Friday, May 6, 2011

საჩუქარი

თუმოროფობმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ დაუმთავრებელი საქმეების მაგია არავის არ დაიცავდა და როგორც კი ამ უკანასკნელი ფარის იმედი საბოლოოდ დაკარგა, სიზმარი და სინამდვილე უცნაურად აერია ერთმანეთში.
უკვე აღარ იცოდა, სიზმარში განაცხადა ჰილარი კლინტონმა, რომ ჯენუინ დემოქრასის გამარაჯვება 500,000 ყრმა ერაყელის სიკვდილად ღირს, თუ იგივე ცხადში თქვა მადლენ ოლბრაიტმა. ვერ გაერკვია, სიზმარში დასტიროდა რაქილი მწარედ თავის 500,000 შვილს, თუ ცხადში არ იღებდა ნუგეშს, რადგან ისინი აღარსად იყვნენ. წარმოდგენა არ ჰქონდა ცხადში კვდებოდა, თუ სიზმარში და ამიტომ დილით გაღვიძების ეშინოდა, ღამით კი დაძინების.
მაგრამ ერთხელ სიზმარმა, თუ ცხადმა უცნაური საჩუქარი გაუკეთა და პატარა ხნით წარსულში მოახვედრა, დღეში, რომელიც თითქოს არაფერს ნიშნავდა და რომელიც თითქოს საერთოდ აღარ ახსოვდა. ზაფხულის შუადღე იდგა, მოკლე ჩრდილებით და პაპანაქებით. ზაფხულის შუადღე, ზაფხულის შუადღე, ზაფხულის შუადღე... თუმოროფობმა პაპანაქებიდან გრილ ბინაში შეაბიჯა. სქელფარდებიან ფანჯრებთან მომდგარი მზე რბილ ჩრდილებს ალაგებდა თითოეულ ნივთზე. თუმოროფობმა კაბა გაიხადა და თხელი სარაფანი გადაიცვა, ფეხშიშველი დარჩა - ახალგაზრდა კანჭებისა და მკლავების გრილმა სიშიშვლემ და სიმსუბუქემ ისე გაახარა, როგორც სასწორაკვეთაში ბოძებულმა ნუგეშმა. ოთახში ზუსტად ისეთი სუნი იდგა, როგორიც მაშინ დგას, როდესაც გარეთ ძალიან ცხელა, შინ კი გრილა. შვება და სიმყუდროვე, შვება და სიმყუდროვე და სრულიად უვნებელი დრო, რომლის მსვლელობაც ჯერ არაფრით გემუქრება, მხოლოდ მეგობრულად წიკწიკებს და გრილი ბინის არომატებს უსაფრთხო საუნდტრეკით ავსებს.
თუმოროფობი სკამზე მოხერხებულად ჩამოჯდა. ისვენებდა, მართლა ისვენებდა: ყმაწვილის უდარდელობა და გადაგორებული ვალდებულებები - პაუზა. ფარდებს შუა დიიიდი, სრულიად უკაცრიელი, ჩუმი ეზო ჩანდა და მაღალი აკაცია სუუულ ოდნავ რეაგირებდა პაააატაარაა ნიავზე - შშშშშშშშ!

3 comments:

  1. ძალიან, ძალიან მაგარია! დიდი მადლობა... იმაზე ლაპარაკობ, რასაც სხვებიც განვიცდით, მაგრამ არ გვაქვს გამოხატვის უნარი და ნიჭი.

    ReplyDelete
  2. როგორც ყოველთვის,როგორც ყოველთვის,როგორც ყოველთვის ეხები ძალიან სათუთს, ძალიან შენს,ძალიან ჩემს და ძალიან სხვისას

    ReplyDelete
  3. შვება და სიმყუდროვე, შვება და სიმყუდროვე და სრულიად უვნებელი დრო, რომლის მსვლელობაც ჯერ არაფრით გემუქრება, მხოლოდ მეგობრულად წიკწიკებს ...:(

    ReplyDelete