Saturday, July 2, 2011

აგრაფინას დაბრუნება

ეძღვნება ჩემს დას, რუსოს, ყოველდღიურობის ჭეშმარიტ ალქიმიკოსს

როცა კარებზე ზარი დაირეკა, ფანჯრებში იასამნისფრად ბინდდებოდა. მინდა კადრი დაინახოთ: ფანჯრები მსხვილი ხედით, მათ მიღმა მზიან-ღრუბლიანი, ქარიანი, გვიანი შემოდგომის დაისი და ჩამავალი სინათლის ფონზე, კონტრაჟურში, გადღაბნილი სილუეტი. ზარის ხმაზე სილუეტი კრთება - არ მოელოდა.

***
თუმოროფობი: ოიიიი, აგრაფინა, აგრაფინა...
აგრაფინა: შემომიშვებ?
და აგრაფინა შემოდის და შემოაქვს ქარის სუნი და მიწის სუნი. კარგი დაღლილობითაა დაღლილი, ისეთით, შვებას რომ ჰგავს. გაწეწილია, აჩაჩულია. აცვია: გრძელი, კოჭებამდე კაბა, წელს ქვევით ფრიალა, წელზე ძალიან ფართო ტყავის ქამარი უკეთია, საყელო მაღალი აქვს, ვიწრო, ნიკაპამდე წვრილი ღილებით შეკრული. კაბიდან სქელმაღალქუსლიანი, თასმიანი ყავისფერი ფეხსაცმელი უჩანს. თვითონაც მაღალია, ხმელი, ბრძნულად ლამაზი - არაფერი ზედმეტი: ფუნქციონალობის უნატიფესი მშვენიერება.
***
უკვე კარგა ხანია აგრაფინა და თუმოროფობი მაგიდასთან სხედან. აგრაფინა გათბა და გალღვა. სუფრაზე ცივად მოხარშული დედალია და პურია და ჯონჯოლია და თეთრი ღვინოა მაღალ ლურჯ ბოთლში. ისინი სხედან კარგა ხანია, მაგრამ გარეთ ისევ იასამნისფერი შემოღამებაა და ისევ ღრუბლიან-მზიანი დაისი.
აგრაფინა: რომელი საათია?
თუმოროფობი: 12
აგრაფინა: არ ღამდება?
თუმოროფობი: არა და არც თენდება. ეს განათება მომწონს.
აგრაფინა: ააააა
თუმოროფობი: სად იყავი?
აგრაფინა:
ტყეში ვიყავი, ცივ ღამეში ისე დავქროდი,
მეყინებოდა ბეწვი ზურგზე და პანორამის
სისწრაფისა გამოისობით, ხეებს ვხედავდი
ოდენ სტრობითა.
როს მივირბენდი მთისა წვერზე,
მთის წვერზე-მეთქი,
იქიდან მდელოს გადმოვეხადვი
და გულს მიპობდა ცხელი ქოშინი.
შენ რა ხანია არ გინახავს მდელო ზევიდან,
შენ რა ხანია ხედავ მხოლოდ ვიწრო საწიერს.

***
სიჩუმეა და საათის წიკწიკი და ღვინის  რაკრაკი შუშის ჭიქაში და ისე ლამაზია მზიან-ქარიანი ჩამავალი მზის სხივზე ყვითელი ღვინო გამჭვირვალე ჭიქაში და მაღალ ლურჯ ბოთლში.
თუმოროფობი:
ჩემო აგრაფინ, შენ მაქციობის გერგო ტალანტი
მე კი აქ დავრჩი, ვერსად წავედი,
ვერსად წავედი და დავრჩი აქა.
მაგრამ ამას წინ მივხვდი ბევრ რამეს
და მოგიყვები ლაპიდარულად.

