Monday, April 9, 2012

პატივმოყვარეობის ისტორია, ოღონდ არაკლასიკურ ეპოქაში


-სრულიად ნორმალურად გაქვთ ყველაფერი, ქალბატონო.
-ნორმალურად?
-კი.

ექიმმა ზეთით მოთხუპნულ მუცელზე კიდევ ერთხელ გადაატარა ექოსკოპის აი ის ნაწილი, ნუ ხომ ხვდებით, რა ნაწილი და თან ეკრანს ჩააშტერდა დაჟინებით.
-ოიი - წამოიკვნესა თუმოროფობმა.
ექიმი ეკრანს მოსწყდა და თუმოროფობს „რა მოგივიდათ, ქალბატონო“ სახით გადმოხედა.
-არაფერი, აქ მეტკინა თითქოს.
კაბინეტში ისეთი მყუდროებააა იყოოოო, ჟალუზებით დაჩრდილული მზე და მყუდრო სიგრილე, „რახაცეეფის“ ზუზუნი. ოიიიი, როგორი სიმყუდროვე იყოოო კაბინეტშიიი. ექიმიც ასეთი მყუდრო იყო, რუტინული და ამიტომ ძალიან კარგი.
-საკვერცხეები სრულიად დაპატარავებულია და უფუნქციო, მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
მკვეთრ მზეზე გარეთ გამოსული თუმოროფობი თვალებს ჭუტავდა.
-აი თურმე სად გაქრა პატივმოყვარეობის ლორწოვანი ჰიდრა - უთხრა თუმოროფობმა არავის - დაპატარავებულ საკვერცხეებში აღარ ჩაეტია, არადა, მანამდე, ეტყობა მანდ ბუდობდა. ...სხვებთან? სხვებთან, ალბათ, ხანდახან, ფანტომური ტკივილების სახით რჩება - გაუმეორა თუმოროფობმა ამაყად არავის, რადგან ძალიან უხაროდა, რომ ამდენი ჭკვიანური სიტყვა იცის და სულ ახლახანს შექმნა პატივმოყვარეობის ლორწოვანი ჰიდრის, ჰერმეტიზმისა და სექსუალობის ისტორია, ოღონდ არაკლასიკურ ეპოქაში. :D

No comments:

Post a Comment