Saturday, July 17, 2010

ეპიზოდი დაწერილი ძალიან ცნობილი სიმღერის, ჰიტის მიხედვით. აბა გამოიცანით რა სიმღერაა:))))))

-კარტს ისე ჭრის, თვალს ვერ მოაცილებ, მედიტაცია გეგონება, ლოცვა - უყვებოდა აგრაფინა ვულფი ალოისსა და თუმოროფობს რაღაც ამბავს.
-საშინელი „იგროკია“, აწყვეტილი - გამოეხმაურა ალოისი.


-კი, მაგრამ არასდროს უთამაშია არც ფულისთვის და არც დიდებისთვის.
- აბა რა ჯანდაბა უნდა? - იკითხა თუმოროფობმა, რომელსაც ახლობლები მოფერებით ნანას ეძახდნენ და რომელიც ყოველთვის ასეთ იჭვნეულ კითხვებს იძლეოდა.
თეთრ ოთახში ისხდნენ, გაკრიალებულში, თუმოროფობი ამბობდა პედანტი არ ვარ, მაგრამ დალაგებული სახლი ისეთ განცდას მიჩენს, თითქოს კოსმიური ჰარმონიის ეპიცენტრში აღმოვჩნდიო.
-რა და, ასე ამბობს, შესაძლებლობის იდუმალ გეომეტრიას ვიკვლევო
-არ შემიძლია - გასკდა სიცილით ალოისი - მაიმუნი ეგა, რას ვიკვლელო?
ალოისს პათეტიკა არ უყვარდა, განცდაში - კი, სიტყვაში გამოხატული ეზიზღებოდა. თვითონ ისე მოკრძალებით იცხოვრა, არავინ იცოდა, მუსიკა მოსწონდა თუ არა, წიგნებს კითხულობდა, თუ არა, რომელი კერძი ერჩივნა - ეშმაკის თუ ანგელოზის. ბოლოსღა ალაპარაკდა და ამაზე მიხვდა აგრაფინა, მართლა რა მოკრძალებულად უცხოვრია ალოისს. განა ცოტას, ლაპარაკობდა, მაგრამ, ეტყობა, არასდროს უფიქრია, ვინმეს მისი ესთეტიკური პრეფერენციები დააინტერსებდა. 
-რაო, მერე? რას გაჩერდი, გოგო, მოყევი მერე
-ჰო, შესაძლებლობის საკრალურ გეომეტრიას ვიკვლევო და სავარაუდო დასასრულის ფარულ კანონებსო.
- არ მომცემენ გრანტს, ხომ ვიცი, არ მომცემენ - წამოიძახა თუმოროფობმა, რომელიც ერთდოულად კევს ღეჭავდა, ორ ღერ პაპიროსს ერთად ეწეოდა, ტელეფონით სმს-ს აგზავნიდა და თან ფბ-ში პოსტავდა
- ამ ნაგიჟარს შეხედე - გადასძახა ალოისმა აგრაფინას - არა შეხედე რა დღეშია, ისტერიჩკა. ქალო, რაზე ვლაპარაკობთ? რა ჯანდაბაზე ფიქრობ, ან ჟვაჩკა გადმოაფურთხე, ან პაპიროსი დადე, შე ფეთიანო, შენა. არა, ეს კიდევ გააჩენს -ნახე, აიტანა ისევ შიშებმა. ჰოდა რაო? იდუმალ კანონებსო? პიჟონი ეგა, მაიმუნი ნამდვილი.
-ჰო, მაგას ვიკვლევო, თორემ გული სულ არ მაქვს ისეთი, თქვენ რომ გგონიათო.
-კიდევ, კიდევ რაო... ბოლო-ბოლო რა უნდოდა მაგ პიჟონს?
-მოკლედ, მიყვარდიო, ცუდი არაფერი იფიქროო, სულაც არა ვარ ისეთი მნოგოლიკი, რა რეპუტაციაც მაქვსო, კი ნიღაბს ვატარებო, მაგრამ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთსო.
- ვაახ, რა პიჟონია... ჰა ჰა ჰა მიყვარდიო?
- კიო
- ვაიმე, არ შემიძლია
-ღმერთო, როგორ ცხელა, ვეღარ გადავიტან ამას მე... ეს ბაყაყები რაღამ ატეხა, აღარ ჩერდებიან - ისევ ჩაილაპარაკა თუმოროფობმა, რომელიც ახლა მესამე ხელით სურათებსაც იღებდა
- აუუუუუ - შეჰკივლეს ერთხმად აგრაფინამ და ალოისმა
- წამო, წავიდეთ სამზარეულოში ამისი შფოთის ატანა არა მაქვს - ამოიხავლა აგრაფინამ.