***
კამერა/მზერა სწრაფი, დაკლაკნილი, მოძრაობით უკან იხევს და საიდანღაც, ზევიდან შესცქერის იმას, რაც ოთახში ხდება. და მზერის მსვლელობის კვალდაკვალ თუმოროფობი და აგრაფინა ჩამუქებულ სილუეტებად იქცევიან და ქარის ღრიალი აავსებს ოთახს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფანჯარა დარაზულია. აგრაფინას ცალი ფეხი დაბალ სკამზე შემოუდია,  ზურგით სკამის საზურგეს მიყრდნობია. რა მოხერხებულად ზის, რა მყუდროდ - ისვენებს. ქარიანი სიჩუმე და იისფერი დაისი ფანჯრებს მიღმა და კადრის „უცვლელობა“ დიდხანს, დიდხანს ისე დიდხანს, როგორც ეს თანამედროვე შფოთიან და დანაკუწებულ რეალობას არ სჩვევია. შშშშშშშშშშშშშშშშშშ, შშშშშშშშშშშ, შშშშშშშშშშშშშშშშშშშშ - იბერება ფარდა, მერე კონვულსიურად შეკრთება და ფანჯარას ასკდება და გაუთავებლად, რიტმულად იმეორეს ამ მოძრაობას; შშშშშშშშშშშშშშშშშშ, შშშშშშშშშშშ, შშშშშშშშშშშშშშშშშშშშ - სახეს უმალავს აგრაფინას გრძელი, სქელი, აბრეშუმივით კრიალა თმა; შშშშშშშშშშშშშშშშშშ, შშშშშშშშშშშ, შშშშშშშშშშშშშშშშშშშშ... ვეწერ ვ გალავახ, ვ სერდცახ - გრილი ქარით დაბანილი ტვინები და გულები, wild is the wind!
თუმოროფობი დგება, მიდის ფანჯრებთან და ისევ კონტრაჟურით გადღაბნილ, ბელ სილუეტად რჩება.

***
თუმოროფობის მონათხრობი:
რა ასწავლა საუკუნეებმა ქალებს, აგრაფინა? ახლა გეტყვი - მიხვდა რა გოსპოძი,რომ ედემიდან გამოძევებულმა ადამიანმა უხიფათო  ყოველდღიურობის განცდა დაკარგა, ამ განცდის ფრაგმენტების დაცვა გადაწყვიტა, საუკუნეები გამოიძახა და დაავალა:
-მისმინე, საუკუნეებო, ქალს ყოველდღიურობის უხიფათობის შენახვა ასწავლე. ყოველდღიურობის განცდა კი ინახება:
1. ხორციანი ბულიონის არომატით
2. გარეცხილი სარეცხის სურნელით
3. ლამაზად გაშლილი სადილის სუფრით და ამ სუფრის გარშემო მსხდომი ოჯახის წევრების მშვენიერი საუბრებით
4. მძინარე ჩვილით პაწაწინა საწოლში, როდესაც ყველა ჩურჩულით ლაპარაკობს და ოთახს პატარა ნათურა ანათებს
5. აგარაკზე, ზაფხულის ვახშმისთვის გამომცხვარი კექსით და ზაფხულის საუზმისთვის გამომცხვარი ალადუშკებით,
-ამას ყველაფერს, საუკუნეებო, ჯოჯოხეთში ედემის ბაღის ინტერვენცია ეწოდება და ამ კერების მოვლა ქალმა უნდა იკისროს - განაგრძო გოსპოძიმ - საშოვრის ჯოჯოხეთიდან შინ დაბრუნებულ ქმრებსა და შვილებს, ასეთი კერები უნდა ელოდეს, თორემ ყოველდღიურობა საერთოდ გაქრება და ეს კი არაფრად ვარგა, მენდე სიტყვაზე
-და ქალები სამაგიეროდ რას მიიღებენ, გოსპოძი? დაიღლებიან ძალიან, გოსპოძი და აყვირდებიან. ვაი, ვაიო, ვაიო, ასე იტყვიან
-სოციალურის ამაზრზენობას გადარჩებიან, საუკუნეებო, არდადეგებს გაიზიარებენ ბავშვებთან, აგარაკებზე ივლიან, დედლაინები აღარ ექნებათ, უფროსები აღარ დააჩმორებენ... მხოლოდ იმათ ნახავენ ყოველდღე, ვინც ძალიან უყვართ, მსუბუქ სისულეებზე ილაპარაკებენ დაქალებთან ყავაზე, მოხერხებული ხელები ექნებათ, პატარა საქმეების უზარმაზრობით დაიბანენ პირს და კედელეზე მუდმივად ითამაშებს მზიანი ჩრდილი, რომელშიც მოშრიალე ხის სილუეტი აირეკლება.
აი, ასე იყო, ჩემო, აგრაფინ, სიტყვასიტყვითა
მაგრამ სისტემამ მოახდინა მოშნი ერორი
და ნადირობა მოანდომა სულელ ქალებსა,
და საშოვარზე ზრუნვით გასვრილ ჩემსა ხელებსა
სულ აღარ ახსოვთ ალქიმია დედაქალობის.

