სტატიები

რატომ წამოვედი ფეისბუქიდან

დეაქტივაცია როგორც თვითმკველელობა, ან მოულოდნელი სიკვდილი
არადა, იმ დღეს ამას არაფერი მოასწავებდა. „ისკიარადა“ დილიდან ჩემი საყვარელი ბოდრიარის საყვარელ წერილს ვკითხულობდი, „მასმედიის რექვიემს“ და კითხვის კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეჩვენებოდა, რომ ტელევიზიის საპირისპიროდ, რომელიც ყოველთვის, თითქმის ყოველთვის ძალაუფლება/ხელისუფლების ინსტრუმენტია, ინტერნეტი და სოციალური ქსელები ნამდვილად შეიძლება იქცეს დემოკრატიულ მედიად, პლურალიზმის ადგილად. ბოდრიარს მოვიშველიებ:
„მასმედიის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ის ანტიგამტარია, არატრანზიტული, ანტიკომუნიკაციური, თუ, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას ურთიერთგაცვლად, სიტყვისა და პასუხის ურთიერთკავშირის და შესაბამისად პასუხისმგებლობის სივრცედ მივიჩნევთ... ასე რომ, მასმედიის თანამედროვე არქიტექტურა... წარმოადგენს იმას, რაც სამუდამოდ კრძალავს პასუხს“
და კიდევ, ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი:
„არ არის საჭირო ტელევიზიებზე ხელისუფლების პოლიციური კონტროლის წარმოდგენა (ორუელი, „1984“); მარტოოდენ თავისი არსებობით, ტელევიზია საკუთარი თავის კონტროლს ახორციელებს. არც იმის წარმოდგენაა საჭირო, რომ ტელევიზია თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებაში რეჟიმის ჯაშუშის როლს ასრულებს; ტელევიზია ამაზე ყველაფერზე მეტია: ის იმის გარანტიაა, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რომ ისინი, პასუხგაუცემელი სიტყვის პირისპირ დარჩენილნი, საბოლოოდ არიან იზოლირებულნი“.
მოკლედ, ბოდრიარს, თუ არ მეშლება, იმის თქმა უნდოდა, რომ თანამედროვე მედია, კერძოდ კი ტელევიზია, რომელიც აი ამ სქემით მუშაობს: გადამცემი ინსტანცია-გზავნილი-მიმღები ინსტანცია, (ანუ, ინსტანცია, რომელიც ქმნის კოდს-გზავნილი-ინსტანცია, რომელიც დეკოდირებას ახდენს), ყოველთვის ავტორიტარულია, რადგან არ აინტერესებს პასუხი წარმოთქმულ სიტყვაზე, ხოლო „მასმედიის მეშვეობით სანახაობად (კოდად) ქცეული სიტყვა მკვდარია“.
აი ამ წერილს ვკითხულობდი და აღფრთოვანებით აღვნიშნავდი, კითხვის პარალელური შინაგანი მონოლოგით, რომ სწორედ ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა შექმნეს ნამდვილი კომუნიკაციის ადგილი, ტელევიზიის ალტერნატივა, სადაც შეიძლება და აუცილებელიცაა პასუხის დაბრუნება, სადაც ის, ვინც სიტყვას წარმოთქვამს, მოუთმენლად ელის პასუხს, მით უფრო, რომ მასსა და მის მოსაუბრეს შორის არ დგას, ბიუროკრატული სისტემა, ინსტიტუცია - ტელევიზია, რადიო, გაზეთი და მათი წარმომადგენლი, ჟურნალისტად წოდებული ბიუროკრატი.
და უცებ, რამდენიმე საათის შემდეგ, მე, ფეისბუქის თავგამოდებულმა აპოლოგეტმა, ფანატიკურმა მომხმარებელმა, „ფეისბუქ ფრენდლი იუზერმა“, გაზიარების (დაშეარების) მანიაკმა, ლინკომანმა და ცნობილმა სტატუსოლოგმა ერთი საბედიწერო კლიკით, ჩემი პროფილის სამუდამო დეაქტივაცია მოვახდინე.
მეორე დღიდანვე ჩემი ვაჟი, ინბოქსში ჩემი საყვარელი ფრენდების დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილებს იღებდა: „მისი წასვლა ფეისბუქიდან დიდი დანაკლისია...“
ყოველთვის მიყვარდა საკუთარი გარდაცვალების დაგეგმვა და აი, ჩინებული რეპეტიცია გამომივიდა, ნამდვილად ჩინებული.

საჯაროობის აუტანელი ტვირთი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერკომუნიკაბელური და ჰიპერყბედი ვარ. ამიტომ ფეისბუქი თითქოს ჩემთვის შექმნილი იდეალური სივრცე იყო. იყბედე, რამდენიც გინდა, ვინმე მაინც გადმოხედავს შენს ნაცოდვილარს და ლაიქით გაგიხარებს გულს. აჰა, შენ ტრიბუნა და აჰა შენ აუდიტორია. მაგრამ საქმე ისაა, რომ საჯაროობა მეზიზღება. ვიწრო წრეში, არაფორმალურ სიტუაციაში, რაზეა ლაპარაკი, ისე ვარ, როგორც თევზი წყალში. მაგრამ, როგორც კი ახლო-მახლო საჯაროობის ატრიბუტები გამოჩნდება, მაგალითად მიკროფონი, კამერა, აუდიტორია, პანიკური შიში მიპყრობს. საჯარო გამოსვლის მაღალი პასუხისმგებლობა ჩემი, ჩვეულებრივ მკვირცხლი და ხშირად ავტონომიური ენის სრულ დამბლას იწვევს და მეტყველების მაგიერ უსუსურ ბუტბუტბუტს ვიწყებ. ასე მგონია, აუცილებლად დამიწერენ ორიანს და შინ მისულს მამა საზარლად დამსჯის. არადა, ბოლოს, პროფილის დეაქტივაციის, ანუ ფაქტობრივად თვითმკვლელობის მომენტისთვის, უკვე 3600 ფრენდი მყავდა, თქვენ გესმით რას ნიშნავს - 3600 ფრენდი? ამაზე მეტი საჯაროობა რაღა გინდა. რა ვქნა, მეგობრობაზე უარს ვერავის ვეუბნებოდი. წარმოიდგინეთ, მოდის შენთან ადამიანი და გთხოვს, მოდი, ვიმეგობროთ - განა დიდი პატივი არ არის? ჰოდა, ვიმეგობრებდი და ამას ახლაც არ ვნანობ, რადგან ფეისბუქის მეშვეობით რეალური მეგობრები გამიჩნდა, ისეთები, ვისაც „ლაივში“ ვხვდები და ვინც ძალიან მიყვარს.
მაგრამ როდესაც შენს გაუთავებელ ლაქლაქს „პირდაპირ ეთერში“ 3600 ადამიანი ისმენს, აქ მთავრდება პრივატული სივრცე და იწყება საჯარობაა, რომელიც კომუნიკაციას უშუალობას უკარგავს და შენდა უნებლიეთ ირთვება შინაგანი ცენზორი, რომელიც „სხავგვარად“ მეტყველებაში გავალდებულებს.

