Wednesday, August 25, 2010

ყოველდღიურობის პირველი და შესაძლოა ბოლო გაკვეთილი, რომელიც პოლკოვნიმა აგრაფინა ვულფმა დედამისს, თუმოროფობს ჩაუტარა (მონოლოგი)

მისმინე, თუმოროფობ, ნუ ელოლიავები ამ შენს შფოთს, პატარა შვილივით ნუ უვლი და ნუ ზრდი, არ გინდა-მეთქი. იცი, რა გააკეთე? ყოველდღიურობაზე ინადირე. ღმერთი ყოველდღიურობაში ამჟღავნებს თავს, არ უყვარს არაფერი პომპეზური.
როცა რაღაც თავზარდამცემი ხდება და ყოველდღიურობა ქრება, ღმერთი კედლისკენ პირშექცევით წვება, თვალებზე ხელაფარებული, შენი შვილივით, რომელსაც ”იქს-ფაილების” ეშინოდა, ხო გახსოვს, არ გახსოვს? მისმინე, რას აკეთებ, რას აკეთებ? როგორ დადიხარ, მარტო ფეხქვეშ რატომ იყურები? გახსენი ფოკუსი, უგოლნიკი ჩაიყენე მაგ თვალებში, თვალსაწიერზე გელაპარაკები, შეხედე გზაზე ხეები დგას და შრიალებს... არ გახსოვს ბებიდასთან სკამზე რომ იჯექი, ჭიშკართან, ზაფხულის ქარიანი ღამე რომ იყო, ხე რომ შრიალებდა: შშშშშშშშშშშშშშშშშშშშ,შშშშშშშშშშშშშშშ და ქუჩის ფარანი  ქარზე ირწეოდა და ხეს ანათებდა. ჩრდილები გახსოვს? აი ეგაა, ეგაა!

მისმინე, მე მოგიყვები როგორ უნდა ინადირო ყოველდღიურობაზე, რადგან ყოველდღიურობის სევდიან მშვენიერებაშია მხოლოდ გადარჩენა: წადი კაფეში, ოღონდ სვეცკი კაფეში არ წახვიდე. ამ „პარდივინუტებს“ყურს ნუ უგდებ, ბოდავენ ეგენი... ღმერთს მდიდრები იმიტომ არ უყვარს, რომ ფუფუნება მუდმივი დღესასწაულია და ყოველდღიურობას აქრობს, ფილტრს ადებს რეალობას. იმიტომ იხოცავენ მერე თავებს. მაგათ ნადიმებს რა აზრი აქვს? სულ ნადიმში ცხოვრობენ. ნადიმი პაუზა უნდა იყოს, მონატრებულის დაგემოვნება, ეგენი კი ერთი ნადიმიდან მეორეში გადადიან. ფუფუნება მართლა სატანისაა, სატანას მასწავლი მე შენ -გოიმი რეპერივითაა-კლიპში თუ გადასარევი ინტერიერი არ აჩვენა, ვერ ისვენებს. სატანა მარადიული ნუვორიშია, ძაან უგემოვნო ტიპია. აი  ღატაკთან უფრო შეაბიჯებს ყოველდღიურობა, თუ სახლი კარგად დაალაგა და ქაოსი წესრიგად აქცია.

მოკლედ შედი კაფეში იმ დროს, როცა უკვე იხურება და ცარიელია. უკვე რომ მოდუნდა მომსახურე პერსონალი. შუქი რომ აანთეს,ჯერ არ ალაგებენ, მაგრამ ჰა და ჰა.ჩაი აიღე და ტორტი. ოოოოო რა შუაშია მადლენის ბისკვიტი, ოოოოო კარგი რა! ჩაი და ტორტი ბავშვობაა ზოგადად, ძაან მაგარია. დაჯექი და ნელა დალიე და ჭამე და მომსახურე პერსონალის ღლაბუცს უყურე. ძალიან ხშირად არიან ლამაზები და ახალგაზრდები. ამ დროს კი ვიტრინებს მიღმა ბინდი ჩამოწვება და ვაბშე გაასწორებს.

კიდე კვირას დილით იცის ყოველდღიურობამ მოსვლა,თუ შაბათს სახლი კარგად დაალაგე და დილით მაგიდას და ჭიქებს მზე მიადგა... ბულიონიც თუ მოხარშე ამ დროს და ბინაში უბრალო სადილის სუნი დატრიალდააა, მაშინ ხომ საერთოდ გადასარევია... კიდე ღამითაც იცის ყოველდღიურობამ მოსვლა, ფარდებზე მოშრიალე ხე რომ ირეკლება.

