Saturday, July 24, 2010

1 = ∞

ვისთან ერთად ცხოვრობდა ალოისი?
1. მჯდომარე თუმოროფობთან
2. ფეხზე მდგომ თუმოროფობთან
3. მწოლიარე თუმოროფობთან
4. თუმოროფობთან საშინაო სამოსში
5. თუმოროფობთან წითელ საგარეო კაბაში
6. თუმოროფობთან ჭრელ საგარეო კაბაში
7. ბრაზიან თუმოროფობთან
8. კეთილ თუმოროფობთან
9. ახლად გაკრეჭილ თუმოროფობთან
10. გასაკრეჭ თუმოროფობთან
11. თუმოროფობთან, რომელსაც სასო ჰქონდა წარკვეთილი

შენიშვნა: ალოისს ერჩივნა თუმოროფობი ერთი ყოფილიყო, მაგრამ ის იყო ბევრი და ამიტომ ყოველთვის მოულოდნელი. ყველას კეთილი და ალერსიანი თუმოროფობი ერჩივნა და ძალიან არ უყვარდა ბოროტი და ბრაზიანი თუმოროფობი თუნდაც მას წითელი საგარეო კაბა სცმოდა.

როგორი ტელევიზორი ჰქონდათ ვულფებს?

1. ჩართული ტელევიზორი
2. გამორთული ტელევიზორი

შენიშვნა: გამორთული თითქოს უფრო ერთი იყო (თუმცა ხანდახან ისიც ბევრდებოდა), რაც ალოისს ძალიან ახარებდა, მაგრამ ჩართული ტელევიზორი იყო ბევრი.
როგორი იყო ალოისის ჩართული ტელევიზორი?

1. ისეთი, რომელშიც მიშა გამოდიოდა და ვიღაცას უბრაზდებოდა
2. ისეთი, რომელშიც შუფუტინსკი მღეროდა
3. ისეთი, რომელშიც ვიღაც კაცი იმპოტენციის მკურნალობაზე ლაპარაკობდა და მერე ისევ შუფუტინსკი მღეროდა
4. ისეთი, რომელშიც ბევრი კაცი დარბოდა და ბურთს ფეხს ურტყამდა
5. ისეთი, რომელშიც ბევრი ქალი და კაცი სკამებზე ისხდნენ და ერთმანეთს უყვიროდნენ
6. ისეთი, რომელშიც მულწიაშკები დარბოდნენ
7. ისეთი, რომელშიც ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდნენ
8. ისეთი, რომელშიც კაცი და კაცი ერთმანეთს კოცნიდნენ
9. ისეთი, რომელშიც ქალი და ქალი ერთმანეთს კოცნიდნენ
10. ისეთი, რომელშიც ისროდნენ და კლავდნენ

ალოისს ერჩივნა, რომ ტელევიზორი ერთი ყოფილიყო, ნუუუ მინიმუმ სამი. ასე უფრო ადვილად იცნობდა ტელევიზორს, ახლა კი აღარ იცოდა ისაა ტელევიზორი, რომელშიც შუფიტინსკი მღერის თუ ის, რომელშიც არ მღერის.

როდის გაბევრდა ასე საგნები და ადამიანები ალოისს არ ახსოვდა. ახსოვდა მხოლოდ, რომ . წინათ მაგიდაზე დადებული ტელეფონი და იატაკზე დაგდებული ერთი და იგივე ეგონა. წითელკოფტიანი და ბრაზიანი თუმოროფობი და ახლად აკრეჭილი თუმოროფობი ერთი და იგივე ეგონა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს შეცდომაა, რადგან თუ ჭიქას მზის სხივი ეცემა ის სრულიად სხვაა, ვიდრე ის, რომელსაც სხივი არ ეცემა. ამ გაბევრებულ ნივთებში და ადამიანებში ალოისს სიტყვები დააკლდა. ბევრ თუმოროფობს ერთი სახელი ერქვა და ბევრ ტელევიზორსაც ერთი სახელი ერქვა. სახელდებების ამ დეფიციტმა ალოისს ლაპარაკის ხალისი დააკარგვინა, ის მხოლოდ თავს იკატუნებდა, რომ ლაპარაკობს და ასე ამბობდა:მმმმმ, ისადა ბბბბ, თუმოროფობ, მოიცა, მოიცა... წყალი მინდა