ლაპარაკის შეუძლებლობა

დაფიქრებულხართ იმაზე რამდენი ტაბუ დააწესა თანამედროვეობამ, რომელიც თითქოს სრულიად თავისუფალია? უამრავი! და ეს ტაბუ, მიუხედავად ფართოდ დეკლარირებული სიტყვის თავისუფლებისა, ძირითადად, ზუსტად რომ სიტყვას ეხება. გაიხსენეთ ყბადაღებული პოლიტკორექტულობა, სრულიად აბსურდული სისტემა ენობრივი აკრძალვებისა, რომელიც ძველი, მამა-პაპური სიტყვების მაგიერ, ახალი, გიჟური სიტყვებით ოპერირებს. მე მაგალითად, სიტყვა „დაბალი“ არასდროს მეგონა შეფასებითი და მით უფრო ნეგატიური ჟღერადობისა. ერთადერთი, რაც ჩემს გარეგნობაში არ მადარდებს ჩემი სიმაღლეა, უფრო სწორად, ჩემი სიდაბლე (არ აგერიოთ სიმდაბლეში, ჩემს სიმდაბლეზე სხვა წერილში ვილაპარაკოთ). არადა, სწორედ PC-იმ (political correctness) მიმახვედრა, რომ უზარმაზარი ნაკლი მქონია და როდესაც ვინმე ჩემზე იტყვის დაბალიაო, ის დუელში უნდა გამოვიძახო და სასტიკად მოვკლა. თურმე ჩემნაირებს დღეს ვერთიქალი ჩელენჯდ-ს უწოდებენ, ანუ ადამიანს, რომელსაც ვერტიკალში პრობლემები აქვს, მე კიდევ რატომღაც მხოლოდ ჩემი ის პრობლემები მაწუხებდა, რომელიც ჰორიზონტალში მაქვს - ანუ ზედმეტი წონა.
მაგრამ იქით იყოს პოლიტკორექტულობა, რადგან აკრძალვას სიტყვაზე, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს. მაგალითად, „პროგრესული“ და „წინწასული“ საზოგადოების მიერ უსიტყვოდ დაწესებული სტანდარტებით, აკრძალულია ლაპარაკი სიკვდილზე და ავადმყოფობაზე; სიღარიბეზე და სიბრალულზე ღარიბების მიმართ; აკრძალულია სენტიმენტები - მოკლედ, არტიკულირებული, დეკლარირებული სიკეთე და სევდა უკიდურეს გოიმობად ითვლება. სასჯელიც ხშირად ასეთივე უსიტყვო და ერთის შეხედვით ფარულია - გარიყვა, მარგინალიზაცია, გოიმის სტატუსის მოწებება. თუმცა შესაძლოა აშკარად, ხილულადაც დაისაჯო და ხმამაღალი დაცინვის ობიექტი გახდე. ამ ბოლო დროს კი ქართულ ფეისბუქში ზოგიერთი საყოველთაოდ ცნობილი „ლიბერალი“, როდესაც რაიმეს ისეთსას გაიგებს, რომელიც მის „ნატიფ“ ყურს ეხამუშება, უბრალოდ პირდაპირ შეტევაზე გადადის და ვერც კი ხვდება, რომ ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით, სწორედ ქსენოფობიურ ომებს იწყებს, შეუწყნარებლობას და განსხვავებული აზრის დევნას ნორმად აქცევს.
როგორც ჩანს, კულტურა ტაბუს გარეშე ვერ არსებობს, უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს და როდესაც ქრება საზრისიანი, ანუ ტრადიციული ტაბუ, წინ აკრძალვათა სრულიად აბსურდული სისტემა გამოდის, ტაბუ-სიმულაკრი, რომელიც უპირველესად ყოვლისა, გულწრფელ, პირდაპირ და პატიოსნად წარმოთქმულ სიტყვას ემტერება.
მოკლედ, ქართულ ფეისბუქში ცენზურა დაძრწის და ეს ცენზურა ოფიციალურ ინსტიტუტებს არ დაუწესებიათ, ცენზორის ფუნქცია „წინწასულმა“ ფრენდებმა იკისრეს და ფბ-ც ისევე, როგორც ბოდრიარის წერილში ტელევიზია, იმ ადგილად აქციეს, სადაც წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხი აღარავის აინტერესებს - მას, ვინც პასუხს აბრუნებს, ვინც პასუხობს უბრალოდ ფრენდების სიიდან შლიან.

ბოლოთქმა

იმ დღეს, ყველაფერი ზემოთქმული, რატომღაც ცხადად, ხელშესახებად ვიგრძენი და მიუხედავად ჩემი დილანდელი ეგზალტაციისა, მივხვდი რომ ფეისბუქში აღარაფერი მესაქმება. ფეისბუქიც „გატელევიზორდა“ და ამიტომ ჩემთვის სრულიად უინტერესო გახდა.
და კიდევ ერთი, იმავე დღეს რატომღაც იმასაც მივხვდი, რომ როდესაც სიკეთე სისუსტედ, პათეტიკურ, უგემოვნო გამოხტომად, არაესთეტიკურ ჟესტად მოინათლება, როდესაც მთავარი, საწისი სიტყვები - თანაგრძნობა, სიბრალული, სიყვარული, გულმოწყალება ესთეტიკური (და იქნებ ნეომორალური) იმპერატივით წარმოსათქმელად აიკრძალება, მაშინ მათ ადგილს ამ ცნებების დესტრუქციის, თუ გნებავთ დეკონსტრუქციის პროდუქტი, მათი ნეგატიური ანარეკლი, მათი ოპოზიტი იკავებს - ქსენოფობია, ჰომოფობია, ობსკურანტიზმი. და ამ ტერმინებთან, ამ ვერბალურ კლიშეებთან მებრძოლ ადამიანებს აღარ ანაღვლებთ ქსენოფობის მიერ დაჩაგრული ადამიანი, და აღარ ანაღვლებთ ჰომოფობის მიერ დაჩაგრული ადამიანი, და აღარ ანაღვლებთ ობსკურანტი ფუნდამენტალისტის მიერ დაჩაგრული ადამიანი და საერთოდ, არავინ არ ანაღვლებთ, გარდა საკუთარი „პროგრესული დისკურსისა“, რომელსაც ზუსტად რომ ფუნდამენტალისტებივით და ქსენოფობებივით, ავტორიტარული ქმედებებისთვის იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე ქმედითია.
არადა, გახსოვთ ერთი, სხვათა შორის, დასავლეთში ძალიან მიღებული, კაცის სიტყვები?
„კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.“
აი, ასე - დღეს მე თავს პათეტიკური ტექსტის წარმოთქმის უფლება მივეცი, იმიტომ, რომ გოიმის სტატუსი საერთოდ აღარ მაშინებს და ამისთვის დიდი მადლობა ფეისბუქს, რომელმაც ნათლად მაჩვენა, ვინ არიან ისინი, ვისაც პავლე წკრიალა წინწილს და მოჟღრიალე რვალს უწოდებდა.

2011, აპრილი
***



რეიტინგის დიქტატურა

დავუშვათ, რომ განათლების წყურვილი უსაზღვროა,მაგრამ ხომ განათლდი, გეყოფა. ზედმეტი რაღა საჭიროა

ფიოდორ დოსტოევსკი, დანაშაული და სასჯელი

როგორ იწყება ჩემი დღე? გაღვიძებისთანავე ძილის წინ ბალიშის ქვეშ შენახულ დისტანციური მართვის პულტს ვიღებ და ტელევიზორს ვრთავ. როგორ მთვარდება ჩემი დღე? იმავე დისტანციური მართვის პულტზე ავტომატური გამორთვის რეჟიმს ვაყენებ და ტელევიზორის გუგუნის თანხლებით ვიძინებ. ზუსტად ასევე იქცევიან ჩემი შვილებიც. ჩვენი ცხოვრების soundtrack-ი ის ხმებია, რომელიც ტელეეკრანიდან ისმის, ეფექტურად ახშობს შფოთიან აზრებს და არა მხოლოდ შფოთიანს. ამბობენ, რომ მოზარდი თავისი ცხოვრების 35-40%-ს ტელეეკრანთან ატარებს, ზრდასრული ადამიანი _ 20-25%. გამოვითვალე, რომ უკვე 12 წელი უწყვეტად, ფეხმოუცვლელად ტელეეკრანთან გავატარე და შემეშინდა.

***********

კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა _ ჩემმა მეზობლებმა, აირაპეტოვებმა ტელევიზორი იყიდეს. საღამოობით, ეზოს ბავშვები მათთან მულტფილმების საყურებლად დავდიოდით. მერე ჩვენც გაგვიჩნდა ერთი ბეწო, ვერცხლისფერი “ზარია”. პირადად ჩემთვის სწორედ მაშინ დაიწყო ერა, რომელსაც ახლა საინფორმაციოს უწოდებენ. იმ დროს ტელევიზია შეზღუდული დროით მაუწყებლობდა, თავისი პროგრამის უდიდეს წილს საინფორმაციო გამოშვებებსა და მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, სოციალისტურ შეჯიბრებებზე გადაცემებს უთმობდა. იყო რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ყურებაც ღირდა და რომელიც გვიყვარდა, კიდევ ფილმები და მორჩა. ამიტომ დროპ ბევრი გვქონდა და ამ თავისუფალ დროს ყველა თავისებურად ვატარებდით: ზოგი ეზოში თამაშობდა, ზოგი სტუმრად დადიოდა, ზოგი მშვენიერ საუბრებში მონაწილეობდა, ზოგიც წიგნს კითხულობდა.

საბჭოთა ტელევიზიის უმთავრესი ფუნქცია ყველასთვის გასაგები იყო: ის ერთ საქონელს _ განვითარებულ სოციალიზმს უწევდა რეკლამას. ეთერში მხოლოდ ერთი, ცენტრალური, საკავშირო და ერთიც, რესპუბლიკური ტელევიზია გადიოდა. არ არსებობდა არავითარი სატელევიზიო ბაზარი, კონკურენცია და შესაბამისად, არავინ იცოდა სიტყვა რეიტინგი. მახსოვს, როგორი ინტერესით ვისმენდი ამბებს იმაზე, რომ ამერიკაში უამრავი არხი აქვთ _ 60 და რომელსაც გინდა, იმას შეხედავ. ისიც მახსოვს, როგორ მინდოდა მენახა თუნდაც ერთი უცხოური გადაცემა, თვალი შემევლო რომელიმე პროგრამისთვის, რომელსაც ჯადოსნური სიტყვა “შოუ” ერქვა.

