულა და ნათელ ფრთებს ხან შლის, ხან კეცავს. სარეცელში ალოისი წევს.
ალოისი: ნატაშააა, ნატაშააა, ირაკლიიიი, მიშაააა, თუმოროფოობ, თუმოროოოფობ!
თუმოროფობი: რა იყო, ალოის, პერეკლიჩკა გაქვს?
ალოისი, იწევს, წამოდგომა უნდა, მაგრამ ვერ დგება.
ალოისი: უნდა წავიდე... ბავშვები... სახლში... ბავშვები... სახლში... უნდა წავიდე...
თუმოროფობი: სად უნდა წახვიდე, ალოის, სახლში ხარ, სახლში.
ალოისი:უნდა წავიდე... ბავშვები... სახლში... ბავშვები... სახლში... უნდა წავიდე...
თუმოროფობი: გააჩერე ხელები, ალოის, რას აკეთებ, რატომ იხდი საბანს. ალოის, მოდუნდი, მოდუნდი, რატომ ხარ ასე გახევებული... ვინაა იქ ზევით, ვის მაჩვენებ?
ალოისი (ალერსიანი ღიმილით): ნინა!
თუმოროფობი: ნინა კარგია?
ალოისი: კიიიი!
თუმოროფობი: კიდევ ვინაა აქა, ალოის?
ალოისი (დამფრთხალი): ასორმოცადამიანი... მეშინია, გააგდე.
თუმოროფობი: ბოროტია?
ალოისი: გააგდე! უნდა წავიდე... ბავშვები... სახლში... ბავშვები... სახლში... უნდა წავიდე...
თუმოროფობი დგება, სარეცელს უახლოვდება.
ალოისი: ვაიიიი, ვაიიიი, ვინა ხარ შენა?
თუმოროფობი: მე ვარ, ალოის, რა იყო, რა იყო, გეშინია ჩემი?
ალოისი: კიიიიი, ნინაააა, ნინააა, გააგდე ესა, გააგდე!
ნინა ფარდას ხელს უშვებს, იატაკზე ხტება და თუმოროფობს უტევს.
ნინა: წადი რა, წადი, ვერა ხედავ არ უნდიხარ.
თუმოროფობი: მე მაგდებ? შენ ჯობია ასორმოცადამიანს მიხედო.
ორი პატარა ჩიტი საწოლზე: წადი, წადი აქედან, წადი!
ორი პატარა, ლამაზი: წადი, თუმოროფობ, არაა აქ შენი ადგილი, წადი. ვეღარ ვეტევით ხომ ხედავ.
თუმოროფობი: არა, ასორმოცადამიანს ვერ უბედავთ და მე დამჩაგრეთ, არა? თქვენა გქვიათ კეთილი ჰალუცინაციები? აი წავალ და თქვენ მიხედეთ მერე ამ საცოდავს.
ნინა: წადი, წააადიიი, წააადი!
თუმოროფობი იხრება, ალოისს კოცნის, გაუჩერებლად მოძრავ ხელებს დაუჭერს და ფრთხილად დაულაგებს საბანზე. მერე სწორდება, ფანჯარასთან მიდის, ორი პატარა ჩიტი მხრებზე დააფრინდება, ერთი მარჯვენა მხარზე მოიკალათებს, მეორე -მარცხენაზე.
თუმოროფობი:
არ ედგომება, წასვლა უნდა, ვეღარ ჩერდება.
თვით წასვლა არის მისი შინ და ნავსაყუდელი...


ღამდება, ასორმოცადამიანი ბოროტად ხორხოცებს და გადაქანცულ ალოისს არ აძინებს, ის ხელებით იგერიებს, მაგრამ ამაოდ. ნინა ალოისის დაცვას ცდილობს და ასორმოცადამიანს თავზე ახტება, ორი პატარა, ლამაზი მწარედ და უსასოოდ ტირის, ორი პატარა ჩიტი საწოლზე ნათელ ფრთებს შლის და კეცავს, შლის და კეცავს!

8 comments:

  1. "არ ედგომება, წასვლა უნდა, ვეღარ ჩერდება.
    თვით წასვლა არის მისი შინ და ნავსაყუდელი..."
    ოხ!:(

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგია,ნან!

    ReplyDelete
  3. იცი რა არის ყველაზე უცნაური? ეს ხომ აბსოლუტური რეალობაა!!!

    ReplyDelete
  4. დოკუმენტური რეალობა, თორნიკე. დღეს ნანა ტრაპაიძესთან მიმოწერაში აღმოვაჩინე, რომ დედაჩემმა ემპირიული რეალობა უკან მოიტოვა და მხოლოდ წმინდა გონებით ცხოვრობს - რეალურია მხოლოდ ის, რაც მის თავში ხდება, ჩვენ, ემპირიული ობიექტები აჩრდილებად ვიქეცით :)

    ReplyDelete
  5. ძალიან მომეწონა. ესეც ცხოვრების ერთგვარი წესი ყველაფერი ზედმეტი ანუ წარსული გაქრა და დარჩა შეგრძნებები. თუმცა ხშირად შემაწუხებელი. ალბათ უკეთესია, როდესაც მხოლოდ სასიამოვნო ჰალუცინაციები დარჩება.

    ReplyDelete
  6. არა მხოლოდ ამგვარი წასვლა არ მიყვარს, არამედ, ზოგადად, წასვლა. ძალიან სევდიანი და აუტანელი განცდაა, მით უმეტეს, როცა სამარადისოდ მიდიან. აქ კი ყველაფერი ათასჯერ უფრო მძაფრია, თუმცა, მაინც ლირიკული და ლამაზი

    ReplyDelete