Saturday, October 8, 2011

უჩალხანო ალხანა

თუმოროფობს უჩალხანო ალხანა სტუმრობდა. უკვე ორი საათი იჯდა მასთან, ცხვირსახოცს ცრემლებით ასველებდა და თავის სევდიან ისტორიას ყვებოდა.
 -დაბადებიდან მესმოდა, დაბადებიდან, ყველა ალხანას თავისი ჩალხანა გამოუჩნდებაო. დედაჩემსაც იმიტომ დაურქმევია ჩემთვის ალხანა, ეთ ლისთ, ანუ ვკრაინემ სლუჩაე, ჩალხანას მაინც ხომ შეხვდებაო.

ამ სიტყვებზე ტენიანობამ ისე იმატა მის ორგანიზმში, რომ ცრემლი თვალებიდან შარკოს შხაპივით წამოუვიდა - ცხვირსახოცი მთლიანად დასველდა, იატაკიც, მაგიდაც, თუმოროფობიც. თუმოროფობი წამოხტა, მარცხენა თვალს ისე ატრიალებდა, იფიქრებდი, ახლავე ბუდიდან ამოუვარდებაო.
-აგრაფიიიინ, აააგრაფიიინ, ვედრო და ტაშტები მოიტანე, მეზობლებს ჩაუვათ წყალი და დავიღუპები - ყვიროდა თუმოროფობი, თუმცა აგრაფინა, სავსე მთვარის გამო უკვე ორი კვირა ტყეში იყო გაჭრილი.
-დამშვიდდი, ალხან - მიუბრუნდა, ალხანას. იქნებ გამოჩნდეს კიდე, რატომ გადაიწყვიტე იმედი, რათა? ჯერ ახალგაზრდა ალხანა ხარ, სიმპათიური, განათლებული, მე ვიტყოდი სექსუალურიც კი. გამოჩნდება შენი ჩალხანა, სად წავა, აბა მითხარი - ქოთქოთებდა თუმოროფობი და თან იატაკს წმენდდა.
-აბა რას ამბობ, რას? შენ იცი, რამდენი ალხანა დადის ამ ქვეყანაზე უჩალხანოდ და რამდენი ჩალხანა უალხანოდ? სტატისტიკას გაეცანი და მერე ილაპარაკე - ქვითენებდა უნუგეშოდ ალხანა და გაჩერებას არ აპირებდა.
 ფანჯრებში შემოღამება დაიწყო. თუმოროფობს მარცხენა თვალიც ეხუჭებოდა და მარჯვენაც, მაგრამ ებრძოდა ძილს, ერეოდა კიდეც და თან ერთი აზრი უბურღავდა ტვინს: ნუთუ ანდაზებიც ტყუიან, ნუთუ? მაშ ვისღა დავუჯერო, ვისღა ვენდო?
 აი ასე ისხდნენ გათენებამდე უნუგეშო ალხანა და ანდაზების სიმართლეში დაეჭვებული, ამდენი უჩალხანო ალხანის მარტოობით გულდამძიმებული, მთვლემარე თუმოროფობი.

No comments:

Post a Comment