ამბავი ბლოგისა

ასე მგონია, ადამიანი მოგონებებით თავისი ცხოვრების ისტორიას რამდენადმე აყალბებს, აყალბებს იმით, რომ მუდმივად ყვება ერთსა და იმავე ამბებს და ისე ჩქმალავს სხვებს, რომ ისინი ბოლოს თვითონაც აღარ ახსოვს. ხშირად მოყოლილი ისტორიები კი, პირიქით, სამუდამოდ ამახსოვრდება, მათი მეშვეობით ხელახლა ქმნის თავის წარსულსაც და იდენტობასაც. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ისტორია კონკრეტულობას კარგავს და ერთგვარ პერსონალურ, ან საოჯახო მითად გადაიქცევა. იქნებ მეხსიერების ეს მოწყალე არჩევითობა სულაც არ არის ცუდი, იქნებ ამ არჩევითობით ვადასტურებთ იმას, რომ ზუსტად ვიცით როდის მოვიქეცით უსამართლოდ, ბოროტად, სასტიკად, უღირსად და ამის გახსენება უბრალოდ ჩვენს ძალებს აღემატება.

ეს ბლოგი ასეთი ამბებისგან შედგება - ოჯახური მითებისგან, რომლებიც დედაჩემის სნეულების, სიკვდილისა და ჩემი დაბერების ისტორიას აღწერს. სანამ ჩემი მოხუცები, (ჯერ დეიდა, მერე მამა და ბოლოს დედა) წასვლას დაიწყებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადრეული ბავშვობიდან საშინლად მეშინოდა სიკვდილის, ჩემი საკუთარი მოკვდავობა მაინც სრული აბსტრაქცია იყო ჩემთვის. როდესაც ახალგაზრდა ხარ და წინ ცხოვრების 30, 40, 50 წელი გელის, ფაქტობრივად მარადისობაში ცხოვრობ, აბსტრაქტული მოკვდავობის სივრცეში. თან დედაჩემი ყოველთვის იდგა ჩემსა და სიკვდილს, ჩემსა და ადამიანური არსებობის ტრაგიკულ მომენტებს შორის - მარიდებდა, არ მაკარებდა, არ მაგონებდა. მე ჩემს შვილებს ასეთ ფარად ვერ გამოვადექი. მაგრამ, როდესაც მშობლები უკვე ასაკოვანს გტოვებენ, როდესაც უკვე უფრო მეტი განვლე, ვიდრე დაგრჩენია, ყველა განყენებული შიში თავზარდამცემ კონკრეტულობას იძენს და ამას ვეღარსად გაექცევი.

მე მომწონს დაბერება და ძალიან მიკვირს, რომ ამ ასაკზე ასე ცოტას წერენ. მომწონს მისი სისუფთავე და უცნაური უანგარობა, მისი ”მარტოობაამტანობა”. რაღა თქმა უნდა, სიბერე სევდიანი დროა, მწარე, უოცნებო და შესაბამისად უიმედოც, მაგრამ ასაკოვნება  უამრავი ამაო შფოთისგან გათავისუფლებს: კარიერა, წარმატებებისა და აღიარების ხარბი წყურვილი, შური და ეჭვიანობა - ყველაფერი ეს აზრს კარგავს და რჩება მთავარი, უმთავრესი საკითხები: სიკვდილი-სიცოცხლე, სიკეთე-ბოროტება. სასიამოვნო სიცხადეა, სასიამოვნო დაწმენდილობა: день промыт как стекло...

რაც შეეხება პერსონაჟებს: თუმოროფობი მე ვარ, ხვალინდელი დღით მუდმივად შეშინებული არსება. სიტყვა თუმოროუფობია ფეისბუქზე თამაშის დროს გამოვიგონე, მერე თაკო კაკაბაძემ, ჩემმა ფრენდმა და მეგობარმა, თუმოროფობი შემარქვა. ალოისი დედაჩემია. ალცჰეიმერით იყო ავად და ამ სნეულების აღმომჩენს ალოის ალცჰეიმერი ერქვა. რაც შეეხება პოლკოვნიკ აგრაფინა ვულფს, ისიც ფეისბუქური თამაშების პროდუქტია. ჩემი აგრაფიისა (სულ შეცდომებით ვწერ) და დედაჩემის სანდაუნის სინდრომის სინთეზის შედეგი. დედას მზის ჩასვლის მერე შფოთი და გაქცევის სურვილი იპყრობდა და ამით მაქციებს (werewolf- აქედან გვარი ვულფი) მახსენებდა. ვფანტაზიორობდი, რომ ალბათ მაქცია იყო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მისცა თავს გადაქცევის უფლება და ამიტომაც გახდა ბოლოს ავად. აგრაფინა ხან მე ვარ, ხან კი თუმოროფობის შვილი, ხან   უბრალოდ აგრაფინაა, მყარი იდენტობა არა აქვს, ერთი გამონაკლისით - ის ყველა განსახიერებაში  მაქციაა და თან რატომღაც პოლკოვნიკი (აგრაფინას პოლკოვნიკობაც ფრენდებთან ერთად გამოვიგონეთ).

აი ასეთია ამბავი ჩემი ბლოგისა, რომელსაც აუცილებლად ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილებს და იმედია, ისინი მას საოჯახო მითების არქივში საპატიო თუ არა, სათანადო ადგილს მაინც მიუჩენენ.