Tuesday, September 14, 2010

რა გადაურჩა ალოისის სნეულებას


რა გადაურჩა ალოისის სნეულებას იმ დროს, როდესაც ერთმანეთისგან უკვე ვეღარ არჩევდა: ტელევიზორს და კოვზს, მაგიდას და ჭიქას, ბიჭს და გოგოს, შვილს და დედას, გარდაცვლილი ქმრის სურათს და გარდაცვლილი პაპის სურათს.

ალოისის სნეულებას გადაურჩა:
ღირსების განცდა
სტუმართმოყვარეობა
თვითირონია
იუმორის გრძნობა
დედა-ქალობა
და კიდევ რაღაც

ღირსების განცდა

უკვე ბნელდებოდა, როდესაც ალოისს შარდსადენში კათეტერს უდგამდნენ. გარეთ წვიმდა, თუმოროფობს მისი თავი ეჭირა და სამი ექიმი ქალი ვერაფრით მორეოდა ალოისის დაჭიმულ, დაძაბულ და გახევებულ სხეულს.
-მომინათე, მომინათე
-არა, მე მიმიშვი, მე
-დამაცადე, მომინათე
-ზეთი, ზეთი დაამატე
-Какой позор, какое унижение, какой стыд! - იმეორებდა გაუთავებლად ალოისი, თუმცა არფრით უშლიდა ხელს ექიმებს და მედგრად უძლებდა ტკივილს.
-კარგი, ალოის, კარგი, რა მოხდა, ესენი ხომ ექიმები არიან
-Какой позор, какое унижение, какой стыд! - განიცდიდა ალოისი სხეულის ასეთ ურცხვ თარეშს და ჩუმად და მონოტონურად ამ სიტყვებს იმეორებდა.
მერე კი თავის შვილს, თუმოროფობს შეხედა და საოცარი ცნობისმოყვარეობით ჩაეკითხა:
-შენ ვინა ხარ, გოგონი?

სტუმართმოყვარეობა

ალოისის ოთახი სავსე იყო მოჩვენებებით, მოჩვენებებით კი არა, იმ არსებებით, ვინც ეჩვენებოდა. მაგალითად მოდიოდნენ ვიღაც სქელები და საშინლად აშინებდნენ. ამიტომ ალოისი ყვირილს იწყებდა:
-თუმოროფობ, აგრფინა, ვალიკო, ტანეჩკააა., ნატაშა!
აი თუმოროფობიც შემოვიდა და ვიღაც სრულიად უცნობი ახალგაზრდა გოგო შემოიყვანა - სტუმარი!
-შენ გენაცვალე, რა ლამაზი ხარ - გადაწვდა ალოისი გოგოს ხელს, აკოცა და მერე თუმოროფობს მკაცრად ჰკითხა:
-აჭამეთ ამ გოგოს? აჭამეთ ჩქარა, ღმერთო რა ლამაზი ხარ!
აბა რა - სტუმარს უნდა აჭამო, ტკბილად შეხვდე, მადლობა უთხრა და მოასვენო. ალოისს ძალიან ბევრი რამე არ ახსოვდა, მაგრამ ეს ახსოვდა ძალიან კარგად და ყველა სტუმარს ძალიან, ძალიან თავაზიანად ეუბნებოდა:
- მადლობთ, რომ მოხვედით.

თვითირონია

-ტი მოია უმნიცა, ტი მოია უმნიცა - უჩლექდა ენას შტერი თუმოროფობი ალოისს
-უმნიცა - ჩაიცინა ალოისმა - უმნიცა ნა პოპე პუგოვიცა!

იუმორის გრძნობა

-ბე ბე ბე ბე ბე - გამოაჯვარა ალოისმა აგრაფინას ლაქლაქს
-რატომ მაშაყირებ, ალოის?
-იმიტომ, რომ შაყირი მხიარულებაა - იყო პასუხი.

დედა-ქალობა

-ვაიმე, ბავშვებმა გადაიხადეს, დააფარე, დააფარე, გოგო შესცივდება... არა, უნდა ავდგე, ავდგე, რას ვაგდივარ, უნდა ვაჭამო, მშივრები არიან.
-კარგი, ალოის, რა მოგივიდა, არავინ არ გადაიხადა.
-ნამდვილად იცი? არ გაცივდნენ ბავშვები, არ გაცივდნენ.
-ალოის, დაისვენე, ალოის
- დავისვენო? გადაიხადეს ბავშვებმა საბანი გადაიხადეს, უნდა ავდგე.

და კიდევ რაღაც

-ალოის, შენი დის შვილიშვილის შეყვარებულს ჰასანი ჰქვია
ალოისი ეშმაკურად ხითხითებს:
-თათარი!
-ჰო, თათარია. დავაშოროთ ერთმანეთს?
აღშფოთებული გამომეტყველებით:
-რა უნდა დავაშოროთ, გაგიჟდი შენა? რა ჩვენი საქმეა, რა მნიშვნელობა აქვს...
ასე რომ ალოისი OK იყო!

8 comments:

  1. ეს ყველაზე ძალიან მომეწონა, ყველაზე, ყველაზე. თუმცა სულ ასეთი განცდა მაქვს ხოლმე როცა შენს ნაწერს ვკითხულობ:)

    ReplyDelete
  2. წიგნის გამოშვებაზე არ გიფიქრიათ?

    ReplyDelete
  3. რა გვიან ვნახულობ კომენტარებს - ცუდი ბლოგერი ვარ. არა, არ მიფიქრია წიგნზე. ვჯღაბნი რაღაცეებს, მშველის ამ ეტაპზე. მადლობთ

    ReplyDelete
  4. ყველა სტუმარს ძალიან, ძალიან თავაზიანად ეუბნებოდა:
    - მადლობთ, რომ მოხვედით.<ametira amaza :(
    <3 dar

    ReplyDelete
  5. დედაჩემი გამახსენდა...რომელიც თავისი მდგომარეობის მიუხედავად გვანცვიფრებდა ასეთი ადამიანურობით და სხვებისადმი ყურადღებით;
    ჩავედით, დაღლილები- მოვეფერეთ, მოვიკითხეთ და გვეუბნება ეხლავე წადით და რუსიკოს მიუსამძიმრეთ დედა გარდაეცვალა, ცოდოაო.. არა მოგვასვენა მანამ, თითქმის იძულებითარ გაგვიშვა ყველანი სამძიმარზე... მოვბრუნდით , რუსიკო შინ არ იყო- მთელი საღამო არ დაავიწყდა სამძიმარზე რომ ვიყავით წასასვლელი...
    ერთხელ,რუსიკომ ( მეზობელმა) ფეხი მოიტეხა და იწვა- თვითონ მწოლიარე დგებოდა, წვალობდა , ტანსაცმელს ვერ იცმევდა,გამუდმებით საათს უყურებდა და კითხვაზე- სად მიდიხარო- რუსიკო ავადაა ნემსის გასაკეთებლად ვარ წასასვლელი- არ დამაგვიანდესო...ჩემი საცოდავი დედა...

    ReplyDelete
  6. ძალიან ზუსტი რაღაც მოყევით. მე ეს მაოცებდა - ბევრად უფრო მარტივი სტრუქტურები მოეშალა და ბევრად უფრო რთული შეუნარჩუნდა. გასაოცარი რაღაც ხდებოდა ჩვენს თავს მართლა

    ReplyDelete