Monday, December 12, 2011

ბეწვი 2

კარზე ზარი დარეკეს.
 -ღიაა, შემოდით - გასძახა თუმოროფობომა.
 

-გულიკო ვარ, თუმოროფობ, მონაცემები უნდა ავიღო მრიცხველიდან - ქაქანით შემოაღო კარი გულიკომ და უცებ გაოცებისგან დადუმდა. ყველაფერი, ყველაფერი თუმოროფობის ბინაში ზევით, ჰაერში, ბეწვზე ეკიდა: ბეწვზე ეკიდა მოწითალო კედლის კარადა და თელისფერი მაგიდა, ნაცრისფერი გაზქურა და წიფლისფერი სკამები, ნაცრისფერი ტახტები და წითელი სავარძლები, თეთრი ლეპტოპი და შავი ტელევიზორი. რაც მთავარია, წვრილ, გაცრეცილ ბეწვზე ეკიდა თავის უზარმაზარ თბილ ხალათში გამოწყობილი თუმოროფობიც, ჭერში ეკიდა და სასაცილოდ აქნევდა ფეხებს და ხელებს.


 -რა ხდება, გოგო... ეს რა დაგმართნია

-ჰო, რა ვიცი, აბა გულიკო, ისიც არც ვიცი, სად დავრეკო, სასწრაფოში, თუ სახანძროში. აი ასე უცნაურად ჩამოვეკიდე ბეწვს და ვკიდივარ და ვკიდივარ.

 -გოგო, ჭამე რამე მაინც?

-კი, ვმოძრაობ, გულიკო, ჭამასაც ვახერხებ, მაგრამ აი ასე ვცხოვრობ ბეწვზე ჩამოკიდებული და რა ვიცი აბა...

 -ერთი მიდი, მრიცხველთან ოქრო, მაღლაა და ვერ დავინახავ.

-ახლავე გულიკო, მოიცა.

თუმოროფობი ჰაერში ფართხალს მოყვა, წვალებით მიიკვლევდა გზას და თან ბეწვს ექაჩებოდა.

 -ფრთხილად, გოგო, არ გაგიწყდეს - შესძახა გულიკომ

 -ერთხელაც იქნება, გაწყდება, გულიკო, აბა არ გაწყდება? თან გავსქუდი ძალიან და როდემდე გამიძლებს? - უპასუხა ქოშინით თუმოროფობმა და მრიცხველს ჩააშტერდა- შავზე რომ რიცხვებია, ის გინდა არა, გულიკო?

 -ჰო, გენაცვალე, როგორც ყოველთვის - დაეთანხმა გულიკო და ბლოკნოტი საქმიანად გადაშალა.

-4481. აბა ნახე ერთი, დაახლოებით რამდენისაა?

-81? ასე 80 ლარამდე - იქნება, ამოსძახა ლოყაწითელმა და ფუშფუშა გულიკომ.

-ერთი ეს ზამთარი გაივლიდეს მალე, აღარაა ჯანი - უპასუხა თუმოროფობმა და შიშით ახედა ბეწვს, რომელიც თითქოს კიდევ უფრო დაწვრილდა.

-ღამე ვერ დაწვები, გოგო? - დარდით ხმაში ჩაეკითხა გულიკო და კარისკენ წავიდა.

 -დავწვები, როგორ ვერ დავწვები, საწოლიც ბეწვზე კიდია ჩემი - დააწყნარა გულიკო თუმოროფობმა - აღარ გაგაცილებ, გენაცვალე, კარი გამოიკეტე რა.

- რა სასაცილო გოგო ხარ შენა, ყველაფერი შენ როგორ უნდა დაგემართოს. - სიცილით გამოეპასუხა გულიკო და ბრააახ, კარი მოიჯახუნა.

ფანჯარაში ქარიანი ღამე იყო. შიშველი ხე ისტერიულად იქნევდა ტოტებს და ფარანი კი ჭრიალებდა და ჭრიალებდა და გახუნებულ ყვითელ სინათლესაც ქარის მოძრაობებს აყოლებდა.

 -ნოჩ, ულიცა, ფანარ, აპწეკა - გაიფიქრა თუმოროფობმა.

9 comments:

  1. გოგო–ჯან, რა მაგარი ხარ, ბლინ!

    ReplyDelete
  2. ნანიკო, ყოველი ახალი თავი მახარებს და მაშინებს... ლიტერატორის პოზიციიდან კი არ ვკთხულობ, ვკითხულობ, როგორც სახიფათო რეალობას და მეშინია. საერთოდ, ვერ
    ვიტყვი, რომ თუმოროფობი ვარ, მაგრამ აქ ნამდვილად ფობიას ვყავარ აყვანილი. თოკები უნდა მოგაშველო, სანამ ბეწვი გაგწყდომია <3 (მაკო)

    ReplyDelete
  3. ვაა, თუმოროუფობ, რა მაგარი ხარ, შენ აღმოაჩინე, რომ ბეწვზე ჰკიდიხარ....დანარჩენები ძირს დაცემულები რომ ვართ და ძლივს დავხოხავთ...ვერ ვაცნობიერებთ...

    ReplyDelete
  4. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 3:06 PM

    არ გაწყდეს რა... ეგ შენი ბეწვი...სულ ცოტაცა...ცოტაცა და..... შენ უკვე ფრენა იცი, უბრალოდ ვერ იჯერებ....
    არ გაწყდეს, რა ეგ ბეწვი....

    ReplyDelete
  5. როგორ მომწონს !! არც კი ვიცი როგორ გამოვხატო !

    ReplyDelete
  6. The Best თუმოროუფობ!!!!!

    ReplyDelete