მერე მე ტელეჟურნალისტი გამოვედი და ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. უკვე “პერესტროიკის” დროს ე.წ. ცენტრალურმა ტელევიზიამ დასავლური ტელეარხების შესახებ სატელევიზიო ციკლი წამოიწყო. მაშინ ვუყურე პირველად გასართობ “თოქ-შოუს” _ მოხუცებული ქალები თავის ახალგაზრდა ქმრებთან ქორწინებისა და თანაცხოვრების დეტალებზე ლაპარკობდნენ. ამ დეტალებმა, ცხარე დისკუსიამ “არაფერზე” ისე გამაოცა... მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი აბსურდულობით, სულაც არ ჩამოუვარდებოდა არც “ვრემიას” და არც “ნა სტრაჟე იუჟნიხ რუბეჟეის”. ვერაფრით გავიგე, რატომ უნდა მესმინა ამ მოხუცი ქალებისათვის... “სხვა კულტურაა” _ დავიმშვიდე თავი და რადგან უკვე ვიცოდი, რომ სხვა კულტურისა და განსხვავებულობისთვის პატივი უნდა მეცა, ამიტომ მეც ავდექი და პატივი ვეცი.

გავიდა დრო, ჩვენ განვითარებული სოციალიზმის შენებას თავი მივანებეთ და ღია, სამოქალაქო, სამართლებრივი საზოგადოების შენება დავიწყეთ. ცენზურა შეწყდა, სიტყვა გათავისუფლდა, გაჩნდა თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებმა სრულიად ახალი ფუნქციები შეიძინეს. მე კი ისევ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ვცდილობდი დროის სულისთვის არ მეღალატა. ყველა ციკლში, რომლის ავტორიც ვიყავი, ნოვაციას და ნოვატორებს, რეფორმებსა და რეფომატორებს ვაქებდი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თანადროულობისადმი ადეკვატურობა მაინც მაკლდა. სულ ვოცნებობდი ერთი-ორი ისეთი საგანმანათლებლო ციკლი წამომეწყო, რომელიც მასობრივ მაყურებელს არ გაითვალისწინებდა და მცირე, სპეციფიკურ სამიზნე ჯგუფზე იქნებოდა გათვლილი. მით უფრო, რომ არხი, რომელზეც ვმუშაობდი საგანმანათლებლო მაწუყებლობას თავის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებდა. მაგრამ მე და ჩემს ძველმოდურ მისწრაფებებს წინ ობიექტური გარემოებები ეღობებოდა. ამ გარემოებას რეიტინგი ერქვა, ის რეიტინგი, რომელიც ცოტა ხნის უკან სულაც არ არსებობდა და რომელიც ახლა ყველაფრის საზომად იქცა. EXel-ის ცხრილებში ჩამოწიკწიკებულ პროცენტულ მაჩვენებლებს ვერავითარ კონტრარგუმენტს ვერ დაუპირისპირებდი _ საქართველოს მოსახლეობას ჭკვიანური გადაცემები არ სჭირდებოდა. სოციოლოგები გვიმტკიცებდნენ, რომ მონაცემები სწორი მეთოდოლოგიით ითვლებოდა და სავსებით რეპრეზენტატიული იყო. არ დაფიქრებულხართ, რა ძალა აქვთ რიცხვებს? თვალის ტუში, რომელიც წამწამების სისქეს 20%-ს მატებს, შამპუნი, რომელიც 34%-ით ამცირებს ქერტლის წარმოქმნის საშიშროებას, კრემი, რომელიც 97%-ით სპობს ცელულიტს და პარტია, რომელმაც ხმების 99% მოიპოვა. რიცხვები, რიცხვები, რიცხვები... ნუთუ ნუმეროლოგია კვლავ აქტუალურია? ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც პროფანი, ქვევიდან ზევით შევყურებ, ჩვენი დროის მაგებს, სოციოლოგებსა და მარკეტოლოგებს, მათ იდუმალ მანიპულაციებს და იძულებული ვარ ვირწმუნო ის, რაშიც მარწმუნებენ.

თანამედროვე ტელევიზიაში ყველაზე “მაგარ” პროფესიონალად ის ითვლება, ვინც შეძლებს მაქსიმალურად “დიდი სეგმენტის დაფარვას”, ყველაზე ფართო “სამიზნე ჯგუფის” გულის მოგებას ანუ მაყურებელთა ყველაზე დიდი პროცენტის მოხიბვლას.. თენდება, ტელევიზიებში “პროფესიონალები” მიდიან და დაღამებამდე ცდილობენ მასობრივი მაყურებლის სურვილის ამოცნობას, მისთვის სიამოვნების მინიჭებას. ტელეჟურნალისტის პროფესიონალიზმი, მისი ადეკვატურობა, დროსთან შესაბამისობა სწორედ ამ უნარით ფასდება და იზომება. მიზეზი მარტივია, ტელევიზიის შემოსავალი დღეს რეკლამაზეა დამოკიდებული, რეკლამას კი მხოლოდ იმ პროექტებში დებენ, რომელსაც ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს. ყველაზე დიდი აუდიტორია კი მასობრივია, ანუ მასაა.

მასა იგივეა, რაც რიგითი ადამიანი. ჩვენი დროის თავისებურება ისაა, რომ რიგითი ადამიანი სულაც არ იტყუებს თავს საკუთარი “რიგითობის” თაობაზე, პირიქით, უშიშრად იბრძვის რიგითად ყოფნის უფლებისთვის, ყველას და ყველაფერს ამ რიგითობას აწონებს. როგორც ამერიკელები იტყოდნენ _ გამორჩეულობა ცუდი ტონია. მასა ანადგურებს ყველაფერს განსხვავებულს, პიროვნულს, საუკეთესოს. მას, ვინც სხვებისგან გამოირჩევა, ვინც თავისებურად ფიქრობს, განდევნის საფრთხე ემუქრება. სამყარო ყოველთვის მასისა და დამოუკიდებელი უმცირესობის არაერთგვაროვან ერთიანობას წარმოადგენდა. დღეს მთელი სამყარო მასად იქცა.

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, მასების ამბოხი.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა მთავარი დამკვეთი და მომხმარებელი კომპარტია იყო, ახლა _ მასობრივი, ანუ რიგითი მაყურებელი და, მისი შემყურე, რეკლამის მომცემი/დამკვეთი. მასობრივი მაყურებლის ნება კი პროცენტებით გამოითქმება.

მასა რეფერენტი არ არის, რადგან წარმოდგენის რიგს აღარ განეკუთვნება. ის არ გამოხატავს თავს _ მას ზონდირებას უკეთებენ. ის არ რეფლექსირებს _ მას ტესტირებას უტარებენ.

ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში

ზონდირებისა და ტესტირების შედეგები კი ასეთია: მასას ნებავს იუმორისტული გადაცემა 35%-ით უფრო მეტად, ვიდრე რაიმე სხვა, საინფორმაციო გამოშვებები – 21%-ით უფრო ძალიან, ვიდრე რაიმე სხვა, ხოლო საგანმანათლებლო _ მხოლოდ 3%-ით უნდა, ან კიდევ უფრო ნაკლებად და სულ უფრო ნაკლებად. მისი სურვილი იმპერატიულია, უპირობოდ შესასრულებელი. და თუ წინათ შეიძლებოდა ცენზურისთვის გვერდი აგევლო, მოგეტყუებინა, რიგით, იგივე მასობრივ მაყურებელს ვერაფერს მოუხერხებ. და მე მივხვდი, რომ ტელევიზიამ და სატელევიზიო ბაზარმა განახორციელა ის, რაც ასე მოეწონებოდა ლენინს: მუდმივმოქმედი და უწყვეტი “პროლეტარიატის დიქტატურა”. ალბათ ცხადია, რომ როდესაც ვამბობ სიტყვა “პროლეტარიატს”, სულაც არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც მძიმე შრომით შოულობს ლუკმა-პურს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ უმრავლესობამ უმცირესობა სასტიკად დაამარცხა. მე კი ასე მიხაროდა ლიბერალური დემოკრატიის “დადგომა”, რადგან ვიცოდი, რომ ლიბერალიზმი უმცირესობას უმრავლესობის დიქტატისგან იცავს.

ლიბერალიზმი, და დღეს ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, დიდსულოვნების ზეობაა: ეს ის უფლებაა, რომელსაც უმრავლესობა უმცირესობას უთმობს, დედამიწაზე ოდესმე გაჟღერებულ შეძახილთა შორის ეს შეძახილი ყველაზე კეთილშობილურია. მან გვაუწყა, რომ ამიერიდან მტრის არსებობას, რაც მთავარია, ჩვენზე სუსტი მტრის არსებობას ვეგუებით. არავინ ელოდა, რომ კაცობრიობა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა, ასეთ ლამაზს, ასეთ პარადოქსულს, ასეთ ნატიფს, ასეთ აკრობატულს, ასეთ არაბუნებრივს.

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, მასების ამბოხი

მართლაც, ეს ყველაფერი ძალზე პარადოქსულია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის: თუ დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი განუყოფელი ცნებებია, ხოლო თავისუფალი ბაზრის პირობებში მომხმარებელი “ისტორიის მთავარი მოქმედი გმირია” (ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში), რადგან ის დამკვეთი და კლიენტია, ხოლო მომხმარებელი, მასობრვი ცნებაა, მაშინ, როგორღა იცავს ლიბერალიზმი უმცირესობას უმრავლესობისგან? შეხედეთ კინო და ტელეინდუსტრიას, ზოგადად პროცესს, რომელსაც კულტურულს ვუწოდებთ, რეიტინგით მართულს, მასზე უპირობოდ დამოკიდებულს, მისი სურვილის მორჩილს.

