Sunday, March 25, 2012

ბესსმერტნიკები

ფიჭვის ტყეს კოტეჯებისგან ვიწრო ბილიკი ჰყოფდა. წიწვოვანი ტყე ხომ იცით რა ლამაზია - დაუჯერებლად ლამაზი და სადღესასწაულოდ გამწყობილი. 

 -საქმე ისაა, რომ არც ერთ ადამიანს არ სჯერა თავისი მოკვდავობის, აბსოლუტურად არ სჯერა. საკუთარი სიკვდილი ადამიანისთვის სრული აბსტრაქციაა. ათეულობით მომაკვდავის სარეცელთანაც რომ იჯდეს, ყოველდღე რომ ხედავდეს სიკვდილს, ჯალათიც რომ იყოს, სერიული მკვლელიც   - არსებობს მხოლოდ სხვისი სიკვდილი, საკუთარი სიკვდილი აბსტრაქციაა. სადღაც ღრმად, სულის ფსკერზე ინახავს არგამოთქმულ რწმენას იმისას, რომ მისი სიკვდილი არ შედგება.

უზარმაზარი ფიჭვების ძირში, საბავშვო ეტლებში ლოყაწითელ ჩვილებს ეძინათ და მათი ახალგაზრდა, ლამაზი დედები თეთრი ფაიფურის ჯამებში ვაშლებს უხეხავდნენ. ფიჭვის ტყეში ზაფხულის ტერიტორიას დაედო ბინა - ყველაზე ცოცხალ ადგილს, ყველაზე ცოცხალი ადამიანებისთვის.

-ბესმერტნიკების სექტა ხომ გახსოვს? მგონი, ბერდიაევი წერდა მაგათზე - დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ ადამიანი მოკვდა, მისი ბრალია, რადგან ეჭვი შეიტანა საკუთარ უკვდავობაში. აი ასეთი ბესმერტნიკია ყველა ჩვენგანი.

მზე ჩადიოდა. აისზე და დაისზე კი ფიჭვის ტყეში ჯადოსნური განათება იცის. კოტეჯების აივანზე ზაფხულის ადამიანები ჩაის სვამდნენ და კოვზები საამურად აწკრიალებდნენ ფაიფურის ჭიქებს.

 -საკუთარი მოკვდავობის შესახებ მხოლოდ წმინდანებმა იციან და თვითმკვლელებმა, სხვამ - არავინ.

3 comments:

  1. გილოცავთ, მეგობრებო, აგრაფინა ვულფი ცოცხალია!

    ReplyDelete
  2. მაკოოოო :)))))

    ReplyDelete
  3. საზაფხულო კექსივითაა, ნან, მოტკბო და მშვიდი...მიმალული ხიფათი

    ReplyDelete