Saturday, June 4, 2011

უალოისობის საზარელი საფრთხე/პატარა საქმეების უზარმაზრობა

უალოისობა არ გაშინებს, აგრაფინ? - ეკითხებოდა თუმოროფობი აგრაფინას, რომელიც სულაც არ იყო აგრაფინა, რადგან აგრაფინა ალოისის წასვლასთან ერთად გაუჩინარდა, როგორც... როგორც.... ნუ როგორ გაუჩინარდა ამას რა მნიშვნელობა აქვს, კარგად გაუჩინარდა, მაღალმხატვრულად, უბრალოდ მე სიტყვები დეფიციტში გადამივიდა და ვერ ვწერ როგორ.

ჰო, ამბავს დავუბრუნდეთ. თუმოროფობი ამას თავის თეთრ გოგონას ეკითხებოდა. სად ისხდნენ ისინი ამ დროს? ამ დროს ისინი ისხდნენ იმ ფანჯრებთან, საიდანაც წინათ ალოისი ხედავდა ცივ ქარს და ყვითელ ფოთლებს, თბილ ქარს და მწვანე ფოთლებს, თოვლს და უფოთლობას, მზეს და მთვარეს. აი ამას ყველაფერს ხედავდნენ ალოისის თვალები და თუმოროფობს არ მოსწონდა, რომ ახლა თვითონ ამას ყველაფერს უყურებდა უალოისოდ და ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ალოისს საშინლად უღალატა, რადგან მისი კუთვნილი ხედი მიითვისა, ხოლო ალოისი აღარსად იყო.
-მისმინე, არ გეშინია უალოისობის? რათა იცი? ალოისი იმის იმედი იყო, რომ ყველა აწყვეტილ ღილს ვიღაც დაგიკერებდა, აუცილებლად დაგიკერებდა. ახლა კი ნახე, რა დღეში ვართ.
და თუმოროფობმა და თეთრმა გოგონამ გადახედეს სახლს, რომელიც სავსე იყო აწყვეტილი ღილებით, კოჭებამდე სავსე იყო შავი ღილებით და თეთრი ღილებით და ლურჯი ღილებით და დიდი ღილებით და პაწაწინა ღილებით და ოთხნახვრეტიანი ღილებით და ორნახვრეტიანი ღილებით და საერთოდ ყველანაირი ღილებით იყო სავსე.
-მოიცა, ჩაის მოგიტან და თვალები დაიბანე, რომ ალოისის ხედის ყურება შესძლო და თვალები ძალიან არ დაგეჩხვლიტოს. ჩაის საფენები კარგია მაგ დროს. უალოისო ცივ ქარს და ყვითელ ფოთლებს, თბილ ქარს და მწვანე ფოთლებს, თოვლს და უფოთლობას, მზეს და მთვარეს უფრო გაუსწორებ თვალს.
და თეთრი გოგონა ადგა და წავიდა ჩაისკენ, მაგრამ აწყვეტილი ღილები უკვე მუხლამდე სწვდებოდა და ღიმილიანი გოგონა ძლივს მიიკვლევდა გზას ჩაისკენ, რადგან აწყვეტილ ღილებში გავლა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი.
-არა, როდემდე ვიაროთ ასე გაღეღილებმა, თეთრო შვილო - ეკითხებოდა თუმოროფობი გოგონას, რომელიც აწყვეტილი ღილების ზღვაში მიიკვლევდა გზას - ვეღარც კაბას ვიკრავთ, ვეღარც პალტოს, ვეღარც პერანგს და დავრჩით ასე გაღეღილები და ვინც მოინდომებს ყველა მისწვდება ჩვენს გაღეღილ გულებს და დაჭმუჭნის და გადააგდებს ტროტუარზე და ამისთვის არც არავინ დააჯარიმებს. იცი, რატომაა უალოისობა საზარელი? მე შემიძლია, თქვენთვის მოვკვდე, თეთრო შვილო, მაგრამ ღილების დაკერება არ შემიძლია და ამაშია ჩემი არარაობა და უალოისოდ ცხოვრების საზარელი საფრთხე.

10 comments:

  1. უბრალოდ, გენიალურია!

    ReplyDelete
  2. uuuf, kidev gamiskda guli.......

    ReplyDelete
  3. როგორ ზუსტად აღწერ ამ შეუვსებელ სიცარიელეს, ამ საშინელ ტკივილს.

    ReplyDelete
  4. მადლობთ, მეგობრებო

    ReplyDelete
  5. yoveltvis sazarelia aloisoba

    ReplyDelete
  6. ოხხხხხ!!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
  7. http://www.youtube.com/watch?v=YXhhYLMVMAc&feature=related

    ReplyDelete
  8. ნანა, ჩვენს საკმაოდ (მეტადაც) ფამილარულ დროში, ,,გენიალურს" ნაკლებ ხმარობენ. ასე შემიმჩნევია (ან ისეთი ინტონაციური აქცენტით, რომ გასაგებია, საქმე გენიალურთან კი არა, მორიგ ,,ინოვაციასთან" გვაქვს:))...) ალბათ ასეთი ,,მძიმე" სიტყვები ფამილარობამდე არ მჩატდებიან და ამიტომ. შენი ტექსტების კომენტარებში ხშირად შემხვდა ეს სიტყვა. მოკლედ, აქ ადამიანებს არც ფამილარობის უხერხულობა აქვთ (ზოგჯერ ეს გასაგები იძულებაც არი...), არც აღმოჩენის მანერული ,,გულწრფელობა"- შენი ტექსტები საკმაოდ შემაშინებელ-დამამუნჯებელია საამისოდ, - და გრძელ სიტყვასაც მოკლედ ამბობენ 

    მადლობა კიდევ

    ნანა

    ReplyDelete
  9. kidev ertxel "gavskdi" tirilit raa!:((( magari xar da tan rogori rbili chemo Concordia García :* :* :*
    sikvarulit
    M.

    ReplyDelete