ყოველთვის მიაჩნდათ, რომ მასები ინფორმაციის მასობრივ საშუალებათა გავლენას განიცდის... მაგრამ კომუნიკაციის პროცესის ასეთი გამარტივებული გაგებისას, ვერ ვამჩნევთ მთავრს: მასა ბევრად უფრო ძლიერი მედიუმია, ვიდრე ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალება ერთად აღებული და შესაბამისად ისინი კი არ იმორჩილებენ მასებს, პირიქით, მასები ნთქავს და იპყრობს მას, ან, ყოველ შემთხვევაში, მორჩილებას გაურბის. არსებობს არა ორი, არამედ მხოლოდ ერთი დინამიკა _ დინამიკა მასისა და ამავე დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა. Mass(age) is message.

ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში

ვიცი, რომ ბანალურ შეკითხვებს ვსვამ, მაგრამ გეფიცებით, მე უბრალოდ ათასჯერ გაგონილს კი არ ვიმეორებ, ყველა ეს კითხვა კიდევ ერთხელ თავისთავად დაიბადა ჩემში, როგორც კონკრეტული, ხელშესახები გამოცდილების პროდუქტი.

სურვილის გენერატორი

მიგიქცევიათ ყურადღება როგორია “სარეკლამო ჭრები” არჩევნების დროს? მიახლოებით ასეთი:

  • სარეკლამო ტიხარი
  • “Always”-სარეკლამო რგოლი
  • “Head and shoulders”–ის სარეკლამო რგოლი
  • პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლი
  • სხვა პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლი
  • კბილის პასტის სარეკლამო რგოლი და ა.შ.
  • სარეკლამო ტიხარი


ზუსტად ამ ლოგიკითვეა განლაგებული ბანერები ქუჩაში _ ერთზე ჭურჭლის სარეცხ საშუალებას გვაწონებენ, მეორეზე _ პოლიტიკურ პარტიას, ანუ ღირებულებებს, იდეოლოგიას, კრედოს. საქონელი და იდეოლოგია ერთ სიბრტყეში მოექცა. სწორედ მას შემდეგ, რაც ეს თვალნათელი ილუსტრაცია დავინახე, მივხვდი, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ დღეს პოლიტიკამ ყველა სადავე ეკონომიკას გადააბარა, ხოლო ზედნაშენი და ბაზისი გაერთიანდა. სამყარო ორად გაიყო: საქონლად და მომხმარებლად. მაყურებელი მომხმარებელია, ამიტომ ტელევიზიაში მთავარი რეკლამა და ანონსია, რადგან ანონსიც რეკლამაა, ოღონდ შიდა რეკლამა, კონკრეტული ტელეკომპანიის პროდუქციის რეკლამა. არ ვიცი, რამდენადა აქვთ გაცნობიერებული ეს ქართული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს, მაგრამ ცხადია, რომ თითქმის ყველა არხის სამაუწყებლო ბადეში ანონსს და რეკლამას ცენტრალური ადგილი უკავია, ხოლო გადაცემებს და ფილმებს მათი თანმდევი მოვლენის, უმნიშვნელო დამატების როლი აქვს დაკისრებული. შეიძლება დაამოკლო ფილმი, სარეკლამო ჭრის დროს გადაახვიო, მთავრია, ანონსი და რეკლამა გავიდეს სრულად. მე თვითონ, ჩემი ხელით ვაკეთებდი ამას, როცა პროგრამების დირექციაში ვმუშაობდი. ვიცოდი, რომ ანონსის გამოტოვებას არავინ მაპატიებდა, რაც შეეხება, ფილმს, მით უფრო სამეცნიერო ხასიათისას, მისი დამახინჯებისა და დამოკლებისთვის არაფერი მელოდა. ამას წინათ, “ბაში- აჩუკის” იმდენად შემოკლებული ვერსია ვიხილეთ, რომ ფილმის დემონსტრირების შემდეგ მეგობრის შვილიშვილს კიდევ დიდხანს ვუყვებოდი ბაში-აჩუკის თავგადასავალს, ვავსებდი ლაკუნებს, რომელიც სარელამო ჭრებმა “შეჭამა”.

არსებობს მოსაზრება, რომ მედიის თეორია ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ამ არარსებულ თეორიას მაინც ასწავლიან. ყველა სახელმძღვანელოში, რაღა თქმა უნდა, ჩამოთვლილია ზოგადად მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების და მათ შორის ტელევიზიის ფუნქციებიც. როგორც წესი, ამ ფუნქციებს მედიის თეორეტიკოსები ასე განსაზღვრავენ: საინფორმაციო, საკომუნიკაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო, რეკრეაციული (გართობა, დასვენება), იდეოლოგიური და ა.შ. მე კი მგონია, დღეს ტელევიზიას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს _ ეს სურვილის გენერირებაა. მე უნდა ვუყურო ტელევიზორს იმისთვის, რომ მომინდეს: ““Always”-ის ყიდვა მაშინაც კი, ფერტილურ ასაკში აღარ ვარ, “Head end Shoulders”-ის შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მქონია ქერტლი, პარტიისთვის ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რა უნდა ამ პარტიას და გარდა ამისა, უნდა მომინდეს იმ გადაცემის ყურება, რომლის ანონსიც ვნახე იმისთვის, რომ მერე მისი ყურებისას ვუყურო სარეკლამო ჭრას და ისევ მომინდეს ყველაფერი ის, რაც უნდა მომინდეს.

ტელეჟურნალისტი

“თანამედროვეობას ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობ, შუა საუკუნეებს _ უშუალოდ” – ასე ხსნის უმბერტო ეკო თავის გატაცებას საშუალო საუკუნეებით. როდესაც ეს სიტყვები წავიკითხე, მივხვდი, რომ უმბერტო ეკოსგან განსხვავებით, მე ყველაფერს მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობ, აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, ზაფხულის მზიანი საღამოს მყუდროებას მხოლოდ სატელევიზიო კადრის მეშვეობით შევიგრძნობ. თუ ასეთ მშვენიერ საღამოში უშუალოდ მოვხვდი, მეს მას უბრალოდ ვერ ვხედავ. ის კი არადა, აღმოვაჩინე, რომ ამ ბოლო დროს ყნოსვა საერთოდ დავკარგე და მივხვდი რატომაც: ეს ფუნქცია ტელემაყურებელს ჯერჯერობით არ სჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ მესმის და, რაც მთავარია, ვხედავ.

ეკრანზე აღბეჭდილი რეალობა, ის გარემოა, რომელშიც ვცხოვრობ. მაგრამ მას ხომ ვიღაც ქმნის. ვიღაც, ვინც არჩევს შესაბამის ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს და მისთვის სასურველი თანმიმდევრობით ალაგებს. მათ შეუძლიათ სრულიად უმნიშვნელო ფაქტი მთავარ მოვლენად აქციონ, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, ისე მიჩქმალონ, რომ ვერავინ შეამჩნიოს. ეს ადამიანები ტელევიზიებში მუშაობენ და სამყაროს სურათს ქმნიან. მე მათი თვალით ვხედავ და მათი პირით ვლაპარაკობ. და მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიებს სხვადასხვა სახელი ქვიათ, მოდით, არეულობის თავიდან ასაცილებლად ყველას ტელეჟურნალისტები, ან უბრალოდ ჟურნალისტები ვუწოდოთ, მით უფრო, რომ ჟურნალისტი მაინც პროცესის ცენტრალური პერსონაჟია _ ის, ვინც ისმის და ჩანს.
ჟურნალისტი მართლაც ძლევამოსილი ფიგურაა, ისაა, ვისაც შეკითხვის დასმის უფლება აქვს. კითხეთ ფსიქოლოგებს, ასეთი უფლება ბევრს არ ეძლევა. შვილის ოთახში გაუფრთხილებლად შევარდნილ მშობელს “აქვს უფლება” დასვას შეკითხვა: “რას აკეთებდი?” და ეჭვით შეხედოს ტელეეკრანს, სადაც სულ რამდენიმე წამის წინ აშკარად ჩანდა ვულგარული ეროტიკული ფილმის კადრები; ცოლს “აქვს უფლება” ღამით გვიან დაბრუნებულ ქმარს მკაცრად ჰკითხოს: “აქამდე სად იყავი?”; მასწავლებელს “აქვს უფლება” მოსწავლეს უთხრას: “რატომ არ მოამზადე გაკვეთილი?”; ჟურნალისტს “აქვს უფლება” დასვას ნებისმიერი შეკითხვა. ეს უფლება მათ ჩვენ, ან რაღაც გაუგებარმა ძალამ გადასცა. საბრალო რესპონდენტმა კი მოღალატე ქმრის, ზარმაცი მოსწავლისა და გარყვნილი მოზარდის მსგავსად დასმულ შეკითხვაზე უნდა უპასუხოს, უფრო სწორედ, პასუხი უნდა აგოს. განა შეკითხვის დასმის უფლება ავტორიტარული უფლება არ არის?

