Monday, July 19, 2010

საშუალო რგოლის მენეჯერი, ანუ თუმოროფობის საზარელი წარსული :))

ალოისი: შემოდი
აგრაფინა: როგორაა?
ალოისი: მგონი უარესად



აგრაფინა: უარესად?
ალოისი: მგონი
შემოსასვლელში პატარა სინათლე ანთია, მთელი ბინა ასეა განათებული - ოდნავ. ორივე ჩუმად ლაპარაკობს, ნახევარ ხმაში, თითქმის ჩურჩულით. აშკარად ბინაში მყოფ ავადმყოფს უფრთხილდებიან.
აგრაფინა: რას აკეთებს?
ალოისი: თავისთანაა. ექსელში - ცხრილებს, როგორც ყოველთვის. მერე ფილტრებს აყენებს და ძალიან უხარია.
აგრაფინა: ფაუერ ფოინთს გაეშვა?
ალოისი: ფაუერ ფოინთს - კი. მაგრამ ექიმი ამბობს, ეს უფრო ცუდი ვარიანტიაო, დინამიკა არ მომწონს, დინამიკაა ნეგატიურიო.
ამ რეპლიკის დროს უკვე სამზარეულოში არიან. აგრაფინა მოწყვეტით ეშვება სკამზე, ფითრდება.
ალოისი: ჩაი გინდა?
აგრაფინა: ყავა გამიკეთე
ალოისი ფუფუსს მოყვა. ფრთხილად მოძრაობს, უხმაუროდ.
ალოისი: სასაცილო ისაა, მე და შენ ვგონივართ ავად.
აგრაფინა: მე და შენ?
ალოისი: ჰო...
აგრაფინა: მთელ ტანში მტეხს, საშინლად მამტვრევს ხერხემალი.
ალოისი: სამ დღეში სავსე მთვარეა, მოითმინე ცოტაც. იმ უბედურმა რაღა თქვას?
აგრაფინა: ვითმენ. მაგას როგორ შევადარებ თავს, რას ამბობ
მარცხენა თვალი ცრემლით ევსება. მაგრამ ცრემლი ქვევით კი არ ეშვება, დიაგონალზე მიდის, ცხვირს კვეთს და მარჯვენა ლოყას მოყვება ნიკაპისკენ.
ალოისი: კარგი, არ გინდა ახლა.
აგრაფინა: რაღა არ მინდა
ალოისი ოხრავს, ღრმად, მძიმედ.
აგრაფინა: გავალ, გავხედავ
ალოისი უკვე მაგიდასთან ზის. სუფრა გაუშლია - ყავა, ნამცხვარი, კონიაკი. აგრაფინა შემოდის.
ალოისი: რაო?
აგრაფინა: ბიუჯეტებს ვაკეთებ და ბადესო
ალოისი: ვაიმე, ბადესაცო?
აგრაფინა: კი, ბადესაცო. საერთო მაუწყებლობის ფორმატის ბადესო, მერე კინოარხისა უნდა გავაკეთოო, იმასო სხვა პრინციპები სჭირდება პროგრამირებისო. კონიაკი რაღად გინდოდა?
ალოისი: დავლიოთ, აღარაა ჯანი. ნერვებს ვეღარ ვიჭერ, დავლიოთ
აგრაფინა: ჯანდაბას, დავლიოთ, მაგრამ იმანაც არ მოინდომოს.
ალოისი: გაგიჟდი? ბადეს თუ აკეთებს, პირს არ დააკარებს.
ფანჯრებს მიღმა ზამთრის ღამე დამდგარა - კაშკაშა მთვარე გაყინულ, მოწმენდილ ცაზე. ქარია. ზუის. ალოისი და აგრაფინა რიგიანად დამთვრალან. ყაყანებენ. იცინიან, ტირიან, იცინიან ტირიან. მერე გრძელიიი, გრძეეეელი პაუზა. ორივე თავისას ფიქრობს. ბოლოს აგრაფინა იშმუშნება:
-მაინც როგორ დაეწყო ეს, როგორ მოუვიდა?
ალოისი კრინტს არ ძრავს.
აგრაფინა: რატომ არასდროს მპასუხობ? კარგი რა, ბავშვი ხომ აღარ ვარ
ალოისი, ძალიან მთვრალი: ჯანდაბას, გეტყვი მღვდელს ჭილოფში ვერ დამალავ
აგრაფინა: ვერა, რამეს მაინც გამოყოფს, მაგალითად ფეხს
