Sunday, August 21, 2011

სიტყვების საწყობი

ანა გრიგორიევნას, ბებიაჩემს ეძღვნება
-ვაჟოშვილო, გცალია?
თუმოროფობი კარზე აკაკუნებს.
-შემოდი, დედი, შე დალოცვილო, რას დგახარ მანდა.


პასუხობს ვაჟიშვილი ბოხი სიტყვებით.
თუმოროფობი ოთახში შედის. ვაჟიშვილი კომპიუერთან ზის, შესცქერის.
-გცალია? სიტყვები მოგიტანე შესანახად, უნდა გადმოგაბარო.
თუმოროფობი ჯდება და ფუთას, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა მუხლებზე იდებს, მერე ხსნის და იქიდან სიტყვების გადმოლაგებას იწყებს:
-კარგი უჯრა სჭირდება ამ სიტყვებს, სანდო და დიდი უჯრა. საიმედოდ უნდა შეინახო, დამპიდრი, რომ არ გადააგდებ.
-არ გადავაგდებ, დედი, რას ამბობ.
ვაჟიშვილი დიდ, ძალიან დიდ და ღრმა უჯრას გამოაღებს. თუმოროფობი დააკვირდება.
-კარგი უჯრაა, ზუსტად ის სიღრმე აქვს, მე რომ მჭირდება, ზუსტად. დღეს ბებიაჩემის სიტყვებს გადმოგილოცავ. აბა დავიწყოთ.
და თუმოროფობი იწყებს:
-აჰა, შენ სიტყვა განჯინა. სულ ძირში დადე, დიდი სიტყვაა, მთელ კედელს იკავებდა ეს სიტყვა, დიდი კარები ჰქონდა, სანთლისფერი. მასში ინახებოდა: სუნელების არომატი და მურაბების არომატი და მიხაკის არომატი და ყავის ლიქიორის არომატი და ვანილის არომატი და ვარდის ფურცლების არომატი და  ნამცხვრების არომატი და ომბალოს არომატი და ქინძის არომატი. და როდესაც ამ არომატებს შეისუნთქავდი, ყოველდღიურობის მადლი გადმოიდიოდა შენზე და აღარაფრის გეშინოდა.
-და აჰა შენ სიტყვა შიფონერკა. ეს გვერდით დადე, განჯინის გვერდით. ესეც დიდი სიტყვაა, დიდი სარკით, ცოტა დაბინდული, მაგრამ მაინც ლამაზი სარკით. შიფონერკაში ზამთრობით შალის სუნი და ტვიდის სუნი და ბუკლეს სუნი და დრაპის სუნი და ფულეს სუნი ინახებოდა, ზაფხულობით - ჟორსეს არომატი და კრეპ-ჟორჟეტის არომატი და ჩითის არომატი და პიკეს არომატი და აბრეშუმის არომატი და კიდევ სუნამოს სუუსტი არომატი და როდესაც ამ ამ არომატებს შეისუნთქავდი, ყოველდღიურობის მადლი გადმოიდიოდა შენზე და აღარაფრის გეშინოდა.
- და აჰა შენ სიტყვა ატამანკა, ყავისფერი ტყავის ატამანკა ოქროსფერთავიანი ლურსმნებით და რბილი მუთაქებით და როდესაც ამ ატამანკაზე წამოწვებოდი და ტყავის არომატს შეისუნთაქვდი და ბებო შალის პლედს გადაგაფარებდა, ყოველდღიურობის მადლი გადმოიდიოდა შენზე და აღარაფრის გეშინოდა.
-და აჰა შენ სიტყვა ეტაჟერკა, ქარაფშუტა სიტყვაა, მსუბუქი, ორნამენტებით მორთული, ფაიფურის ლამაზი ფიგურებით გაწყობილი. და როდესაც ეტაჟერკას გადახედავდი, ყოველდღიურობის მადლი გადმოიდიოდა შენზე და აღარაფრის გეშინოდა.
თუმოროფობი გაჩერდა.
-სულ ესაა, დედი? - იკითხა ვაჟმაშვილმა.
-არა აქ კიდევ ბევრი სიტყვა მაქვს: - გუბნი პამადა, ყასიდად, კოხტაობა, გალავინსკი, ყაირათიანად, გოფილექტი, გოსკინპრომი, ჩარსავი... მაგრამ ჯერ ეგენი შეინახე, ვაჟოშვილო, და დანარჩენი მერე იყოს.
ვაჟმაშვილმა უჯრა მიხურა, დიდი გასაღებით ჩაკეტა, მერე ფურცელი და კალამი აიღო, ზედ ლამაზად დააწერა „სიტყვების საწყობი“ და უჯრას მიაკრა.

5 comments:

  1. მევასებით ყველა აგრაფინა ალოისი და თუმოროფობი

    ReplyDelete
  2. ფიქრო, ჩვენც დაგვევასეთ მაგრად :))))))) გაიხარეთ!!!

    ReplyDelete
  3. ნანიკო, რა მშვენიერია: ნაზად გულისმომკვლელი და ტკბილად ცრემლისმომგვრელი. ძალიან მოყვარხარ.
    ციცო ხოცუაშვილი

    ReplyDelete
  4. საოცარია, თითქოს მთელი ჩემი წარსული მოიცვა ამ რამოდენიმე სიტყვამ!

    ReplyDelete

  5. ,,ლინკი დავიფეივორიტე'' :)

    ReplyDelete