***

ტყისა და ქარის სუნიან აგრაფინას სკამზე ჩამოეძინა, თუმოროფობი კი დგას და დგას და დგას და იმ არშემდგარ ედემს დასტირის, რომლის გუშაგობაც ასე საზარლად ჩააფლავა.

6 comments:

  1. ..."არაფერი ზედმეტი: ფუნქციონალობის უნატიფესი მშვენიერება". :)))

    ..."მიხვდა რა გოსპოძი,რომ ედემიდან გამოძევებულმა ადამიანმა უხიფათო ყოველდღიურობის განცდა დაკარგა, ამ განცდის ფრაგმენტების დაცვა გადაწყვიტა, საუკუნეები გამოიძახა და დაავალა:
    -მისმინე, საუკუნეებო, ქალს ყოველდღიურობის უხიფათობის შენახვა ასწავლე. ყოველდღიურობის განცდა კი ინახება:
    1. ხორციანი ბულიონის არომატით
    2. გარეცხილი სარეცხის სურნელით
    3. ლამაზად გაშლილი სადილის სუფრით და ამ სუფრის გარშემო მსხდომი ოჯახის წევრების მშვენიერი საუბრებით
    4. მძინარე ჩვილით პაწაწინა საწოლში, როდესაც ყველა ჩურჩულით ლაპარაკობს და ოთახს პატარა ნათურა ანათებს
    5. აგარაკზე, ზაფხულის ვახშმისთვის გამომცხვარი კექსით და ზაფხულის საუზმისთვის გამომცხვარი ალადუშკებით,
    -ამას ყველაფერს, საუკუნეებო, ჯოჯოხეთში ედემის ბაღის ინტერვენცია ეწოდება და ამ კერების მოვლა ქალმა უნდა იკისროს - განაგრძო გოსპოძიმ"...
    ______
    რა მაგარია,ნან!:)

    ReplyDelete
  2. აბა, რა გითხრათ, ქალბატონო ნანა!... სადღაც, შეუცნობელში, სულ მუდამ რომ გვჭამს და ვერ გაგვიგია, იქ გადამისროლეთ. ისე, რომ უკან მოხედვაც არ დამაცადეთ!!!... ძვირფასი ქალბატონი ბრძანდებით თქვენ, ქალბატონო ნანა....

    ReplyDelete
  3. ...გმადლობთ... აქ ახლა ის წავიკითხე, გულში რომ გქონია ალბათ დიდხანს და არ, თუ ვერ ამბობდი....

    ,,-სოციალურის ამაზრზენობას გადარჩებიან, საუკუნეებო, არდადეგებს გაიზიარებენ ბავშვებთან, აგარაკებზე ივლიან, დედლაინები აღარ ექნებათ, უფროსები აღარ დააჩმორებენ... მხოლოდ იმათ ნახავენ ყოველდღე, ვინც ძალიან უყვართ, მსუბუქ სისულეებზე ილაპარაკებენ დაქალებთან ყავაზე, მოხერხებული ხელები ექნებათ, პატარა საქმეების უზარმაზრობით დაიბანენ პირს და კედელეზე მუდმივად ითამაშებს მზიანი ჩრდილი, რომელშიც მოშრიალე ხის სილუეტი აირეკლება.''

    ...საოცარდ წერთ.....:)

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა

    ReplyDelete
  5. ნინო დარბაისელი : რა საინტერესო ბლოგია! ახლა ვჩქარობ, მერე კიდევ შემოვიხედავ. :)

    ReplyDelete
  6. ნინო გოგაძეDecember 29, 2011 at 2:43 PM

    ..... დიდი მადლობა ნანი !!!! რა ბედი მქონია ეს ბლოგი და თუმოროფობი რომ მაპოვნინა !!!! ვაშააააააააა...

    ReplyDelete