სულ რაღაც 150-200 წლის წინ ამ ავტორიტარულ უფლებას და, საერთოდ, მისი სახელით ლაპარაკის უფლებას საზოგადოება განსაკუთრებულ ადამიანებს ანიჭებდა: “ივერიაში”, “ცისკარში”, “დროებაში” “ძაან მაგარი” ჟურნალისტები იბეჭდებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი... ისინი წარმოადგენდნენ ქართულ საზოგადოებას, რიგითი და არარიგითი ქართველიც მათი მეშვობით, მათი პირით ლაპარაკობდა.

გავიდა დრო და მასმედიის საშუალებების რაოდენობამ უთვალავს მიაღწია. ისინი გამოდიან ყოველდღე, დღეში ორჯერ, საათში სამჯერ. ტელევიზია კი პერპეტუუმ-მობილედ იქცა, ის არ ჩერდება, ის მუდმივად მაუწყებლობს და ის ბევრია. წარმოიდგინეთ, სადაა იმდენი ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, რომ ყველა ტელევიზიის საშტატო შემადგენლობა შეავსოს? გარდა ამისა, არავის გაუზომია ჩვენი კლასიკოსების პუბლიკაციების რეიტინგი. ეჭვი მაქვს, რომ მონაცემები არც თუ სახარბიელო იქნებოდა. არადა, როგორც გავარკვიეთ, მაღალი რეიტინგი ჟურნალისტის პროფესიონალიზმის მთავარი საზომია. რა უნდა იცოდეს დღეს ქართველმა ტელეჟურნალისტმა იმისთვის, რომ მაყურებლის მოწონება დაიმსახუროს, რა უნდა შეეძლოს?

1. სხაპასხუპით ლაპარაკი.
2. სუფლიორიდან ტექსტის სხარტად წაკითხვა.
3. ინტერვიუებს შორის ერთი ციცქნა გადასასვლელი ტექსტების ჩასმა
4. რესპონდენტზე თავდასხმა
5. მიკროფონით ხელში დეფილირება

...და მეტი, მგონი, არც არაფერი. ამას წინათ სამსახური დავკარგე და, როცა ახლის მოძიება დავიწყე, ბევრმა ჩემმა ნაცნობმა თანაგრძნობით მკითხა: “წერა იცი? აი მაგალითად, შეგიძლია საინფორმაციო ბუკლეტი მოამზადო?”. სრულიად ლოგიკური შეკითხვაა, მე ხომ ტელეჟურნალისტი ვარ. ტელევიზიაში კი მთავარი გამოსახულება, იმიჯი, კადრია _ კადრები წყვეტენ ყველაფერს! სიტყვას დაქვემდებარებული როლი აქვს, მით უფრო დაწერილ სიტყვას. თუ ვინმე დაკანონებული ბალანსის დარღვევას გადაწყვეტს, მას აუცილებლად არაპროფესინალიზმში ამხელენ: “ რა არის ეს _ რადიოა?”

“... ჩვენი ცივილიზაცია image-oriented –ად იქცა, ის ვიზუალურ ხატზეა ორიენტირებული, ეს კი წიგნიერებას აკნინებს”.

უმბერტო ეკო, გუტენბერგიდან ინტერნეტამდე

იქნებ ამიტომაა ასეთი გულგრილი ჩვენი საზოგადოება კარგი ტექსტისადმი, იქნებ ამიტომ ვეღარ გამოარჩევს მათ ცუდთაგან, იქნებ ეს დალტონიზმი სწორედ ტელეეკრანმა გამოუმუშავა?

არ უნდა დავაპირისპიროთ ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაცია, უბრალოდ ორივე უნდა სრულვყოთ. საშუალო საკუნეებში ვიზუალური კომუნიკაცია ხალხისთვის წერილობითზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. შარტრის ტაძარი თავისი კულტურული მნიშვნელობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა სამყაროს წერილობით ხატ-სურათს. ტაძარი თავისი დროის ტელევიზორი იყო. განსხვავება ისაა, რომ, საშუალო საუკუუნეების ტელეპროგრამების მთავარ რედაქტორს კარგი წიგნები უყვარდა, მდიდარი ფანტაზია ჰქონდა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის ირჯებოდა.

უმბერტო ეკო, გუტენბერგიდან ინტერნეტამდე

მაგრამ, თუ ტელევიზიის უმთავრესი ფუნქცია სურვილის გენერირებაა, ხოლო წარმატების საზომი მასობრივი მაყურებლის კეთილგანწყობა, მაშინ რაღა საჭიროა მდიდარი ფანტაზია და კარგი წიგნების სიყვარული? პირიქით, რაც უფრო მეტად წააგავს ჟურნალისტი თავის მაყურებელს, რაც უფრო მსგავსია აუდიტორიისა და ჟურნალისტის თვალთახედვა, გემოვნება მით უფრო ზუსტად, უფრო ადეკავტურად შეასრულებს ის თავის მოვალეობებს და ამისთვის არავითარი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევა აღარ დასჭირდება: “Сам себе фокус группа». საშუალო საუკუნეების ტელერედაქტორის ნამუშევარი ერთადერთობით ფასობდა, ჩვენი დროის ტელეჟურნალისტისა კი ტირაჟითა და მასობრიობით.

Take it easy

რაც აღარ ვმუშაობ, უამრავი დროპ მაქვს და ტელევიზორს მთელი დღე ვუყურებ _ საათში ერთხელ ქართული ახალი ამბები, დანარჩენ დროს უცხოური გადაცემები, უფრო ხშირად რუსული, რადგან ინგლისური ცუდად ვიცი, ხოლო გერმანული და იტალიური საერთოდ არ მესმის. დღე საშინელი დილის გადაცემებით იწყება, რუსული პროგრამები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა გადართული, ქართულები თითქოს უფრო მრავლფეროვნებას იჩემებენ... ყველა ერთად კი ოპტიმისტური, რიტმული და ხალისიანია. მე ასეთ ინტენსიურ მხიარულებას ვერ ვუძლებ და ბალანსისთვის დილიდანვე კინოარხებზე შემაშინებელ ტრილერებს დავეძებ. დილის გადაცემებს სერიალებისა და საინფორმაციო გამოშვებების ერთფეროვანი ნაკადი მოსდევს.. აი, სარეკლამო ჭრამ მყუდროება დამირღვია, მე პულტს ვიღებ და სხვა არხს ვაფარებ თავს. არავითარი განსხვავება, შემდეგ რეკლამამდე აქ დავრჩები, ეს გადაცემა ხომ ტყუპის ცალივით წააგავს წინამორბედს. ახლა უკვე 60 არხი მეცა მაქვს, მაგრამ ეს მრავალფეროვნება იმ წარსულ, საბჭოთა ერთფეროვნებაზე უფრო მონოტონურია _ სხვადასხვა სათაურები, ერთი და იგივე შინაარსი. ვზივართ მე და დრო ტელევიზორთან, მე იმას ვკლავ, ის კი მე. გამოსახულება დახტის, დარბის, ყველაფერი დაკლიპული, დაჩეხილი და დისკრეტულია. თავბრუდამხვევი ტემპი თანამედროვე ტელევიზიის წარმატებისთვის გადამწყვეტია.

არ ვიცი, რამდენადაა შემოწმებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც ყოველ 5 წუთში ადამიანის ყურადღება დუნდება და მას დასვენება ესაჭიროება. ყოველ შემთხვევაში, “მაგარი” პროფესიონალები ამ მოსაზრებას უპირობოდ იზიარებენ: სატელევიზიო გადაცემა ტემპიანი უნდა იყოს, კალეიდოსკოპური, სწრაფი. სინელე, მიუტევებელი ცოდვაა. დაჭერი, დაჩეხე, გაწყვიტე, გატიხრე, გადაფარე, გაახმოვანე, დაკლიპე, თორემ მაყურებელს ყურადღება მოუდუნდება და გადაგრთავს. “დაკლიპულობის” ხარისხი ადასტურებს შენს პროგრესულობას, თანამედროვეობას. არ დატოვო ერთი და იგივე კადრი 30 წამზე დიდხანს, თორემ დავიღუპებით.

ეპოქის სული სიმსუბუქესა და სისწრაფეში გვავალდებულებს. “სად დაიკარგა მშვენიერი, სერიოზული საუბარი?”- კითხულობს მუდმივად ჩემი მეგობარი. მშვენიერი საუბარი, რომელიც საკუთარ ლოგიკას მიყვება და რომლის დროსაც სიტყვა აზრთან ერთად იბადება, ტემპს აგდებს, ამიტომ ძველმოდურია. წამყვანმაც და რესპონდენტმაც სწრაფად უნდა ილაპარაკონ, ნუ მოვეკიდებით ზედმეტად სერიოზულად სიტყვებს, მათ მაინც არავინ უსმენს.