გარდა ამისა, ყოველ დილით, გაღვიძებისას ალოისმა არ იცოდა, სრულიად არ იცოდა ვინ იყო და სად იყო. ოთახი ყოველთვის ახალი ხვდებოდა: მზიანი ოთახი, მოღრუბლული ოთახი, დალაგებული ოთახი, არეული ოთახი. ვერაფრით გაეგო ალოისს რატომ იღვიძებს ყოველდღე ახალ ოთახში. ცხადია სხვადასხვა ოთახში გაღვიძებული ალოისიც სხვადასხვა იყო. აბა როგორ შეიძლება ზაფხულის მზიან დღეს, ჩიტების ჭიკჭიკით გაღვიძებული ადამიანი და ყინვაში, პირქუშ დღეს, ქარის ზუილში გაღვიძებულიც ერთი და იგივე ყოფილიყო? ცხადია არ შეიძლებოდა. ალოისიც გაბევრდა და ამ ბევრიდან ბევრს ვერ ცნობდა.

- რა უცნაურია - ეუბნებოდა ერთხელ თუმოროფობი აგრაფინას- დანას ტელეფონისგან ვერ არჩევს და იუმორის გრძნობა შერჩა
- -ჰო, უცნაურია.

ალოისს კი გულში ეციმებოდა - კანეშნა თავის მარტივ სამყაროში ორიენტაცია უადვილდებათ, აბა მე მკითხონ.

7 comments:

  1. აჯობებდა 1=1 – ს... ბრიყვულად :)))

    მაგარია!

    ReplyDelete
  2. ...რადგან თუ ჭიქას მზის სხივი ეცემა ის სრულიად სხვაა, ვიდრე ის, რომელსაც სხივი არ ეცემა. ამ გაბევრებულ ნივთებში და ადამიანებში ალოისს სიტყვები დააკლდა....:(

    ReplyDelete
  3. დაქსაქსული თვითობასა და საგანთა უსასრულო სიმრავლეებში მუდმივად ვეძებთ იგივეობებს, დამთხვევებს, შეხვედრებს, ხელთ კი აცდენები გვრჩება. მაგრამ საგნებისა და საკუთარი თავის სიმრავლეები ჯიუტად ითხოვენ წესრიგს, ისინი ითხოვენ დავიწყებულ ერთიანობას და ამით სიმშვიდის, ჰარმონიისა და სამართლიანონის აღდგენას.

    ეს ტექსტი გეუბნება, რომ ადამიანის მორალური ფუძე ატარებს ამ მეხსიერებას, რომ ეს ფუძე(კოდი) მართავს ჩვენს ცნობიერებაში აღმოჩენილ განსხვავებებს ,,გამორთულ და ჩართულ ტელევზორს“ შორის, იმ ტელევიზორს შორის, რომელშიც ,,ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიან“ და იმ ტელევიზორს შორის, რომელშიც ასევე ,,ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიან“ და კიდევ იმ ტელევიზორს შორის, რომლშიაც ასევ ,,ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიან“ 

    ეს ტექსტი, საერთოდ, ნანას ტექსტები, არაფერზე პაროდირებს, აქ არ არსებობს ირონია-პაროდიის ზემოდან-ქვემოთ მიმართული ვექტორი. ეს ტექსტები, ხატოვნად თუ ვიტყვი, სრულიად საქმიანად ხელს ართმევს იმას, რაზეც ტრადიციული კულტურა შედგა: ადამიანის სულიერი ძალის რწმენას. კი, ეს ,,საქმიანი გარიგებაა“ კულტურული და სულიერი წესრიგის ძველ კონსტრუქტორებთან. 
    ეს ტექსტები წარმატებული ,,მოლაპარაკების“, ,,მხარეთა შორის“ ნდობის არაჩვეულებრივი მაგალითია! საჭირო მაგალითი!...

    გმადლობ!

    ReplyDelete
  4. me maxsovs is dro, roca es daiwera.... gabevrebuli aloisic maxsovs. mashin vfiqrobdi: romelTan aris-meTqi axla misi suli, anu misi namdvili me... gana mas ar undoda,TviTonac erTi yofiliyo?...ramdenadac mZimea es yvelaferi realobaSi aRsaqmelad,imdenad magaria literaturashi, vaabrejenieshi aRqmisTVis. Dzaan kargia... agrafinaseuuli pirovnebis mozaikuri modeli hqvia amas.... rubikis kubiki. arc erTi feri ar wydeba sinamdvileSi! Bravo!

    ReplyDelete
  5. ჯანგბადის ბალიშივით ხარ, რომელსაც არ ვეძებდი, მარა კიდევ კარგი ვიპოვნე, ეხლა უკეთ ვსუნთქავ, მეც არ ვიცი რა დამემართა. მეც მინდა ასე შემეძლოს სხვისი აფორიაქება, ჯადოქარი ხარ ნამდვილი.(ნაოჭი)

    ReplyDelete