Monday, July 25, 2011

წვიმა

ეძღვნება ჩემს საყვარელ მეგობარს თეონას 
ივლისი იდგა. გარეთ კაშკაშა მზე ანათებდა. შინ კი მონოტონურად და მეთოდურად წვიმდა და საზარელი ქარი ქროდა. ისეთი ქარი ქროდა, რომ ყველაფერი ფრიალებდა, ზრიალებდა და წუოდა. თუმოროფობი და აგრაფინა მაგიდას მისხდომოდნენ, ქოლგები გაეშალათ, მოუხერხებლად ამოედოთ იღლიაში და ჩაის სვამდნენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ დაელიათ, მაგრამ ქარი ქოლგებსაც არ ასვენებდა, უკუღმა ატრიალებდა, ხელიდან გლეჯდა.
ქარის გამო წვიმა ირიბად ასხამდა და საბრალო აგრაფინას და თუმოროფობს ქოლგები საერთოდ ვერ იცავდა, ორივენი გაწუწულ ბეღურებს დამსგავსებოდნენ. იატაკზე დიდი გუბეები დამდგარიყო და ამიტომ  მაღალყელიანი ბოტები ჩაეცვათ.
აგრაფინა: საშინელი მიკროკლიმატია ამ სახლში.
თუმოროფობი: ამ სახლში საშინელი მიკროკლიმატია.
აგრაფინა: დიდი ხანია ასეთი საშინელი მიკროკლიმატია?
თუმოროფობი: ასეთი საშინელი მიკროკლიმატი დიდი ხანია არის - აგერ უკვე რვა თვეა.
აგრაფინა: ცუდია.
თუმოროფობი: ცუდია.
ქუხილი დაიწყო. ჭერში ქუხდა და ელავდა, ქუხდა და ელავდა, ქუხდა და ელავდა.
თუმოროფობი (ხმამაღლა, ქუხილის გამო): პრობლემა ისაა, რომ აქ ყოველთვის ისე წვიმს, როგორც ქუხს, ზუსტად ისე წვიმს.
აგრაფინა: საერთოდ მე არ მიყვარს, როცა ისე არა წვიმს, როგორც ქუხს - ფუჭ ზალპებს ვერ ვიტან, მაგრამ ახლა ფუჭი ზალპები მარტოოდენ გამახარებდა.
ქუხილს მართლაც მოყვა წვიმის საზარელი ინტენსიფიკაცია, ქარმაც იმატა.
აგრაფინა (ასევე ხმამაღლა ქუხილის გამო): იქნებ ფანჯარა გააღო, ცოტა სითბო შემოუშვა.
თუმოროფობი: არა. ვცადე ბევრჯერ. პირიქით, აქედან გადის სიცივე და მერე მეზობლები მეჩხუბებიან.
აგრაფინა: რევმატიზმი გაგიჩნდება.
თუმოროფობი: უკვე.
აგრაფინა: ასთმა?
თუმოროფობი: უკვე.
აგრაფინა: მიდი რა ჩაი დამიმატე, ცხელი ჩაი.
თუმოროფობი ადგა, ქოლგა მარჯვენა იღლიიდან მარხენაში გადაიტანა, შარვლის ტოტები აიკეცა და ისე სცადა გავლა, რომ ყველაზე დიდი გუბეებისთვის გვერდი აევლო. გაზქურიდან ჩაიდანი აიღო და იგივე მარშრუტი უკან წვალებ-წვალებით გამოიარა.
თუმოროფობი: უიიიი, სანამ მივდი-მოვდიოდი, სკამი სულ დასველებულა.
აგრაფინა: ჰო, სანამ მიდი-მოდიოდი, სკამი სულ დასველებულა.
თუმოროფობმა ჩაიდანი მაგიდაზე, ზედადგარზე დადგა, შარვლის ჯიბიდან დიდი ტილო ამოიღო და სკამის გაწმენდას შეუდგა. წვიმის ცივი შხეფები ცხელ ჩაიდანს ეცემოდა და შიშინებდა და შიშინებდა.
შებინდდა. სამზარეულოს ნათურას ქარი ჭრიალით აქანებდა და სინათლე ხან თუმოროფობს ეცემოდა, ხან აგრაფინას. ჭრრრრ ჭრრრრრ - აგრაფინას სინათლის ზოლმა გადაურა, თუმოროფობს - სიბნელის; ჭრრრ ჭრრრრ - თუმოროფობს სინათლის ზოლმა გადაურა, აგრაფინას - სიბნელის.
თუმოროფობი: მიგიქცევია ყურადღება როგორ მოძრაობენ პატრონიანი ქალები? განებივრებული ქალები, ნაფერები ქალები? აი ისეთი ქალები, სადგურზე, მატარებლიდან ჩამოსულებს, კაცები რომ ხვდებიან და ჩემოდნებს ართმევენ; ან კიდევ ისეთი ქალები, რომლებსაც სანტექნიკოსი ვერ მოატყუებს იმიტომ, რომ მათ კაცებზე ექნებათ შფოთიანი აგლიადკა; სამსახურში გასართობად რომ დადიან ან იმისთვის, რომ ჯიბის ფული იქონიონ - კოპწია ქალები, პატრა ნაბიჯებით და ნატიფი მოძრაობებით?
და გინახავს ისეთი ქალები მატარებლიდან ჩამოსულებს არავინ რომ არ ხვდება და ქოშინით რომ მიათრევენ მძიმე ჩემოდნებს? ისეთები, რომლებიც ხელოსნებს უფრთხიან და  ცხოვრების სიკვდილზე მეტად ეშინიათ? რაც არ უნდა გამოიპრანჭონ, ისე რომ გამოიყურებიან, თითქოს სხვისი სამოსი წამოიცვეს ნაუცბადევად? მძიმე ნაბიჯებით რომ დადიან და მიუსაფრობის  გაცრეცილობას, მარტოხელობის  უიმედობას ტვირთივით რომ დაათრევენ? რაც არ უნდა იმხნევებდნენ თავს, თვალები ინტერნატში მიბარებულ პირველკლასელს რომ უგავთ და თავისი უქომაგო ღირსების სადარაჯოზე ისე რომ დგანან, როგორც ჯარისკაცი მარადიულ ცეცხლთან; არავინ რომ არ უმაგრებს ზურგს და გოსპოძის გარდა ამქვეყნად არავინ რომ არ ეგულებათ?
გარეთ ივლისის ცხელი, მშრალი ღამე იდგა. მოპირდაპირე კორპუსში სინათლეები აენთოთ და ქუჩას ასფანჯრიანი მყუდროება გადმოსცქეროდა: მყუდროება ყოველთვის სხვის ფანჯარაში ცხოვრობს. აგრაფინა და თუმოროფობი ისევ მაგიდასთან ისხდნენ. წვიმის წვეთები ბრახუნით ეცემოდა კარადებს, მაგიდას, სკამებს, გაზქურას. თუმოროფობს ქოლგა აღარ ეჭირა. მისი ჭიქა წვმის წვეთებით ივსებოდა. უცებ ქარმა ერთი დაიხუვლა და ჭიქა გადააბრუნა. რაკ-რაკ-რაკ ჩამოიღვარა წყალი ჭიქიდან გუბეებით სავსე იატაკზე, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა ექნებოდა? არც არანაირი.

