Sunday, September 11, 2011

თუმოროფობი, რომელიც აღარ არსებობს

ზამთრის ერთ ძალიან, ძალიან თბილ საღამოს, აი ისეთ საღამოს, გაზაფხულის წინათგრძნობა რომ ტრიალებს, მოულოდნელი სითბო ყველას რომ ქუჩაში გამოიყვანს და ხმამაღალი ჟრიამული მიხურული ფანჯრების მიღმაც რომ შეაღწევს, თუმოროფობი წვეულებაზე წასასვლელად გაემზადება. გამოიღებს ყველაზე, ყველაზე ლამაზ კაბას და გამხდარ, მსუბუქ სხეულზე მოირგებს.

მერე სარკესთან ჩამოჯდება, ფანქრის კონტურს გაიტარებს შავ თვალებთან და ოსტატურად შეჭრილ მუქ წაბლისფერ, მბზინვარე თმას, რომლის სიმძიმეც სასიამოვნო ტვირთად დააწვება მაღალ შუბლზე, ლამაზად დაილაგებს. მერე ხის ზარდახშას გახსნის, იქიდან მძიმე, ვერცხლის საყურეებს ამოიღებს და გაიკეთებს. მერე ჯადოსნურად არომატულ სუნამოს იპკურებს, რომელიც რატომღაც გაახსენებს ჯერ კიდევ თითქმის არარსებულ წარსულს და ჯერ კიდევ არმოსულ მომავალს.

როდესაც სახლიდან გამოვა, ეზოში ისევ ჟრიამული იდგება და ხალხმრავლობა იდგება და გაზაფხულის წინათგრძნობა იდგება და ის მსუბუქად გადადგამს მაღალქუსლიან ნაბიჯებს მზიანი ჩრდილებით მოხატულ ძველ ეზოში და საკუთარი ნელსაცხებლებისა და სუნამოს სურნელება  სასიამოვნოდ გააბრუებს: გამოპრანჭული თუმოროფობი, სადღესასწაულო თუმოროფობი, გაკრიალებული თუმოროფობი, გახარებული თუმოროფობი, კაბიანი თუმოროფობი, მომლოდინე თუმოროფობი, გამხდარი თუმოროფობი, აფორიაქებული თუმოროფობი, მაღალქუსლიანი თუმოროფობი, თუმოროფობი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მომკვდარა.

4 comments:

  1. http://www.youtube.com/watch?v=MBW5a77wINQ&feature=related
    http://www.youtube.com/watch?v=WClMRAlRYk4&feature=related

    ReplyDelete
  2. რა ხდება,რატომ აღარ არსებობს თუმოროფობი, შიში დაძლია თუ საკუთარ თავს უღალატა?!

    ReplyDelete
  3. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 11:29 AM

    ...მგონი, მომავალი აღარ არსებობს...სულ წარსულშია ყველაფერი, აწმყოს გამოტოვებით...რომელიც უსასრულობამდე დაპატარავდა....

    ReplyDelete