Sunday, June 14, 2009

ადგილსა მწვანესა, ადგილსა ბალახოვანსა

"განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისა, ადგილსა მწვანესა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება და ურვა"

...ჩაბნელებიდან: დიდი ოთახი, რომლის შუაგულში მიცვალებული ასვენია.მის გარშემო, როგორც წესი და რიგია, ჭირისუფლები სხედან. ოთახში სიკვდილის დახუთული სუნი დგას, რომელიც შემდეგ კომპონენეტებად იშლება: ჯერ კიდევ ახალი და უკვე ჭკნობაშეპარული თაიგულები, მოტირალთა უკვე ჭუჭყიანი და ჯერ კიდევ სუფთა სხეულები, მათივე სუნამოები, ნელსაცხებლები და კიდევ, ამ ქმედების მთავარი ობიექტის, საკუთრივ ცხედრის სუნი _ ბალზამი და ხრწნა... ფანჯრიდან, რომელსაც რატომღაც არ აღებენ, მშვენიერი მაისის მშვენიერი დღე მოჩანს: დიდი მწვანე ხეები, მზიანი ჩრდილები _ უხიფათო ყოველდღიურობა.

- ვაიმე, თამაზი, ვაიმე, ბიჭო, ადექი, ადექი, კაცო, ვაიმე, ან რამე გეთქვას ჩემთვინ ცუდათა, ან გაგელანძღე, ბიჭო, რო გული აღარა მტკენოდა ეგრე, ვაიმე, ბიჭო, ვაიმე, ბიჭო!
- აღარ იტირო ამდენი, ნელი, უფალს ტირილი არ უყვარს, უფალს უყვარს ლოცვა.
_ ვაიმე, ვაიმე, ვაიმე! როგორ არ ვიტირო, გოგო, როგორ არ ვიტირო, რამე მაინც ეთქვა ჩემთვინა, გოგო, როდისმე, სულ მეფერებოდა, ეს საწყალი ესა, შე საწყალო, შე საწყალო, შე საწყალო, შე საწყალო, შე საწყალო, შე საწყალო, შე საწყალო...
_ ვიცი, გენაცვალე, ვიცი, ჩინებული მეუღლე დაკარგე, მაგრამ სასოწარკვეთა ცოდვაა, ლოცვა კი მადლი. აბა კითხე მოძღვარს, კითხე და ნახავ რასაც გეტყვის.
კუთხეში ორი ქალაქელი ნათესავი ზის, 40-იოდე წლის ქალები, დები (ფანი და კიტი), შეწუხებულები ჩანან, მაგრამ იმ ასაკში არიან, როდესაც სხვისი სიკვდილი ბევრს აღარაფერს ნიშნავს.
_ ეს ვიღაა?
_ ნელის ნათესავია ვიღაცა, ყველას ჭკუას არიგებს.
_ იმას არა ჰგავს, გოგო, დრუზილას , გოდფრი ებლუაიტი რომ უყვარდა, რა გვარი იყო?
_ არ მახსოვს, მაგრამ ჰო, მაგრად ჰგავს.
_ სიარულს შეხედე, დგომას, შეამჩნიე თავი სულ მოდრეკილი აქვს.
_ რაც მთავარია, ეს რწმენა და ეკლესიურობა, რიტუალების ცოდნა და რაღაცეები ცხვირის აწევის საბაბს აძლევს... წაიღო ტვინი თავისი ნოტაციებით: "ეს შეიძლება, ეს _ არა, ეს ცოდვაა, ეს მადლია"
_ ჰო, ჰო ესაა, აბა რა გგონია _ "знание - сила!" მე ვიცი, მხოლოდ მე ვიცი თქვენ _ არა, და ამ არცოდნისთვის პასუხს გაგებინებთ...
_ ამათ, ამ საწყლებს სულ თავის ჭკუაზე ატრიალებს.
ოთახში ხალხმა დაიწყო შემოსვლა. როგორც ჩანს, თანამშრომლები არიან.
- ვაიმე, თამაზი, ნახე ვინ მოვიდა, თამაზი, ადექი, ბიჭო, რათა წევხარ, ადექი, ადექი-მეთქი.
_ ბატონო თამაზ, ეს რა გვიქენით, ბატონო თამაზ, თქვენ ჩემთვის მამაც იყავით, მასწავლებელიც, ვაიმე, როგორ გადავიტანო უთქვენობა...
ჩაბნელება.
"განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისა, ადგილსა მწვანესა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება და ურვა"...