9 comments:

  1. გენიოსია ეს ქალი...

    ReplyDelete
  2. ნაან, ძალიან ძლიერი რამ გამოვიდა

    ReplyDelete
  3. მიშო, სევდიანია? რა ვიცი აბა :)

    ReplyDelete
  4. აგრაფინა (ასევე ხმამაღლა ქუხილის გამო): იქნებ ფანჯარა გააღო, ცოტა სითბო შემოუშვა.
    თუმოროფობი: არა. ვცადე ბევრჯერ. პირიქით, აქედან გადის სიცივე და მერე მეზობლები მეჩხუბებიან.

    წვიმს.. მაინც გაგიღიათ ფანჯარა და მეც სულ დავსველდი... და ამისათვის ნამდვუილად არ გეჩხუბებით, პირიქით, გმადლობთ...:) მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  5. დიდი მადლობა, მათე-მაიკო

    ReplyDelete
  6. Minaxavs,minaxavs egeTi qalebi, agrafina! minaxavs isetebic quslian fexsacmels rom ver icmeven, radgan aravin egulebaT gverdiT, rom mis mklavs daeyrdnon...acviaT chustebi, baletkebi, sandlebi da egvipteli moinebiviT daalajaben.... vidre ar mogiaxlovdebi, ver mixvdebi, qali var Tu kaci...an mere riTi unda mixvde,agrafina?MIpatrone,davo, mipatrone! ra kargi iyo!

    ReplyDelete
  7. Bravo! Bravisimo!!!!!

    ReplyDelete