Saturday, October 1, 2011

თუმოროფობი, თუმოროფობი და დაკარგული მნიშვნელობები

თუმოროფობმა იმდენი ილაპარაკა, იმდენი ილაპარაკა, რომ ერთ დღესაც სიტყვებისადმი ნდობა დაკარგა. მაგალითად, წარმოთქვა სიტყვა „ფსევდონიმი“ და უცებ მიხვდა, რომ საერთოდ არ იცის რას ნიშნავს ეს სიტყვა, ამიტომ ისიც არ იცის, სწორად წარმოთქვა და საჭირო მომენტში, თუ ყველაფერი აურდაურია.
ამიტომ თუმოროფობმა სიტყვების შემოწმება დაიწყო - დაიდო გვერდით განმარტებითი ლექსიკონები და ყველა სიტყვის მნიშვნელობას იჭვნეული თვალით ამოწმებდა. ამ დაკარგულმა მნიშვნელობებმა ისე დაღალა, რომ გადაწყვიტა თუმოროფობს ამაზე პირდაპირ და დაუყოვნებლივ დალაპარაკებოდა. მადლობა ღმერთს, რიცხვები მისთვის ჯერ კიდევ იმას ნიშნავდნენ, რასაც დანარჩენებისთვის, ამიტომ თამამად აკრიფა ტელეფონის ნაცნობი ნომერი და პასუხის მოლოდინში ერთი, მაგრამ ძალიან ღრმა ნაფასი დაარტყა.
 -ტუუუუუუ, ტუუუუუ, ტუუუუუ.... ალო, გისმენთ.
-თუმოროფობ, შენა ხარ?
-კი, მე ვარ, თუმოროფობ.
 -ვერ გიცანი ხმაზე.
-ცხადია, ვერ მიცნობდი - პირველად ვლაპარაკობთ ტელეფონით.
-სერიოზული საქმე მაქვს შენთან.
 -მაშინ შევხდეთ, არ გინდა?
-არა, ეს ტელეფონით სალაპარაკო სერიოზული საქმეა.
-მე მივხვდი, რატომ მაქვს ცოტა ნივთი, მივხვდი რატომ არ ვაგროვებ ნივთებს, თუმოროფობ. ისე ვცხოვრობ, თითქოს სტუმრად ვარ და აქედან მალე უნდა წავიდე - აქაქანდა სხაპასხუპით ტელეფონის  ხაზის მეორე ბოლოს თუმოროფობი - შემოდგომა დადგა და დაბანგული დავდივარ, ბანგმორეული, შვებითამოსუნთქული, თითქოს ჩემი აპელაცია შეწყალებაზე იქ, ხომ ხვდები სადაც, წაიკითხეს და დადებითი რეზოლუცია დაადეს. გავჩუმდი და ისე სუფთად ვარ, თითქოს ცხელ აბაზანაში ვიწექი ორი საათი. წარმოთქმული სიტყვებით აღარ ვისვრები, ხომ ხვდები, რასაც ვამბობ.
-მისმინე, თუმოროფობ, მისმინე-მეთქი, მე დაგირეკე, შენ კი არა, სერიოზული საქმე მაქვს შენთან, ალო, ალო, ალოოოოო!!!!
თუმოროფობს თუმოროფობისა არა ესმოდა რა, ქაქანებდა და ქაქანებდა.
-იმ დღეს მკითხეს სიბერეზე, უიმედობაზე და უოცნებობაზე მკითხეს, განა გასაძლებიაო? მე კიდევ ვერ გავეცი პასუხი, სიტყვებმა მიღალატეს, როგორც ყოველთვის. არადა, სიბერის სისუფთავეზე მინდოდა მეთქვა, როცა ვნებები ჩამცხრალია და აღარაფერს ეძიებ, როცა სქესი, თავისი ოხშივარით ქრება და მას მიჰყვება ყველა ანგარება, როდესაც მეორე ადამიანისგან აღარაფერი გინდა, აღარ აფრინდები ხარბი კლნაჭებით, აღარ ეჭიდები, როგორც ხავსს და ამიტომ უფრო გიყვარს, ვიდრე მანამდე.
 -თუმოროოოოოფოოოობ, თუმოროოოოოფოოოობ, თუმოროოოოოფოოოობ!!!!! მისმინე-მეთქი. სიტყვების მნიშვნელობები დამეკარგა, იმიტომ დაგირეკე და სიტყვა არ მათქმევინე, სიტყვა!!!
 -და რა აზრი აქვს სიტყვების წარმოთქმას, თუ მნიშვნელობები დაგეკარგა, არ გადამრიო. ტუ, ტუ, ტუ, ტუ...

2 comments:

  1. http://www.youtube.com/watch?v=aEj-mrwwaxo

    ReplyDelete
  2. ჰო, სიტყვები ხშირად გღალატობენ ადამიანს, შენ სულ სხვა რამეს ამბობ და მსმენელს სულ სხვა რამე ესმის. მშობლიური ენა შეიძლება იქცეს ისეთ "უცხო ენად", რომლისაც არაფერი არ გაგეგება

    ReplyDelete