Tuesday, May 24, 2011

ორი ანდერძი ორი კონვერტით

აუცილებლად დავწერ ანდერძს, აუცილებლად. არომატულ ქაღალდზე დავწერ და მოხატულ კონვერტებში ჩავდებ. ერთი - გოგონას, ერთი -  ბიჭს. „ამას წინეებზე“ ვნახე კინოში და მომეწონა.
ასე უნდა, უნდა მოკვდე ღირსეულად და სიკვდილის წინ შვილებს ანდერძი დაუწერო. თუ საზარელი  საიდუმლოებები არ გაქვს გასამხელი, მაშინ რაიმე ბრძნული უნდა უანდერძო, მოარქეტიპულო, ნიშნეულ - მრავალმნიშვნელოვანი, დიდაქტიკური, ისეთი, მერე თაობებს რომ მოუყვებიან: ჩემმა დიდმა ბებიამ, სიკვდილის წინ ორი კონვერტით ორი ანდერძი დატოვა, ერთი პაპაჩემისთვის, მეორე - ბებიაჩემისთვის.
და მერე მოხდება ასე. ნოტარიუსთან, დიდ,  თაროებითა და წიგნებით სავსე ოთახში, შებინდებისას, ჭაღის შუქზე შემოვლენ ჩემი ვაჟი და ჩემი ქალი, ლამაზები და ფერმკრთალები. ქალს სადა შავი კაბა ეცმევა, სრულიად სადა, მხრებზე შალით. ოოოხ როგორ მიყვარს მხრებზე შალი, მყუდროა და იმიტომ.  ღრმა და მოხერხებულ სავარძლებში ჩასხდებიან, ვაჟი და ქალი. ქალი თავაზიანად გაიღიმებს, ტუჩებს დაიკბენს, ძალიან ფერმკრთალი იქნება და ძალიან ლამაზი, შალში  გახვეული, კატასავით; ვაჟი კი თავშეკავებული, სიტყვაძუნწი, მაგრამ რბილად თავაზიანი. ისე მყუდროდ ჩამოსხდებიან, ისე ეამებათ ოთახის ეს ყოველდღიური ჩვეულებრივობა, ლურჯი შემოღამება ფანჯრებს მიღმა და თბილი, ოქროსფერი სინათლე ოთახში... და წიგნები.
და მერე ვაჟი  კონვერტს გახსნის წაიკითხავს:
"წადი, შვილო, გზაჯვარედინზე და დადექი და დაფიქრდი. არ წახვედი იქით, სადაც წარმატებაა და არ წახვიდე იქით, სადაც კარიერაა (დაგიფაროს ღმერთმა, შვილო, ორივესგან. წარმატების ბულიმიისგან და თნამდებობის ბულიმიისგან, ორი მონობისა და ორი გაუმაძღრობისგან). და არ წახვიდე იქით, სადაც სიღატაკეა და სადაც სიმდიდრეა, რადგან ორივე ყოველდღიურობას გაგიქრობს, შვილო,  არამედ წადი იქით, სადაც ყოველდღიურობაა და მოკრძალებული კეთილდღეობა - მარტივი, ნათელი სიხარულებით დაგლოცავ, შვილო!"
და მერე ქალი  კონვერტს გახსნის წაიკითხავს:

აი ასე მოვიქცევი და ვგონებ, ძალიან სათანადოდაც. ხომ უნდა დაუტოვო შთამომავლებს მოსაყოლი ამბავი, ცოტა იდუმალი და ბრძნულის მსგავსი, ნიშნეულ-მრავალმნიშვნელოვანი და მოარქეტიპულო.

5 comments:

  1. ძალიან, აი... ძალიან, ძალიან ყელშიბურთგაჩხერილობა დამმართეთ, - გრრრრრცხვენოდეთ!!!:)))))

    ReplyDelete
  2. ეს გუგული დეიდა გამაგიჟებს, alpha თავი აბია "თუკაია" - ლაშა ვარ ნაცვლიშვილი, ქალბატონო ნანა:)

    ReplyDelete
  3. უიიიი, ლაშა, ახლა ვნახე, მადლობთ :))

    ReplyDelete
  4. ნანა, რა ოქრო ხარ და როგორ წერ, რა გინდოდა წვენებში, წერე და გვაკითხე, ეგეც შენი არამოკრძალებული კეთილდღეობა, ძალიან კეთილი სიხარულებით.<3<3<3.irina tabatadze

    ReplyDelete
  5. exla mivxvdi ori konvertis danishnulebas, wertil-mdzimis tanabari ganawileba.(naochi)

    ReplyDelete