ადგილსა მწვანესა, ადგილსა ბალახოვანსა, დიდ, ჩრდილოვან ტყეში უზარმაზარი ფიჭვები იდგა. თითოეული ფიჭვის ქვეშ მაღალ, ხასხასა ბალახში საბავშვო ეტლები იყო ჩადგმული. ეტლებში, ქათქათა ზეწრებზე, მყუდროდ მოკალათებულ, ლოყებაწითლებულ პატარა ანგელოზებს ეძინათ. ახალგაზრდა, ლამაზი დედები ბილიკს გადაღმა საზაფხულო სახლებში ფუსფუსებდნენ და ქათქათა თეთრ ჯამებში ვაშლებს ხეხავდნენ. პაწაწინა მძინარე ანგელოზებს უფროსი დები და ძმები დარაჯობდნენ _  იქვე ეტლებთან საზაფხულო სავარძლებში ისხდნენ, მუხლებზე ლამაზი, ნათელი და ჭკვიანი წიგნები ედოთ. ისინი ამ წიგნებს კითხულობდნენ, მზით გამთბარი ფიჭვების არომატს ისუნთქავდნენ და გასაოცარ მუსიკას უსმენდნენ. აქ, ადგილსა მას განსასვენებელსა, კეთილმოსურნე, ნელი დრო მშვიდად მიედინებოდა და არავის ემუქრებოდა, აქ დროის მდინარებას ყველა შეჰხაროდა, რადგან დროს მომავალი მოჰქონდა, მომავალი, რომელზეც მძინარე ანგელოზების უფროსი და-ძმა მთელი გულით ოცნებობდა და  რომელსაც მათი ლამაზი დედები იმედით ელოდნენ.
ჩაბნელება.
დრო მკვდარ თამაზს უფრო სასტიკად ექცეოდა, ვიდრე ცოცხალს _ მისი სახე ავთვისებიან, გაავებულ, ინტენსიფიცერებულ დროს უკვე ურჩხულის სახედ ექცია. ამის დანახვა ნევროტულ ქალაქელ ნათესავებს ძალიან უმძიმდათ. ის კი არა, მიღმურთან დაახლოებულ დრუზილას, სიკვდილის მეცნიერებათა დოქტორ დრუზილასაც კი უკიდურესად უჭირდა თამაზისთან ოთახში მარტო დარჩენა. ფსალმუნს რომ უკითხავდა, მუდმივად სთხოვდა ფანის და კიტის სადმე აქვე იყავითო. კორექტულ, მშვიდ ინტელიგენტურ თამაზს, რომელსაც არასდროს არავინ უფრთხოდა, სიკვდილმა სახიფათო ძლევამოსილება შესძინა.
_ გოგო, იცი რა ვიფიქრე, გუშინ რომ დაგსიზმრებოდა თამაზი, არც არაფერი, მეორე დღეს არც გაგახსენდებოდა. ახლა რომ დაგესიზმროს, შიშისგან ხელ-ფეხი გაგეყინება და გაგეღვიძება. მერე დილით სიზმრის ახსნას დაიწყებ: ვაიმე, რას ნიშნავს, ვაიმე, ხომ არ წავყევი _ უთხრა ფანიმ კიტის, მაშინ, როცა ის და მისი და თამაზს ვაჟკაცურად უთენებდნენ ღამეს.
_ აბა? _ უპასუხა კიტიმ _ იმიტომ, რომ ის უკვე მტრის ბანაკშია, იქითაა, და რაც მთავარია, სიცოცხლის უხიფათო კონკრეტულობა აღარა აქვს და ახლა მასთან დაკავშირებული ყველა სიზმარი რაღაცას მოასწავებს.
_ აქა ხართ? _ იკითხა თამაზის ვაჟმა და გვერდზე მოუჯდა ქალებს. მას თამაზის სიკვდილი არც თუ მაინცდამაინც აწუხებდა, რადგან საერთოდ იშვიათად წუხდა, მაგრამ ვითარება ავალდებულებდა ღრმა, მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოეთქვა და მამის უკანასკნელი წუთების შესახებ მითები შეეთხზა. ინტუიციურად გრძნობდა, რომ ამიერიდან მამა მისი პერსონალური მითის პერსონაჟად იქცა, რომელსაც შემდეგ თავის შვილებს მოუყვება: "იმდენი სიმძიმე გადავიტანე... საწყალი მამაჩემი ტანჯვით კვდებოდა..." ახლაც ქალაქელ ნათესავებთან ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტის დამუშავება დაიწყო:
_ ისე შემომხედა ბოლო წუთებში, არა?! ისე შემომხედა, გული გამისკდა, გოგოებო, თვალებით მითხრა ყველაფერი, თვალებითა...…