საგანმანათლებლო პროგრამებიც ამავე მიდგომით მზადდება. ფილმს ძველ ეგვიპტეზე მოჩვენებების შესახებ ფილმი ცვლის. მაყურებელი ორივეს ერთნაირი სერიოზულობით აღიქვამს და მოჩვენებები ისეთივე რეალობად მიაჩნია, როგორიც ოდესღაც იყო ძველი ეგვიპტე. მით უფრო, რომ ორივე უხვადაა ილუსტრირებული რეკონსტრუქციით, დადგმითი სცენებით. საერთოდ, დოკუმენტურ და სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებში რეკონსტრუქციას ცენტრალური ადგილი ეთმობა. რეკონსტრუქცია სანახაობრივია, ინფორმაციის მონელებას აადვილებს, ამსუბუქებს. როგორც ჩემი მეორე მეგობარი ამბობს, ბოლოჟამის ერთი-ერთი ნიშანი ისიცაა, რომ დოკუმენტური კინო მხატვრულად გარდაიქმნა, ხოლო მხატვრული დოკუმენტურად. ასე შეძენილი ცოდნა ტემპფაილს ჰგავს, როგორც კი ძირითად ფაილს დახურავ, ისიც მყისიერად ქრება.

მათი (მასების) დარწმუნება შინაარსის ან თუნდაც შეტყობინების კოდის მნიშვნელობაში ვერაფრით მოხერხდა. მასებს გზავნილს სთავაზობენ, მათ კი მხოლოდ ნიშნები აინტერესებთ, რადგან სიმბოლოთა თამაში ჭრის თვალს, სტერეოტიპებს ემონებიან და აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც სანახაობრივია. ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. იმის ნაცვლად, რომ მასა ენერგიად გარდაიქმნას, ინფორმაცია მასის კვლავწარმოქმნის მიზეზი ხდება.

ჟან ბოდრიარი, მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში

გახსოვთ, როგორ ცდილობდა ლიზა სიმფსონი თავის თანატოლებში პოპულარობა მოეპოვებინა? მიუტევებელი ცოდვასავით მალავდა იმას, რომ წიგნები უყვარდა და ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი რაც კი იცის, ტელევიზორით ისწავლა. მხოლოდ ასეთ ცოდნას პატიებდნენ თანატოლები _ მსუბუქს, მარტივს, შემეცნებით-გასართობს.
დროდადრო, თითქმის ყველა სოლიდური არხი ცდილობს თავის ბადეში ერთი-ორი ინტელექტუალური გადაცემა განათავსოს. ასეთ გადაცემებს შინაურობაში “საიმიჯოს” უწოდებენ. მათი მეშვეობით ტელევიზიის ყველა სახელმძღვანელოში დაფიქსირებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას უხდიან ხარკს და თავსაც იმშვიდებენ _ ჩვენ კი ვიცით, რა არის საჭირო, მაგრამ, რა ვქნათ, მასას ასეთი გადაცემები არ მოსწონს.

მაგრამ იქნებ ისეა, როგორც ბოდრიარი ამბობს _ მოთხოვნილება კი არ წარმოქმნის საქონელს, არამედ წარმოების მანქანა _ მოთხოვნილებას. ჩვენ კი, ტელეჟურნალისტები და მაყურებელი ერთი და იმავე პროცესის ობიექტებიცა ვართ და სუბიექტებიც.

***********

წინათ მხოლოდ ერთი ტელევიზორი გვქონდა და დისტანციური მართვის პულტისთვის სისხლისმღვრელი ომები იმართებოდა. გამარჯვებული აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, დამარცხებულები მას შურითა და ბოღმით შევყურებდით. ახლა ჩვენ ყველას საკუთარი ტელევიზორი გვაქვს. ის, რომელიც ყველაზე დიდია, დედაბოძივით სასტუმრო ოთახის ცენტრში დგას. გავიღვიძებთ, ერთმანეთს დუნედ მივესალმებით და მერე მთელი დღე ჩვენ ჩვენს ეკრანებს შევყურებთ: ბიჭს მულტფილმები და ბოევიკები უყვარს, გოგოს - MTV, მე - პოლიტიკა და საინფორმაციო გამოშვებები. რა გვაქვს საერთო, არაფერი –სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს განვეკუთვნებით.

ტელევიზია იმის გარანტიაა, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ელაპრაკებიან, საბოლოოდ იზოლირებულნი, ისინი პირისპირ აღმოჩნდნენ სიტყვასთან, რომელიც მუდამ უპასუხოდ დარჩება.

ჟან ბოდრიარი, მასმედიის რეკვიემი

თაროებზე კარგი, ჭკვიანური წიგნები დევს. ყოველდღე ერთმანეთს ვპირდებით, რომ ხვალ რომელიმეს გადავშლით და წავიკითხავთ. მაგრამ მაცდუნებელი პულტი მარტივ, მსუბუქ, იოლ სანახაობას გვთავაზობს და ჩვენც ამ ცდუნებას ვნებდებით. წიგნის დრო აღარ გვრჩება... და საერთოდ აღარაფრის დროპ არ გვრჩება, რადგან კარგა ხანია დროის მაგივრად ქრონომეტრაჟში ვცხოვრობთ.

2007 წ.


******
სნაიპერები სახურავზე



კამუფლაჟი

ამ რამდენიმე წლისწინ უცებ, მკვეთრად შევიცვალე იერსახე. ჩემი ასაკის ქალისთვის შესაფერისი ჩაცმულობა რადიკალურად უარვყავი, ვიყიდე "ბოტასები", სამუდამოდ და გაუხდელად ამოვიცვი შარვალი ,ძირში გავიკრიჭე თმა და ზურგზე უაზრმაზარი ზურგჩანთა დავიკიდე. ამ მეტამოფროზის ცნობიერი და დეკლარირებული მოტივაცია ასეთი იყო: აღარა მაქვს არაფრის თავი, მათ შორის პრანჭვისაც,ცხოვრებით დაღლილი ქალი ვარ, ასე კი მოსახერხებელია და მორჩა. გარემომცველებმა ცოტახანს იქირქილეს, მაგრამ მერე ამას ყველა შეეგუა და მიჩუმდა.

მერე კი გავაცნობიერე,რომ ჩემი ახალი იერსახე ხრიკი იყო, მანევრი, კამუფლაჟი, იმისთვის გადადგმული ინსტიქტური  ნაბიჯი, რომ სახლის სახურავზე ჩასაფრებულ, ბებრებზე მონადირე ყმაწვილ სნაიპერებს შორიდან მოზარდად მოვჩვენებოდი და  ჩემი სიბერის გამო არ მოვეკალი. დიახ, საკითხი დღისწესრიგში ასეთი, ან თითქმის ასეთი სიმწვავით დადგა. :) ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა მიჩნდებოდა იმ დროს, როდესაც ჩემს დაწესებულებაში  ახლად დანიშნულ  რევოლუციურ ხელმძღვანელობას ვუსმენდი და ვუყურებდი.

ეიჯიზმი

ეიჯიზმი, იგივე ასაკობრივი დისკრიმინაცია, ინდივიდისა და ჯგუფებისადმი მათი ასაკით განპირობებული სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაციაა. ეს არის იმ განწყობების, ნორმებისა და ღირებულებების სისტემა, რომელსაც ასაკზე დაფუძნებული ცრურწმენისა და დისკრიმინაციის  გასამართლებლად იყენებენ. ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემთხვევითი ან რეგულარული ხასიათი. ტერმინი, რომელიც ასაკოვანი ადამიანების დისკრიმინაციას აღწერს  1969 წელს გერონტოლოგმა რობერტ ბატლერმა დაამკვიდრადა ის სექსისზმისა და რასიზმს კატეგორიას განეკუთვნება.  (http://en.wikipedia.org/wiki/Ageism ).

სად უნდა ვეძებოთ ეიჯიზმის სათავე, ზუსტად არ ვიცი. ფაქტია, რომ უკეთესია იყო ახალგაზრდა, მდიდარი, ლამაზი და ჯანმრთელი, ვიდრე ბებერი, ავადმყოფი, შეუხედავი და ღარიბი.

შესაძლოა ყველაფერი ბიბლიიდან დაიწყო - დაცემამდე ადამიანი უკვდავი იყო. დაცემის შემდეგ ჩნდება სიკვდილი, ავადმყოფობა და შესაბამისად სიბერეც. ე.ი. ხნოვანება სადამსჯელო ღონისძიებათა რიგში მოიაზრება. სიბერე - დაცემის ერთ-ერთი შედეგი, სიბერე - სასჯელი.