ალოისი: არ მინდოდა მეთქვა, სანამ ახალგაზრდა იყავი... ისადა... დედაშენი საშუალო რგოლის მენეჯერია. იყო, უფრო სწორედ... დიდხანს, ასე 15 წელი
აგრაფინა მყისიერად ფხიზლდება, ისევ საზარლად ფითრდება და ახლა უკვე მარჯვენა თვალი ევსება ცრემლით, მაგრამ ამჯერად ცრემლი ზევით მიდის, შუბლს უსველებს და თმებში უჩინარდება.
ალოისი ფეხზე დგება, სამზარეულოს ფანჯარასათან მიდის და აგრაფინას ზურგს აქცევს. ასე ელაპარაკება, ზურგშექცევით, თითქოს როდესაც თვალებში არ უყურებს, უფრო ადვილად ამბობს სათქმელს:
ალოისი:
მკაცრად ნუ განსჯი, შეიცოდე, დედაა შენი,
მისი შიშების პროდუქტი ხარ, ნაყოფი მათი
გემახსოვრება, გაუტამამ შვილს არ დახედა,
რადგან არ სურდა მენეჯერის სწეოდა ბედი.
ადგა, წავიდა, გაეცალა ვალდებულებებს.
მან ეს ვერ შესძლო, თუმც გაქცევა სურდა ძალიან,
სოციალური არ უყვარდა დაბადებიდან.
საზარელია საშრგოლისა მენეჯრის ბედი
თან ჯალათია და თან მსხვერპლი იმავდროულად
უფროსთან იგი ხელქვეითია - მორჩილი ეგზომ,
მოკრძალებული, მიჩმორილი, დამორცხვებული.
თავის ოფისში სასტიკია, დაუნდობელი
სახეზე ზიზღი ახატია, ძაან ვაჟნია.
სტატუს-როლური გაორების იგია მსხვერპლი
ამ გაორების უბადრუკი ტყვე და ტუსაღი.
უფროსიც სძაგს და ვეღარ იტანს ვერც ხელქვეითსა
“Top” -ობა უნდა მთელი გზნებით, მთელი ძალითა
და თან დაცემის ეშინია, როგორც სიკვდილის.
შენ თათბირების არა იცი, შენ არ გინახავს
ცხელებიანი საგიჟეთი ამ შეკრებების,
სადაც სიტყვები არას ნიშნავს, სრულიად არას,
მხოლოდ სიმბოლო, რიტუალი და მინიშნება.
ასე იცხოვრა, აი ასე მძიმედ და რთულად
ვით ინდუსების სალოცავმა მსუქანმა ძროხამ,
რომელიც აღარც ღმერთია და არც ჩალაღაჯი
სადღაც სივრცეში გაჭედილი, საშუალო რგოლში.
ალოისი შემობრუნდება აგრაფინას შეხედავს. თენდება. ის აღარ ტირის. სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებს, რადგან უცნაურ ღიმილებს ძალიან უყვართ, როდესაც ვინმეს სახეზე დასთამაშებენ.

4 comments:

  1. საწყალი :(

    ReplyDelete
  2. შეგეცოდა, გივი, ხომ? :)))) მეც მეცოდება :)))

    ReplyDelete
  3. ის აღარ ტირის. სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებს, რადგან უცნაურ ღიმილებს ძალიან უყვართ, როდესაც ვინმეს სახეზე დასთამაშებენ.

    ReplyDelete
  4. ძალიან მაგარია. ეს ვარიანტი შესაძლოა ყველაზე სანატრელიც იყოს. საოცრება ის იქნებოდა სხვა საქმისთვის მიეყო ხელი მის მდგომარეობაში. დავრჩეთ მენეჯერებად ბოლომდე სანამ სხვა თანამდებობაზე "გადაგვიყვანენ" გემახსოვრება, გაუტამამ შვილს არ დახედა,
    რადგან არ სურდა მენეჯერის სწეოდა ბედი
    რომელიც აღარც ღმერთია და არც ჩალაღაჯი

    ReplyDelete