Tuesday, August 9, 2011

მონატრება

თუმოროფობს ალოისი მოენატრა და მოენატრა აგრაფინაც. ისე მოენატრა, რომ დაღლა გადაწყვიტა. მაგრამ დაღლას სათანადო გარემო სჭირდებოდა - დიდი ქარი და კოკისპირული წვიმა. დიდი ქარი თუმოროფობს გულს გაუგრილებდა და რიგიანად მიუსუფთავ-მოუსუფთავებდა, წვიმა თუმოროფობს თვალებს დაბანდა და ფოკუსს გაუსწორებდა.

და დაელოდა თუმოროფობი სავსე მთვარეს, რადგან აგრაფინასა და ალოისის მონატრებასთან  ბრძოლა, ცხადია, მხოლოდ სავსე მთვარით განათებულ, გვიანი შემოდგომის ღამეშია შესაძლებელი. ჰოდა, როდესაც დადგა გვიანი შემოდგომის სავსემთვარიანი, ქარიანწვიმიანი ღამე, თუმოროფობი ფართო შავ მოსასხამში გაეხვია, ლოჯიის ფანჯრის რაფაზე ახტა, ერთი ამოისუნთქა და ღამეში ისკუპა.


თუმოროფობი მიდიოდა და მიდიოდა. წვიმა სახეში სცემდა, ულმობლად სცემდა. ქარმაც სასტიკი ომი გაუმართა, მთელი ძალით ებრძოდა, ნაბიჯს არ ადგმევინებდა, სიარულს არ ანებებდა, მაგრამ თუმოროფობი მიდიოდა და მიდიოდა, რადგან მონატრებას მარტო ისეთი დაღლა აცხრობს, რომელიც დასვენებას შვებასავით გჩუქნის, გაგარინდებს და გაგაყუჩებს.

მერე, მოგვიანებით, თუმოროფობი ვეღარ იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა დიდი დიღმიდან, საკუთარი კორპუსის ლოჯიიდან ნაშუაღამევს გადამხტარი, გამთენიისას დიდი, ძალიან დიდი ზღვის ნაპირას. უკაცრიელი სანაპირო, ჩამცხრალი ავდარი და დაქანცული, ჩაშოშმინებული, თვალდაბანილი და გულდაწმენდილი თუმოროფობი. მთვარე აღარ ჩანდა, აღარც წვიმდა, აღარც ქარი ქროდა და იდგა მშვიდი, ადრიანი ნათელი. შშშშშშ, შშშშშშშშ - ოდნავ ღელავდა  ნაწვიმარი, ცოტა მოღუშული, ნაცრისფერი და ამიტომ კიდევ უფრო ლამაზი ზღვა. და უცებ თუმოროფობმა, ასე ორასიოდე წყრთის მოშორებით, მიწაზე ნაკვერცხლები დაინახა, ხოლო ზედ თევზი და პური.

10 comments:

  1. შიშველი, ნერვივით შიშველი ემოცია: აუტანლად მტკივნეული და ტკივილის დაამებაც.

    ReplyDelete
  2. გენიალურია! ასეთი სიყვარულისა და მონატრებისას აწვდის უფალი ადამიანს თევზსა და პურს, გენიალურია!ასეთი რწმენისას გადიან წყალზეც, არა, პოლკოვნიკო?!:)

    ReplyDelete
  3. ნანა, შენი ტექსტები ადამიანის, ადამიანობის მიმართ გამოცხადებული ნდობაა. წმინდა ნდობა, რომელიც უფრო ღრმა, ძირისძირის მწვდომი ცოდნაა, ვიდრე, უბრალოდ, კეთილი ოპტიმიზმი. ტრაგიზმის განცდის გარეშე არ იბადება ასეთი ნდობა. არც იმ რწმენის გარეშე, რომ ღმერთი ადამიანის ყოველწუთიერი არჩევანია და რომ არჩევანი ჩემს გარეთ კი არა, ჩემშია.

    არიან შრომის რაინდები, ომის რაინდები, და არიან ამგვარი ყოველწუთიერი არჩევანის რაინდები. ეს ყოველწამიერი ომია ქარიშხალთან, სრულიად უიმედო, სრულიად შეშლილი და სრულიად მშვიდიც. ომი, რომლის საზღაური მხოლოდ დაღლაა, თევზის და პურის მომტანი დაღლა....

    ნანა

    ReplyDelete
  4. http://www.youtube.com/watch?v=tOKIHzd7sZM&feature=related

    ReplyDelete
  5. სიტყვები არ მყოფნის! ძალიან დიდი მადლობა!

    ReplyDelete
  6. თევზი და პური! :) რა კარგი ხართ ნან. გონებას წმენდს წვიმაში გასვლა.....

    ReplyDelete
  7. "ორასიოდე წყრთის მოშორებით,"- ai es "წყრთის" rom ar dagetsera nana ha? sxva citkva xom araprit ar mouxdeboda aq? :)<3
    რადგან მონატრებას მარტო ისეთი დაღლა აცხრობს, რომელიც დასვენებას შვებასავით გჩუქნის, გაგარინდებს და გაგაყუჩებს.
    ra kargi xar gogoni:( :*
    marina :)

    ReplyDelete
  8. ძალიან მიყვარს ეს მონატრება,ეს გარინდება ...თითქოს მშვიდიც და არმშვიდიც...და საჩუქარი ღმერთისგან: თევზი და პური, არასოდეს შემოგვლეოდეს ეს საზრდო!

    ReplyDelete
  9. თუმოროფობი დღეს აღმოვაჩინე.დავმუნჯდი!

    ReplyDelete
  10. ბრავო ! ზუსტად ეს გვინდა ეხლა ჩვენ - "თევზი და პური "

    ReplyDelete