დედა-ქალები დაატარებენ ყოველდღიურობას, ყველაზე უბრალო დედა-ქალები, კრუხებს რომ ეძახიან, ეგენი არიან სამყაროს მთავარი პერსონაჟები, არავინ რიგიანად რომ არ უყურებს და ვერავინ რომ ვერ ხედავს იმიტომ, რომ რაც არ უნდა ბევრი იქაქაქონ, თავის თავზე არაფერს ამბობენ და მერე მომაკვდავები ასე ბოდავენ: „ბავშვმა საბანი გადაიხადა, ვაიმე, დააფარეთ, დააფარეთ, ვაიმე, გადაიხადა“.

ჰო, საკუთარ მომაკვდავებს თვითონ უნდა მოუარო, განა არ დაიხმარო ვინმე, დაიხმარე, მაგრამ მთავარ გამოცდას ამ დროს აბარებ, სხვის სხეულს თვალი თუ არ გაუსწორე, შენი მომაკვდავის ლორწოში თუ არ დაგესვარა ხელი და განავლის ჩამორეცხვა თუ არ მოგიხდა, ფეილდ ტიპი ხარ, გინდა არსებობდეს ღმერთი და გინდა არა, რადგან ყველა ერთმანეთისთვის ვკვდებით: ბებაიშენი დედაშენისთვის მოკვდა, დედაშენი - შენთვის, შენ-შენი შვილებისთვის და თუ ეს ციკლი არ დაირღვა, ღმერთი კედლისკენ არ გადაბრუნდება და პატარა, შეშინებული ბიჭივით თავზარდაცემული სახეზე ხელებს არ აიფარებს.

14 comments:

  1. გენიალური ხარ!

    ReplyDelete
  2. მე-5დ ვკითხულობ მგონი და ისე სასტიკად მომინდა დედაჩემისთვის მოვკვდე:(((( დედაჩემი ჩემს გამო გახდა დედა-ქალი.. ყველაფერი მომცა და მე ამ ყველაფერს თვალს ვერასოდეს გავუსწორებ:(
    <3

    ReplyDelete
  3. ოი, ოი, რა კარგია ის, რაც ახლა წავიკითხე, რა საწყენია, რომ არ ვიცი ვინ დაწერა :(((

    ReplyDelete
  4. შედევრი!!!

    ReplyDelete
  5. მაია - :)))) შედევრი :D

    ReplyDelete
  6. მაგარია. მაგრამ ბინდის ყოველდღიურობა სატანისააო, ამბობენ. )))

    ReplyDelete
  7. vin aris es adamiani? ra bednierebaa vigatsas rom ukhvars ubralo sadilis suni suphtad dalagebul ubralo sakhlshi... ra bednierebaa... namdvilad agar shemeshindeba , rom gmerti sheshindeba an gaibuteba da kedlisken miiqtsevs sahes.
    madlobt ...( gimilnarevi tssremlebi ar vitsi rogor unda davkhato :-):-( )

    ReplyDelete
  8. ოიიი, ახლა ვნახე ბოლო კომენტარი. ეს ადამიანი მე ვარ :)))) თქვენ დიდი მადლობა

    ReplyDelete
  9. <3 <3 <3 i ve no words

    ReplyDelete
  10. 3-jer wavikitxe...samjerve chamivarda ena da samiveje cremlarevi gimili shemrcha saxeze...


    Qalbatono nana,genialuri xart :))

    ReplyDelete
  11. მადლობთ, საყვარელო მეგობრებო :))

    ReplyDelete
  12. ნანა,მთქნარებით ვკვდები უშენოდ ფბ-ზე:(((
    მოდი რაააა?!
    შენი ბ.ა.:)

    ReplyDelete
  13. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 1:17 PM

    დედა ქალები.... ღმერთო, არ გადაბრუნდე რა თვალებზე ხელებაფარებული...რამდენჯერაც წავიკითხე, იმდენჯერ დავბრუნდი ბებოსთან...რძიან ჩაის რომ მასმევდა, იმ ბავშვობაში.....:)და ახლა სადღაა ეგ მშვენიერი ყოველდღიურობის სიხარულები...მხოლოდ სიზმარში.... და გავრბივართ და გავრბივართ..... ნეტა, საით და რატომ....

    ReplyDelete
  14. oh ra dznelia dedaqaloba, mec vdedaqalob rogorc shemidzlia, bavshvobashi ar miyvarda dedaqalebi da vnerviulobdi mec aseti unda gavxde metqi? mara mere yvelam es moitxova chemgan da mec davemorchile. turme gmertic amas itxovs , madlob , rom gamagebinet, exla agar moviwyen mainc(naochi)

    ReplyDelete