Friday, August 13, 2010

არშემდგარი მაქციის ისტორია, რომელსაც ექიმებმა დემენცია დაარქვეს


ალოისს მაღალი სიცხე ჰქონდა, ძალიან მაღალი. გაქცევა მაინც ვერ მოახერხა. სულ უნდოდა, რაც თავი ახსოვს, სულ გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკვე სამი წლისა იყო, როდესაც მიხვდა, რომ არც დას ჰგავს, არც დედას და არც მამას. მზის ჩასვლას შფოთით ხვდებოდა და სავსე მთვარეზე ფორიაქი ეწყებოდა.

„უიმეეე, ამ ალოისმა მუცლიდანვე დამტანჯა“ - ამბობდა ხოლმე დედამისი, კრასავიცა ანა და ამ სიტყვებზე ამრეზილ, შეწუხებულ სახეს კერავდა. „მედიკო? მედიკო ანგელოზივით დაფარფატებდა მუცელში, მაგას შემოევლოს დედა“ - ამატებდა აუცილებლად, საყვარელ შვილს სიყვარულით გადახედავდა და სახე უნათდებოდა. ჰო, სამი წლის იყო, პირველად გადაქცევის ჟინმა რომ წამოუარა, როდესაც მიხვდა, რომ მაქციაა, ველური და შმაგი, მაგრამ დედა სიგიჟემდე უყვარდა და თავის თავს ამის უფლება არ მისცა. ადგა და მარცხენა ფეხზე მდუღარე ჩაიდანი გადაიქცია. ასეთი ფეხით რაღას გადაიქცეოდა და სადღა გაიქცეოდა? მერე ქმარს არ გაუტეხა ხათრი და შვილებს. იდგა და ხარშავდა და კერავდა და რეცხავდა და მუშაობდა და ისევ რეცხავდა და ისევ ხარშავდა. ისეთი ქალი იყო, მყუდრო და მოხერხებული შეხება რომ აქვთ, სულ რომ რაღაცას აკეთებენ, რბილი, ფრთხილი, სათუთი, ჟესტიკულაციით: ამას გახსნილ საყურეს შეუკრავს, იმას საყელოზე ნაკეცს გაუსწორებს, მესამეს ძილის წინ ალერსით დახედავს, მეოთხეს ძმირიან წინდებს ჩააცვამს. მის გაშლილ ლოგინს არასდროს ჰქონდა ერთი ნაკეციც კი და მის გამზადებულ კერძს არასდროს აკლდა მარილი. თითქოს ბევრს ქაქანებდა, მაგრამ არაფერს არ ამბობდა - ძალიან, ძალიან მოკრძალებული იყო, საკუთარ პრეფერენციებზე ლაპარაკი ზედმეტად პრეტენზიულად ეჩვენებოდა. არა, ვერასდროს გაბედავდა გადაქცევას - ასეთი ექსტრავაგნტური, ეპატაჟური ნაბიჯის გადადგმას ვერასდროს შეძლებდა - ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა და „ნაიგრიშის“ ყოველთვის ეშინოდა.
 - რა იყო ჩვენთვის ალოისი? კომფორტი, სიმყუდროვე, ცხელი კერძი, მეორე რიგის პერსონაჟი . ერთხელ არ შეგვიხედავს ყურადღებით, ერთხელ არ გვიკითხავს, რომელი წიგნი უყვარს, ან რა მელოდია. რა იცი შენ ალოისზე, შენ რომელიც მუდმივად საკუთარ მოწონება -არმოწონებებზე ლაპარკობ და თავი თავმდაბლადაც მოგაქვს. აი ნამდვილი მოკრძალება - ტიროდა აგრაფინა და სიცხიან ალოისს დასცქეროდა.
- მართალი ხარ, მხოლოდ ახლა შევხედეთ და დავინახეთ.- უპასუხა თუმოროფობმა- ავადმყოფობა წიგნივით დაწერა და ჩვენ მოგვიძღვნა: „არშემდგარი მაქციის ისტორია, რომელსაც ექიმებმა დემენცია დაარქვეს“.

5 comments:

  1. შედევრია1!!
    ავადმყოფობა წიგნივით დაწერა და ჩვენ მოგვიძღვნა:
    მედიკო ანონიმი

    ReplyDelete
  2. - რა იყო ჩვენთვის ალოისი? კომფორტი, სიმყუდროვე, ცხელი კერძი, მეორე რიგის პერსონაჟი . ერთხელ არ შეგვიხედავს ყურადღებით, ერთხელ არ გვიკითხავს, რომელი წიგნი უყვარს, ან რა მელოდია. რა იცი შენ ალოისზე, შენ რომელიც მუდმივად საკუთარ მოწონება -არმოწონებებზე ლაპარკობ და თავი თავმდაბლადაც მოგაქვს. აი ნამდვილი მოკრძალება - ტიროდა აგრაფინა და სიცხიან ალოისს დასცქეროდა.
    - მართალი ხარ, მხოლოდ ახლა შევხედეთ და დავინახეთ.- უპასუხა თუმოროფობმა- ავადმყოფობა წიგნივით დაწერა და ჩვენ მოგვიძღვნა: „არშემდგარი მაქციის ისტორია, რომელსაც ექიმებმა დემენცია დაარქვეს“.

    ...და რამდენნი იყვნენ თუ არიან ამგვარი მაქციები..... რამდენნი, თუმცა ახლა?...ახლა გადაქცევები ან გაქცევებია, მგონი, უფრო მოდაში....
    მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  3. ავადმყოფობა წიგნივით დაწერა და ჩვენ მოგვიძღვნა: „არშემდგარი მაქციის ისტორია, რომელსაც ექიმებმა დემენცია დაარქვეს“. - AU RA MAGARIA :((((((((((((

    ReplyDelete
  4. ჰო, ერთმანეთს ვუყურებთ ხშირად და ვერ ვხედავთ, ეგრეა სამწუხაროდ

    ReplyDelete
  5. მარინაAugust 2, 2011 at 4:02 AM

    საოცარი ამბავია,მე ხომ ვიცნობდი ციალას და სწორედ ისეთი იყო,როგორსაც აღწერ,მაგრამ კიდევ საოცარი ის არის,რომ დედაჩემიც ასეთი მგონია,(ეს მე მგონია,თუმცა შესაძლოასულ სხვანაირია)ანუ ეს არის სახე,ზოგადი ნიშნებით,რაც იმ თაობის ქალებს ახასიათებს.
    ასეთი სათუთი,მოკრძალებული და მეოჯახე ქალები,დღეს არ არიან,ან მე არ ვიცნობ, მე ასეთი არ ვარ.

    ReplyDelete