ფანი და კიტი უხერხულად იღიმოდნენ და ყველა სიტყვას იმახსოვრებდნენ, რადგან ამ წუთებს მერე აუცილებლად ამბად აქცევდნენ და ძალიან ბევრჯერ მოყვებოდნენ.
დრუზილას ძილში შარდის ბუშტი გაევსო და ამიტომ ნახევრად მძინარე, თავისი პატარ-პატარა, მორჩილი, კდემამოსილი ნაბიჯებით, ტუალეტისკენ გაეშურა. ღამისმთეველი ფანისა და კიტის დანახვა არ ესიამოვნა: მასზე თავდადებული და უანგარო აქ არავინ უნდა ყოფილიყო. ეს ღამისთევა დებს უეჭველად რაღაც უპირატესობას მიანიჭებ _ ხვალ დატანჯული სახე ექნებათ, მერე ყველას ეტყვიან: "დავიღალეთ, საბრალო თამაზს ღამე გავუთენეთ, აბა მეტი რაღა შეგვეძლო..." არა, ასე არ ვარგა, დრუზილა ნათესავებში ყველაზე ტანჯულის საპატიო წოდებას იმსახურებს, ცოლის მერე, მეორე ადგილი მას ეკუთვნის, შესაძლოა პირველიც, რადგან ცოლი სულელი არსებაა და არაფერი იცის ცოდვა-მადლზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, დრუზილამ კი ყველაფერი იცის.
ჩაბნელება.
თამაზის თავთან ათასი ნივთი უდგას, მაგალითად: სანთლები, ხორბალი... დიდი თასი, რომელზეც ნატურმორტი გაუწყვიათ. ქართულ, ტრადიციულ, კლიმატურ ზოლთან აბსოლუტურ შესაბამისობაში მყოფ პროდუქტებთან ერთად რატომღაც ვიღაცის მზრუნველ ხელს სამი ბანანი მოუთავსებია.
_ ბანანები, ნახე გოგო?
_ ვნახე.
_ ახლა მღვდელს მოიყვანენ.
_ ვიცი.
_ თამაზი მორწმუნე იყო?
_ რა ვიცი, ასეთ ინტიმურ თემებზე მასთან საუბარი არ მქონია.

