Saturday, July 23, 2011

თუმოროფობის დაკარგული ტერიტორიები

დიდი დიღომი, ქარიანი დღე, საინფორმაციო სააგენტო Associated Reuters  - დღეს თუმოროფობმა ხანმოკლე ბრიფინგი ჩაატარა, სადაც საკუთარ თავსვე ამცნო საკუთარივე დამოკიდებულება მისივე დაკარგული ტერიტორიებისა და ისეთი სენსიტიური საკითხისადმი, როგორიცაა ზოგადად  თუმოროფობის ტერიტორიული მთლიანობა.

„ამ ბოლო ხანეებში, ძალიან მწვავე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, ჩემი ტერიტორიების 63,5% დაკარგულია და, როგორც ჩანს, თვალსწიერ მომავალში მათი დაბრუნების იმედი არ უნდა მქონდეს,“ განუცხადა თუმოროფობმა ბრიფინგზე არდამსწრე საზოგადოებას. „ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე მათგანს, რადგან სრული ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მე კი შორს წასასვლელად ჯერ მზად არა ვარ - არც რკინის ქალამნები შემიძინია, არც ჯოხი, რომელსაც გზაში მეგობარივით დავეყრდნობოდი,“ დასძინა მან და იმ ტერიტორიების ჩამოთვლა დაიწყო, რომელსაც თავად ერთხელ და სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნევს:

„დავკარგე გაზაფხულის სამი დაბადების დღე ერთ ძალიან ნათელ ბინაში,  კაშკაშა მზით განათებული დაბადების დღეები უამრავი მხიარული სტუმრით,  ახლად შემოსული ხილით და მარწყვის ტორტით. ეს სამი დაბადების დღე ჩემი ცხოვრების საბაზისო რიტუალებს განეკუთვნებოდა და მათ დაკარგვას ვერასდროს შევეგუები.

დავკარგე არდადეგები და დამეთანხმებით, რომ არდადეგები ყველაზე მძიმე დანაკრგია - დრო, როდესაც სოციალური სტიქია ნებაყოფლობით განებებს თავს და გოლიათ ფიჭვებში უდარდელი მოცალეობით  გასაჩუქრებს.

დავკარგე საღამოები, როდესაც ბებო ნაჭრის ტომარაში კოჭებს ააჩხრიალებდა,  იქიდან ერთ-ერთს ამოიღებდა და ავტორიტეტულად განაცხადებდა - სოროკვოსემ გაკოცა მოსემ, მერე წინ გაშლილ ლოტოზე ამ სოროკვოსემს დადებდა და კიდევ უფრო ავტორიტეტულად იტყოდა - „მე მოვრჩი“.

შემდეგ თუმოროფობმა ჩამოთვალა კიდევ უამრავი ტერიტორია, თუმცა არ წარმოუდგენია არც ერთი  დოკუმენტი, რომელიც მის უფლებებს ამ ტერიტორიებზე ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა. კითხვაზე (რომლითაც საკუთარ თავს თვითონვე მიმართა), ვის ადანაშაულებს მის ამ დანაკარგებში, თუმოროფობმა განაცხადა:

„დამნაშავე ყველასთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგრამ მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და, მავანთაგან განსხვავებით, მანამდე, სანამ სასამართლო შესაბამის დასკვნას არ გამოიტანს, დამნაშავეს არ დაგისახელებთ.“

„მისი ეს აკვიატებული იდეები, რომლებსაც არავითარი მყარი მტკიცებულება არ უმაგრებს ზურგს, საზოგადოებისთვის, კარგადაა ცნობილი,“ განუცხადა ექსპერტმა დაუსაბუთებული პრეტენზიების დარგში სააგენტო Associated Reuters  სატელეფონო საუბარში. „თუმოროფობი შეპყრობილია იმ შიშებით, რომელიც ასე დამახასიათებელია მისი თაობის წარმომადგენლებისთვის. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავიდან (და ტანიდანაც) ახალი ადამიანი გამოძერწონ, დგანან და ძველ თავსა (და ტანს) მისტირიან. მასში ინტელიგენტის დრომოჭმული არქეტიპი ლაპარაკობს, დრომოჭმულ არქეტიპებს კი  დერეგულაციის  მადლით დალოცვილ ჩვენს ახალ რეალობაში არაფერი ესაქმება“ დასძინა ექსპერტმა დაუსაბუთებელი პრეტენზიების დარგში.

როგორც სააგენტომ იმ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ილაპარაკა, მათი (თუმოროფობის მსგავსების) დრო წასულია, რაც მთავარია, წასულია სამუდამოდ და, სანდო წყაროს დაჟინებული მტკიცებით, უკან აღარასოდეს დაბრუნდება“.

თუმოროფობმა არად ჩააგდო ექსპერტისა და ანონიმურობის დაცვის მოსურნე სანდო წყაროს სიტყვები და საპასუხოდ   განაცხადა:

„მე კატეგორიულად მოვითხოვ ჩემთვის იძულებით გადაადგილებულის იურიდიული სტატუსის მონიჭებას, რადგან სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, არავითარი სურვილი იმ ტერიტორიაზე ცხოვრებისა, რომელსაც სიბერე ჰქვია, არც მქონია და არც არასოდეს მექნება“.

5 comments:

  1. აქ ზოგჯერ ძალიან წვიმს და თან მზეა....მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  2. barselonashi ki, Tumorofobis angarishis gacnobis shemdeg sruli mzadyofniT sheudgnen shishis wamlis sheqmnas... amosavali dashveba iyo -kavshiri genetikur kodebsa da shishis 7 nairsaxeobas shoris... amaT mxolod shvili shishi gaugiaT, - chaicina Tomorofobma... malchishki....mravalsaxeoba shishisa...Tundac shishi dakarguli teritoriebis gamosmeniaT netav?

    ReplyDelete
  3. შენი კატეგორიული მოთხოვნის მიღმა – მოგანიჭონ იძულებით გადაადგილებულის იურიდიული სტატუსი – აშკარად იკითხება ფარული განზრახვა – ხელი მოითბო სახელმწიფოს ხარჯზე და ფოცხო–ეწერში დასახლდე, სადაც არა არს არცა შიში, არცა ურვა, არამედ მხოლოდ...

    ReplyDelete
  4. დროში გადაადგილებულო პოლკოვნიკო აგრაფინა, კიდევ კარგი, სივრცეშიც არა ხარ გადაადგილებული, ეს ორივე ერთად თლათ საშინელებაა. გენაცვალე შენა, რა მაგარი ხარ, რომ იცოდე! სოროკვოსემ, გაკოცა მოსემ... აი, მართლა დავინახე ლოტოს თამაში სადღაც სევდიან და ნათელ სამყაროში. ძალიან კარგია, დიდი მადლობა!

    ReplyDelete