თუმცა მეცნიერების თქმით, ხნოვანება დიდხანს იყო პატივისცემის ობიექტი. თვით ამერიკაში, ჩვენი სურვილების ამ ბუნდოვან ობიექტშიც კი, თურმე კარგა ხანს, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ლიდერები პარიკებზე თეთრ პუდრს იყრიდნენ და ისეთ სამოსს იკერავდნენ, რომელიც მათ ასაკს შემატება. ასაკი, ხნოვანება, დიდი ხნის სიცოცხლე ღვთის წყალობად მიაჩნდათ, ხელდასხმის ნიშნად, რჩეულთა ხვედრად.

ამერიკელი მეცნიერები  ასაკოვანი ადამინისადმი პიეტეტსა  და თრთოლვას იმით ხსნიან, რომ  მიწათმოქმედებას ფიზიკური ძალის გარდა, ცოდნა დაგამოცდილება სჭირდებოდა,  ასეთი გამოცდილება კი, როგორც წესი, ოჯახის ყველაზე უფროს წევრს ჰქონდა, გარდა ამისა ის იყო მამულის მფლობელიც, შესაბამისად ოჯახის ახალგაზრდა წევრების შრომით აქტივობებს თავისი კომპეტენტურობის სიმაღლიდან  სწორედ ოჯახის უფროსი  ხელმძღვანელობდა და  ზედამხედველობდა.

მერე კი ინდუსტრიალიზაცია"დადგა" და ფაბრიკებსა და ქარხნებს ახალგზარდები დასჭირდა - უბირი ყრმები, რომლებსაც მონოტონური მანიპულაციების დასწავლისათვის სულაც არ სჭირდებოდათ გამოცდილება, მაგრამ ძალიან სჭირდებოდათ ფიზიკური ძალა. მოკლედ პატივისცემა ასაკისადმი, ფეოდალიზმს და არისტოკრატიას გაჰყვა. კაცობრიობა სიახლის, ცვლილების სიყვარულით დაავადდა, რევოლუციები მომრავლდა, რევოლუციონერებს კი  ტრადიცია და მეხსიერბა ნაკლებად სჭირდებოდათ, ან სჭირდებოდათ იმისთვის, რომ უარეყოთ და გაენადგურებინათ. ყოველშემთხვევაში, ასე  ფიქრობს ზოგიერთი ისტორიკოსი და კულტუროლოგი.

ამასობაში სიცოცხლის ხანგრძლივობამ და შესაბამისად ასაკოვანი ხალხის რაოდენობამაც იმატა - როგორღა შეინარჩუნებდა ხნოვანი ადამიანი,  ხელდასხმულისა და გამორჩეულის სტატუსს? ვეღარ.

ისევ სნაიპერებზე

მაგრამ, მოდი, ე.წ. "პერსონალურ ნარატივს" დავუბრუნდეთ - მე ჟურნალისტი ვარ და სულაც არ მევალება რომელიმე საკითხის საფუძვლიანად ცოდნა, პირიქით, ზერელეობა ჩემი პროფესიის მთავარი მახასიათებელია და ეს ე.წ. "პერსონალური ნარატივიც"  სწორედ ამიტომ მაგრად მადგება.

მოკლედ, ცხადია, რომ ეიჯიზმი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და არც ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოგონილი პრაქტიკაა. აგერ ჩეხი მწერალი ოურდჟენიკი ზოგადად თანამედროვე კულტურას ადოლესცენტურს, ანუ მოზარდულს უწოდებს - ხვდებით რა შემაშფოთებელი ტენდენციაა - პუბერტატის ასაკშიმყოფი კულტურა - იმპულსური, აღგზნებული, გაუწონასწორებელი, ფეთქებადი, უმწიფარი, გაუნათლებელი.

და ზოგადადაც თაობათა დაპირისპირება, ალბათ, ყველა დროსა და კულტურაში ჩვეული რამაა, მაგრამ ჩვენში ამ პრობლემამ ზედმეტად მწვავე ხასიათი მიიღო. პოსტრევოლუციურ ვითარებაში, ალბათ, ასეც უნდა იყოს. ნუ, ხომ უნდა შეიმუსროს წარსულის ყველა კერპი, აღიგავოს და განდგურდეს. ჰოდა ასაკოვან ხალხს ამჯერად ის როლი დაეკისრა, რომელსაც წარსულ რევოლუციებში  ჯერ არისტოკრატია და მერე  ბურჟუაზია ასრულებდა.

მაგრამ გაიხსენეთ წითელი კჰმერები და ჰუნვეიბინები და მიხვდებით, რომ ჩვენ ძალიანაც ლმობიერად მოგვეპყრნენ,რას ამბობთ! კი, ზევიდან გვიყურებენ, კი, ეჭვი ეპარებათ იმაში, შევძლებთ თუ არა კომპიუტერის სწავლას, პრეზენტაციების კეთებას PowerPoint-ში, ბიუჯეტების დათვლას Excel-ში, სიტყვა „იმპლიმენტაციის" რელევანტურად გამოყენებას; კი, სამსახურებიდან გვიშვებენ და მუდმივად იმას გვიმტკიცებენ, რომ დროის სულს ვერ ვუგებთ და საბჭოეთის ნოსტალგია გვაქვს, მაგრამ ჰუნვეიბინები კულტურული რევოლუციის პროცესში ნამდვილად უფრო ხისტად მოქმედებდნენ.

მე კიდევ ამ ფონზე სულ ასეთი სურათი მიდგება თვალწინ - 1917 წელი,  ახალგაზრდა შემტევი ბოლშევიკი  რომელიმე ასაკოვან პროფესორს ნოტაციას უკითხავს- შენ უნდა წახვიდე, შენ არ გესმის დროის სულის, ჭეშმარიტება მე ვარ და ჩემთანაა. მერე კი გადის დრო და აღმოჩნდება, რომ სულ პირიქით.

ამ ახალგაზრდა ბოლშევიკის პოზიციას რუსი მეცნიერი სერგეი ავერინცევი ქრონოლოგიურ პროვინციალიზმს უწოდებდა და ამ ტერმინს, მგონი, ზედმეტი განმარტება აღარ სჭირდება.

ამას წინათ ფეისბუქში ერთმა ფრენდმა ასეთი ტექსტი დაპოსტა: "პროფესიონალის მთავარი მტერი არაპროფესიონალია". კი, ასეა, ხოლო პროფესინალზმი ჩემთვის შემდეგი კომპონენტებისგან შედგება - კომპეტენცია, კრეატიულობა, გამოცდილება. გამოცდილება ამ ტრიადიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მაგრამ, როდესაც სიტყვას "გამოცდილება" ნეგატიური კონოტაცია ეძლევა, რადგან ის ასაკსა და ხნოვანებას მოითხოვს, მაშინ ავანსცენაზე არაპროფესიონალი გამოდის და სტრუქტურული რეორგანიზაციების, ეფექტური რეფორმებისა და საშტატო შემადგენლობების ოპტიმიზაციის იმპლიმენტაციისთვის სახლების სახურავებზე ყმაწვილი სნაიპერები საბრძოლო პოზიციებს  იკავებენ.

ახალგაზრდობა/სიბერე

მახსოვს კორბუზიეზე, ცნობილ ფრანგ არქიტექტორზე ვაკეთებდი გადაცემას. უამრავი რამ წავიკითხე მასზე და ყველგან იმას წერდნენ, ახალგაზრდობაში ეპიგონური, მტკნარი ნამუშევრები ჰქონდაო. მერე, მოგვიანებით მოწიფულობაში დაიწყო ექსპერიმენტები, გათათამდა და თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებიც მერე შექმნაო. სწორედ მაშინ ვიფიქრე და დავწერე კიდეც, რომ ახალგაზრდად გახდომას დიდი დრო და დიდი გამოცდილება სჭირდება. მერე ეს აზრი პიკასომაც დამიდასტურა ("It takes a long time to become young").

დოგმატურობა, მოუქნელობა, რწმენა იმისა, რომ უკვე ყველაფერი იცი და არაფერი გეშლება, ცნობისწადილის დეფიციტი, განცდილიდან და გადატანილიდან გაკვეთილისა და გამოცდილების გამოტანის უუნარობა - ხომ არასასიამოვნო ჩამონათვალია, განა მოგეწონებოდათ ასეთი ადამიანი? ვის უფრო მეტად ახასიათებს ეს თვისებები, ახალგაზრდებს, თუ ასაკოვან ადამიანებს? ალბათ, ასეთები ორივეგან მრავლადაა. სწორედ ამ თვისებების მატარებელი ადამიანია ჩემთვის ერთხელ და სამუდამოდ, უიმედოდ და უპერსპექტივოდ დაბერებული, გინდა 20 წლის იყო და გინდა -  95-ის.

კორბუზიეს, მაგალითად დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ამ თვისებათაგან ბევრი დაეძლია და სულიერი/ფსიქოლოგიური ახალგაზრდობისთვის მიეღწია, ალბათ, პიკასოსაც - სხვანაირად იმ თავის ცნობილ ფრაზასარ იტყოდა.