სიჩუმე, სიჩუმის ფონზე ცოლის მართლაც უნუგეშო ზლუქუნი.
დრუზილას გამოცოცხლება დაეტყო: მღვდელი მოვიდა, ახალგაზრდა კაცი, მარტივი სახითა და რბილი ""-თი. დრუზილამ წმინდასა და ყოფითს   შორის შუამავლის ფუნქცია, რაღა თქმა უნდა, საკუთარ თავზე აიღო და მღვდელთან არავინ მიუშვა.
_ ეს რაღა არის, ეს რად გინდოდათ _ აღშფოთდა მღვდელი ბანანებიანი თასის დანახვაზე. დრუზილა შეცბა და იმავე წამს გაემიჯნა ბანანებს:
_ ხომ გითხარი, ნელი არ შეიძლება-თქო, ხომ გითხარი...
_ აბა მე რა ვიცი, შენი ჭირიმე _ თავს იმართლებს საბრალო ცოლი, რომელსაც ნამდვილად არ მოსწონს დრუზილას ლაჩრული გაქცევა და აშკარა ტყუილი...
_ ნახე როგორ გაყიდა საწყალი ნელი, არადა უკიდურესი ავტორიტეტულობით აცხადებდა, ხილი დადეთ, მადლიაო.
დრუზილა სანთლებისა და თავსაბურავების დარიგებას იწყებს, მღვდელი რიტუალისთვის ემზადება.
_ მანანა! აქ მოდი _ ეძახის თამაზის გოგოს დრუზილა, რომელსაც ასისტენტი სჭირდება. გოგოც, ბუნებრივია, მზადაა დახმარებისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ სიტუაციის მნიშვნელოვნებას ვერა გრძნობს _ მღვდელს ისე ელპარაკება, როგორც სპეციალისტს, როგორც გამოძახებით მოსულ სანტექნიკოსს:
_ ღვინო ბოთლში, თუ ჭიქაში? ზეთი ბოთლში, თუ ქილაში?
ალბათ, ზუსტად ასევე შეეკითხებოდა ხელოსანს:
_ '"კლუჩი" გჭირდება? ტაშტი მოგაწოდო?
მღვდელს, როგორც ჩანს, არ მოსწონს გოგოს ტონი, არ მოსწონს, რომ საკრალურს პროფანურის სიმსუბუქით ეპყრობიან.
ფანი და კიტი:
_ გოგო, მე მგონი, ჩემთვის სანთლის დაჭერა არ შეიძლება: "ისა" მაქვს.
_ კარგი ერთი, რა სისულელეა...
_ არ ვიცი, არ ვიცი, მე მგონი, მაინც უნდა ვთქვა...
ფანი დრუზილას ჩუმად აღუწერს სიტუაციისადმი თავისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეუსაბამობას, დრუზილა თანაგრძნობით იღიმება:
_ მამაო, ამ ქალბატონს დედათა წესი აქვს, სანთელი დავაჭერინოთ, თუ არა?
"მამაო" დრუზილას თავისუფლებით ცოტათი უკმაყოფილოა, მაგრამ დრუზილამ იცის, რომ იქ, სადაც ჭეშმარიტება მოითხოვს, ფარისევლური მორცხვობა უნდა უკუაგდოს. ფანის სანთელი აღარ მისცეს, მაგრამ ოთახში დარჩენის ნება დართეს.
_ ამას სანთელი არ მისცეთ _ აფრთხილებს ყველა ახალმოსულს დრუზილა _ დედათა წესი აქვს.
_ ეგრეც გინდა, მოედო შენი ამბავი მთელ სოფელს.
მღვდელმა წესის აგება დაიწყო.
_ ვგიჟდები ამ ტექსტზე.
_ მეც, მართლაც ძალიან ლამაზია
_ "
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება და არა ურვა"...
_ მანგლისზე ლაპარაკობს, ბავშვობაზე, სამოთხეში, ალბათ, საბავშვო კურორტია: ახალგაზრდა, ლამაზი, ბედნიერი, მომავლის მომლოდინე დედები, პაწაწინა შვილები, ბევრი ბალახი, ბევრი მზე, მყუდრო სავარძლები და კარგი წიგნები, გრილი საღამოები, ერთობლივი სადილები, ბისკვიტი დესერტზე, საღამოს უხიფათო ხმაურები, ფანტასტიკური განათება გამთენიისას, შაბათ-კვირას საშოვარზე წასული, ჯოჯოხეთიდან ორი დღით გამოქცეული მამების ვიზიტი, დიდი, უშველებელი საზამთროები პროდუქტებით გატენილ ჩანთაში და მოსიყვარულე, ალერსიანი დრო...
_ ჰო, ეგრეა, გახსოვს მე რომ ბავშვობაში კინოფირის თეორია შევთხზე?
_ არა, არ მახსოვს.
_ მოკლედ იქიდან გამოვდიოდი, რომ ყოველთვის შეგიძლია მოხვდე დროის ნებისმიერ წერტილში.
_ დროის მანქანა...
_ ჰო დროის მანქანა, .. ნებისმიერი წამი სადღაც მომავალში, ან წარსულში მარადიულად არსებობს, ყოველთვის არსებობს ჩემი დაბადება და ჩემი სიკვდილი და როდესაც მოვკვდები, მაგ. ახლა, ამ წუთში, იქვე ხელახლა ვიბადები. როგორც კინოფირზე, გმირი მოკვდა, გადაახვიე _ ისევ დაიბადა.
_ საშინელებაა, კიდევ ერთხელ უნდა გავიარო ყველაფერი, არ მინდა.
_ ეს მახსოვს მაშინ შევთხზე, როცა მივხვდი, რომ გავიზარდე და ძალიან შემეშინდა _ გავაცნობიერე, რომ არდადეგები აღარასოდეს მექნებოდა. მახსოვს, დარწმუნებული ვიყავი, უცნაური, არამოტივირებული, აუხსნელი რწმენით, რომ ბავშვობას კიდევ დავუბრუნდებოდი, არ მჯეროდა, რომ სამუდამოდ დასრულდა.
_ ჰო, თანაც ბავშვობა როგორი ხანგრძლივია არა? დრო რა უხიფათოა მაშინ, ჩუმი, არც ისმის.
_ მერე კი ისე ავდება, ბოროტდება, ისე ხმაურობს, ყველა ხმას ახშობს, აუქმებს, მარტო მისი მდინარება გესმის, ავისმომასწავებელი რიტმი, ასაფეთქებელი აპარატის პულსაცია.
_ უნდა ილაპარაკო, ან უნდა იკთხო, ან უნდა უსმინო, ან უნდა უყურო...
_ ახალ ამბებს, მუსიკას, სერიალს...
_ თორემ ვერ გაუძლებ...
_ ფიჭვის ქვეშ, მარტო სიჩუმეში ვეღარ დაჯდები...
_ თამაზს უნდოდა თურმე ძალიან სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ ასვლა თავის აგარაკზე, არდადეგების ტერიტორიაზე...
_ თუ შენს თეორიას დავუჯერებთ, ავიდა კიდეც.

