Saturday, August 7, 2010

რეფორმა

ჩაბნელებიდან -თუმოროფობის ოთახი. სინათლის სხივი ოთახის ცენტრს ანათებს, აი ისე, როგორც სცენაზე პროჟექტორი. სინათლის ამ მრგვალ ლაქაში თუმოროფობი ხვდება - ის იატაკზე ზის, საფერფლეში ერთი სიგარეტი იფერფლება, მეორე პირში აქვს გაჩხერილი,მესამე ხელში უჭირავს და თან კომპიუტერზე კლავიატურას უკაკუნებს.  მობილურითაც ქაქანებს და ქალაქის ტელეფონითაც, რომელიც ხმამაღალი კავშირის რეჟიმზე დაუყენებია:

-ჰო, მასშტაბური დამცირება უნდა ჩატარდეს... 3000 კაცია და აქედან 2300 უნდა დაამცირონ. კი, უკვე გადაწყდა. მე? არა. მე უნდა მივიღო მონაწილეობა მათ დამცირებაში... მიჭირს? კი, მაგრამ მე თუ არ მივიღე მონაწილეობა იტყვიან, რეტროგრადია, რელიქტიაო და მერე მე დამამცირებენ და შენ ხომ იცი,დაბალი ტოლერანტობა მაქვს დამცირებების მიმართ... აბა რა ვქნა, მითხარი? რააა? ჰო, ვცდილობ ადეკვატური ვიყო. აბა რა, აბა რა. ცხადია დღეს ვიღაც-ვიღაცეები უნდა დაიხოცონ, რომ ხვალ სხვებმა გაიხარონ, დღეს თუ არ დაიხოცნენ ვიღაცეები, ხვალ ვიღაცეები ვერ გაიხარებენ. „ხვალ“ რითი სჯობია „დღეს““-ს? კაი რა, აგრაფინ,  დღეს ხომ „ხვალინდელი დღე“  აბსოლუტური ღირებულებაა,  მანიპულირების მთავარი ინსტრუმენტი. ჰო, მართალი ხარ, მართალი  - მერე ხვალაც უნდა დაიხოცოს ბევრი, რომ ზეგ გაიხარონ ვიღაცეებმა, მერე ზეგ, რომ -მაზეგ გაიხარონ.  ბედნიერი მომავალი უბედური აწმყოს წილ. რა? რაო? სინდისი? ააააა, რა ვიცი, ჭინჭყლობს ცოტა, მარა მიჩმორილია პრინციპში, ადეკვატურობამ მიაჩმორა მოშნად. რა უნდა მაგის მიჩმორებას, კაი რა, ისედაც მოისუსტებდა ყოველთვის. ახლა არაყსაც ჩავცხებ და ვაბშე მოკვდება.

კაი,წავედი, დღეს თავისუფალი ბაზრის ხატის გადმოსვენებაა და წმინდა ჰაიეკის ხსენების დღე! ადათია ასეთი... აჰა, კი - პრინციპში ეს მასშტაბური დამცირება ამიტომაც ტარდება, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით... აბა ახლა იმ რეტროგრად-კონსერვატორებივით ცხვარს ხომ არ დავკლავთ ეკლესიის ეზოში.
ალოისი? არის რა! მე რომ მხედავს, ასე მეკითხება: „არ შეგიძლია რამე დივაისი გვერდზე გადადო, ერთი მაინც და უბრალოდ დაჯდე, ჩუმად, წყნარად?“ არ შემიძლია და რა ვქნა, ვააა! ეგრევე ასაფეთქებელი მოწყობილობის წიკწიკი მესმის, მართლა...
კაი,გაკოცებ მაგრად, მომიკითხე მგლები და მაქციები. თქვენ რა გიჭირთ!
თუმოროფობი ყურმილს დებს, მობილურსაც თიშავს. დგება და ზევით იყურება:
„ორი რამ აღავსებს ჩემს სულს სულ უფრო მზარდი განცვიფრებითა და მოწიწებით (...) _ გიფსო-კარდონით მოპირკეთებული ჭერი ჩემ ზემოთ და დერეგულაციის დოგმატი ჩემში“.

2 comments:

  1. რეფორმა, როგორც სადისტური ქმედება. მგონი, არასდროს სხვა არაფერი არც აქვს მიზნად რეფორმებს :))

    ReplyDelete
  2. არ არის გამორიცხული, კანტიც დაგეთანხმოს, ვარსკვლავები და ეთიკა გიპსოკარდონმა და დერეგულაციამ შეჭამეს :)

    ReplyDelete