სიძულვილით შეპყრობილები

არ მინდა სუბიექტური ვიყო და ამიტომ იმასაც ვიტყვი, რომ ტერმინი ეიჯიზმი მხოლოდ ასაკოვანთა დისკრიმინაციას როდი აღწერს - ასაკობრივი ნიშნით შეიძლება ბავშვი და მოზარდიც დაჩაგრო. და დღეს, მგონი, სწორედ ისინი ებრძვიან ყველაზე მეტად  ასაკოვან ხალხს, ვინც ოდესღაც ბავშვობაში თავად გახდნენ თავისი მშობლების ეიჯისტური განწყობების მსხვერპლნი, ვისაც შემდეგი ფორმულით ზრდიდნენ: „შვილი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო",ან საერთოდ არ ზრდიდნენ. ძალიან მარტივი ფსიქოანალიტიკური სქემაა.

მოკლედ, საზოგადოებაორ ჯგუფად დაიყო: ე.წ. ნეოფობებად და ტრადიციაზე გადამტერებულ ადამიანებად. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ეს დაყოფა, გახლეჩილობა ბუნებრივ ლოგიკას კი არ მიყვება, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ყველა დროსა და კულტურას  ახასიათებს, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილია და ამიტომაც არაბუნებრივად მწვავე და სახიფათო. და აი ნეოფობები აწმყოს და მომავალს ვერ იტანენ, ტრადიციის მტრები - წარსულს და ტრადიციას.  არადა, ორივენი თავისი სიძულვილის ობიექტზე არიან მიჯაჭვულნი და მათი იდენტობის ღერძიც სწორედ ეს სიძულვილია. აბა რას გააცამტვერებდა, უარყოფდა და შემუსრავდა ფიცხი რევოლუციონერი წარსული და ტრადიცია რომ არსებობდეს? როგორ გაირთობდა თავს რეტროგრადი ნეოფობი  ახალი დროება  რომ არ იყოს გასანაგურებელი? რეალურად კი ისინი წარსულისადა აწმყოს მეტაფიზიკურ კავშირს ებრძვიან და ამ ბრძოლაში იმთავითვე განწირულნი არიან მარცხისთვის.

სოლიდარობა

ამას წინათ ფეისბუქში ერთ ახალგაზრდას ველაპარაკებოდი.  კარგი ბიჭია, ნიჭიერი, მაგრამ უფროსებზე ძალიან იყო გაცეცხლებული. მე თავისიანად მივაჩნდი, ამიტომ გული გადამიშალა, მაგათო, მაგ უფროსებსო „მაზოლზე" უნდა დაადგა ფეხი და აღარასოდეს აღარ აუშვაო. მერე ვილაპარაკეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ასაკი და თაობა არაფერ შუაშია. რომ „მაზოლზე" ფეხდასაჭერი ყველა თაობაში მრავლადაა.

ჩემი შეხვედრა ახალგაზრდებთან შედგა - კარგი, სრულფასოვანი, პარიტეტული შეხვედრა.  ამაში ფეისბუქი დამეხმარა ეს უცნაური სივრცე, სადაც ურთიერთობას ხელს არც შენი სოციალური კუთვნილება, არც  წინასწარი განწყობები, არც ასაკი, არც გარეგნობა არ უშლის ხელს. დამეგობრების ტემპი უჩვეულოდ სწრაფია, რადგან შენი სავარაუდო ფრენდის ყველა პრეფერენცია მის პროფილში ხელის გულზეა გადაშლილი: აი ამას კითხულობს, ამას უყურებს, ამას უსმენს, ასე ფიქრობს. აქ ერთმანეთთან მიმოწერა გვაქვს, ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც თავისთავად გულისხმობს განსხვავებულ ტემპს, პაუზას, რეფლექსიას, უფრო დიდ პასუხისმგებლობას,  რადგან უშუალო კონტაქტის დროს წამოსროლილ ზეპირ სიტყვას აქ, ქსელში მისი დაწერილი და წაკითხული ანალოგი ცვლის. აღმოჩნდა, რომ საკმარისია უაზრო ცრურწმენები უკუვაგდოთ ყველაფერი თავის ადგილზე დგება - ერმანეთს არა მხოლოდ შევხედავთ, არამედ დავინახავთ კიდეც.  ჩემი ახალგაზრდა მეგობრების არ იყოს, თავიდან მეც დამჭირდა წინასწარ აკვიატებული განწყობების დაძლევა და ამ ძალისხმევის შედეგებით გახარებულმა ამას წინათ ასეთი „კლიჩიც" კი გავასტატუსე:

„ისადა... ფრენდებო, გადახედეთ ჩემი მეგობრების სიას და მათ ასაკს - აი რას ნიშნავს თაობათა სოლიდარობა. გასკდით გულზე წარსულის მტრებო და მომავლის მტრებო, რადგან თქვენ ერთი ჯურის ხალხი ხართ - რაღაცას უნდა ემტერებოდეთ, ეგაა თქვენი მოწოდება! არ არსებობს ძველი ახლის გარეშე და პირიქით. უმარტივესი აზრია, უძალიანმარტივესი. მიკვირს ამას როგორ ვერ ხვდებით. :))))

ყველას, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თაობათა შორის "ზევიდან" ინსპირირებული, გამწვავებული, გამძაფრებული კონფლიქტი ყველას ერთნაირად გვავნებს, გაწყვეტს ჯაჭვს, რომლის გაწყვეტაც დაუშვებელია, დაარღვევს ჰარმონიას, რომლის გარეშეც ვერაფერი ვერ შედგება და ვერ მოხდება, გაამარტივებს ურთულეს სოციალურ და კულტურულ ქსოვილს, სადაც ახალგაზრდულ შეუპოვრობას, უკომპრომისობას, შემტევობას,  მოწიფული მეგობრის სიფრთხილე, კომპრომისზე წასვლის უნარი, სირბილე  აბალანსებს, სადაც ტრადიციას ახალი სიტყვა და ახალი ტენდენცია ბუნებრივად ავსებს და  აახლებს. ამიტომაა, რომ ტოტალიტარული რეჟიმები, რომლებიც ზოგადად ნებისმიერი ადამიანური კონტაქტის დარღვევას ისახავენ მიზნად, ასე ინტენსიურად იყენებენ სათავისოდ ახალგაზრდობის კულტს და სასტიკად აპირისპირებს თაობებს ერთმანეთთან. მარტივი სქემები ის გარემოა, რომელშიც ტოტალირიზმი ხარობს.

ისევ მივუბრუნდები ავერინცევს, რომელიც ბევრს ფიქრობდა წერდა თაობათა სოლიდარობაზე.

„უფროსებთან ურთიერთობაში ყველას ისე არ უღიმის ბედი, როგორც მე. ჩემი ყმაწვილკაცური სოლიდარობა მათთან (მშობლებთან) იმ დროის სპეციფიკური, განუმეორებელი სიტუაციით იყო განპირობებული. როგორც ახლა ამბობენ, ჩვენ image of enemy (საბჭოთა რეჟიმი) გვაერთიანებდა. მადლობა ღმერთს, ამ ეპოქამ ჩაიარა, მაგარამ არავის მოუცია პირობა, რომ ის არ დაბრუნდება. ამას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება - ადამიანები, რომლებიც ერთხმად, ხალისიანად გაიმეორებენ საჭირო სიტყვებს, ისეთი ადამიანები, რომელთაც ერთი რამ ასწავლეს - არ მოუსმინონ უფროსებს. ამიტომ შევთხოვოთ ღმერთს, რომ ასე რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგი თაობებს შორის არასდროს შეწყდეს."

ბოლოთქმა

დიახ, მე ახლა უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს, რომლებთანაც რთულ, ღრმა, საინტერესო თემებზე ვლაპარაკობ, ვკამათობ, ვმსჯელობ: პოეზიაზე, მუსიკაზე, პოლიტიკაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე. კი, სახვადასხვა კულტურიდან მოვდივართ, დიახ, სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობდით, მაგრამ ეს საერთო ენის გამონახვაში ხელს არ გვიშლის.

ჩემი მეგობრები ჩემთან არიან: თაკო, გრიგოლი, კოშკა,დარო, პაატა, აჩო, გიორგი, შოთა, გვანცა, შორენა, თეონა, ნინო, გოჩა და კიდევ გიორგი, ალეკო, თამუნა... ამიტომ მე სახურავზე ჩასაფრებული სნაიპერების აღარ მეშინია და თუმცა ზურგჩანთა და „ბოტასები" არ გადამიგდია, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი ასაკისთვის ლაჩრული ღალატის საკომპენსაციოდ თმების შეღებვა შევწყვიტე და უშიშრად, ამაყად დამაქვს ჩემი სრულიად ჭაღარა თავი.

ჩემი ახალგაზრდა მეგობრების ჭკუა, გული და სითამამე მაფიქრებინებს, რომ „მათ" გაუჭირდებათ  ჩვენი დაბრუნება  იმ უბირ სიმარტივეში, სადაც ახალგაზრდა და ასაკოვანი ერთმანეთის მტრადა და მეტოქედ სახელდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი და ჩემი მეგობრების დაბრუნებას ამ აბსურდულ დაპირისპირებაში ნამდვილად ვეღარ მოახერხებენ.
 2010 წ.