ჩაბნელება.
მღვდელმა რიტუალი დაასრულა.
_ აი, ეს ფურცელი მიეცით ხელში, ესა, ფული კი არა.

საღამოს, როდესაც თამაზი აღარსადაა, ნათესავები მაგიდასთან სხედან და საუბრობენ: ღონისძიება უნდა შეჯამდეს, უნდა გაცნობიერდეს ორგანიზაციული მინუსები და პლუსები, შესაქები უნდა შეაქონ, დასაძრახი უნდა დაძრახონ. მიცვალებულის პატრონობა რთული საქმეა, საპასუხისმგებლო, ოჯახის რეპუტაციისთვის გადამწყვეტი. თუმცა როგორც არ უნდა ეცადო, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შეცდომაში გამოგიჭერს. დრუზილა აზრებს გამოთქვამს, ექსპერტის სიმსუბუქით საუბრობს:
_ სწორია მოძღვარი, სწორი: არ უნდა ჩააყოლო მიცვალებულს ბევრი ნივთი, ეს ცოდვაა, მადლია, როცა ისე მოიქცევი, როგორც საჭიროა. ახლა ვწუხვარ, დეიდაჩემი რომ მოკვდა, ამდენი ჯერ არ მესმოდა და ისეთი ძვირფასი ბეჭედი ჩავაყოლე, რომ მახსენდება, ძალიან მენანება, მქონოდა სამახსოვროდ, მადლი იქნებოდა...
ჩაბნელება.
ფანი და კიტი თავის სამზარეულოში უხიფათო ყოველდღიურობის სიმულაციას ცდილობდნენ და ჩაის სვამდნენ. დროის უზარმაზარი, გაავებული, წამლეკავი, ხმამაღალი ნაკადი თქეშით მოედინებოდა. ორივე დას ეს ნაკადი სასაცილო ტილოს ტიკინებივით სადღაც ჯანდაბაში მიაქანებდა, მათ კი ისეთი ნეიტრალური გამომეტყველება მიეღოთ, ვითომდაც აქ არაფერიაო.
ჩაბნელება.

მე: 1996 წელი? არ ვიცი, არ მახსოვს, ძველია მოკლედ

No comments:

Post a Comment