13 comments:

  1. ე, ბლოგერ, სად ხარ? ერთ ამოსუნთქვაზე ჩავედი ბოლოში, რა იყო ეს! რა მაგარია ასე წერა...

    ReplyDelete
  2. უიიიი, ძაან ვიკარგები, კომენტარებს არ ვნახულობ. ეს სტინგის შეიფ ოფ მაი ჰარტაა. აი გამოიცნეს უკვე :)))

    ReplyDelete
  3. woolfiko, do I know you? <3

    ReplyDelete
  4. სტატიებით დავიწყე და ყველაფრის წაკითხვა მომინდა.... ძალიან კარგია აქ, თქვენთან..........:)

    ReplyDelete
  5. შესაძლებლობების იდუმალი გეომეტრია - ვააა მაგარია! მადლობთ, ვიცინე

    ReplyDelete
  6. ნანიკო, მე მგონი შენ რაღაც კუნძული აღმოაჩინე, სადაც ჯერ ისევ უყვართ, სძულთ, იცინიან, ტირიან, მეგობრობენ.... და სულაც არ სცხვენით ამის.
    ამ გლობალიზაციის გზაზე შემდგარ ქვეყანაში გაუსაძლისი როცა ხდება ყოფა, უკვე ვიცი სადაც უნდა წავიდე.

    ძაან მაგარია, მადლობთ

    ReplyDelete
  7. miyvars esec... dzaan magaria.... au me kide ragac ucnauri damunjeba damemarta saertod vegar vcer, ra kargia ese magrad rom gamogdis <3

    ReplyDelete
  8. ,,შესაძლებლობის იდუმალი გეომეტრია“- ნანა, შენი აფორისტული თქმები და ფრაზეოლოგიები ცალკე თემაა. გენიალურად აკუმულირებული უზარმაზარი სიბრძნე- მსუბუქად, იუმორით. ან ეს რად ღირს, ერთგან გაქვს: ,,სამოთხის ინტერვენცია ჯოჯოხეთში“. შენ სულ კ რ ი ა ლ ა სულიერ და ყოფიერ სინამდვილეს დასტირალებ შენს ნაწერებში. ხატავ არა სტერილურ, არამედ განწმენდილ, ადამიანის მიერ გაკრიალებულ სინამდვილეს - სრულიად შესაძლებელს და სრულიად უბრალოს. გაკრიალებული საგნების უკან ამის მოქმედი ადამინის რუდუნება იკითხება. ჩემთვის აქ ეს ქვეტექსტია. შენს ტექსტებში შედეგები, საგნები მათზე მიმართულ მოქმედებებს ,,აქებენ“. უფრო სწორედ, არ აქებენ, მიანიშნებენ, თითქოს სხვათაშორის, ნაგულისხმევად. ჩემი აზრით, ამიტომაც არაა შენი ტექსტები პედაგოგიურ-მორალისტური. ამიტოა ის აღწერითი და ვიზუალური.

    იმას ვამბობდი,- სამყაროში ბევრი ჭუჭყია და ის უნდა/ შესაძლებელია გაკრიალდეს, განიწმინდოს. ჩვენ მიერ... ეს ამოვიკითხე სადღაც აქ...

    კიდევ მადლობა.

    ნანა

    ReplyDelete
  9. Shape of my heart:-)

    ReplyDelete
  10. - ამ ნაგიჟარს შეხედე - გადასძახა ალოისმა აგრაფინას - არა შეხედე რა დღეშია, ისტერიჩკა. ქალო, რაზე ვლაპარაკობთ? რა ჯანდაბაზე ფიქრობ, ან ჟვაჩკა გადმოაფურთხე, ან პაპიროსი დადე, შე ფეთიანო, შენა. არა, ეს კიდევ გააჩენს -ნახე, აიტანა ისევ შიშებმა. როგორ მიყვარს ეს სურათი! როგორი ნაცნობია და რა მაგარი!!!! შიში რომ არ გასვენებს და გაღეჭინებს, გაწევინებს, გაპოსტინებს და საერთოდ დიაფრაგმაში რევოლუციას გიწყობს...რა მაგარია, ნანა, რა მაგარი!!!! შფოთი, შფოთი... სარა იტყოდა: ვ ტრევოგე პრავდი ნეტუ, დოჩა:))))

    ReplyDelete
  11. საყვარელი თუმოროფობია ეს!!! <3

    ReplyDelete
  12. სულ არ ვიცი, რა უნდა დავწერო.ან რა უნდა დავწერო.
    მირტყავს - გულში ეს თუმოროფობი. სულ ესაა

    ReplyDelete