Sunday, February 19, 2012

გავიმეორებ


მწვანილს სკრუპულოზურად გავრეცხავ, უსკრუპულოზურესად, ძირებს დავაჭრი, სველ ჩაის ტილოში გავახვევ და  მაცივარში შევდებ - ასე კარგად ინახება.
 ყველსაც სველ ჩვარში გავახვევ - ისიც კარგად ინახება ასე. კარტოფილს წვნიანში ჩაყრამდე ოთხად გავჭრი და არა ორად, როგორც დანარჩენები.  ასკილის ნაყენს ექვსმაგ ბინტში გადავწურავ - ასე უფრო სანდოა.  ბავშვების სარეცხს ცალკე გავრეცხავ, უფროსებისას არ გავაკარებ და  ინფექციებისგან  დავიცავ.   უბრალო მოძრაობებით გავიმეორებ დედაჩემს, სრულიად უბრალო მოძრაობებით.
ტახტზე წამოვწვები, მუცელზე, წიგნს იატაკზე დავდებ და ისე წავიკითხავ. შევინახავ ყველა მავთულს და ჭანჭიკს, არც ერთს არ გადავაგდებ.  გადასახადებს სამი თვით ადრე გადავიხდი და კორპუსთან ისეთ ბაღს გავაშენებ, სადაც უმარცვლო სიმინდი ხარობს მხოლოდ და პაააწაწიიინაა კარტოფილები. აივანზე გავალ, ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯდები, ფეხებს აივნის მოაჯირზე შემოვაწყობ და ასე ვიჯდები დიდხანს, სახიფათო სიმაღლეზე, დიდი ჩიტივით, ღრმად ჩაფიქრებული. უბრალო მოძრაობებით გავიმეორებ მამაჩემს, სრულიად უბრალო მოძრაობებით.

8 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. რა კარგია<3 მშობლები, როცა აღარ არიან, ცდილობ გაიმეორო, იმიტომ, რომ თითქოს ზურგი გაქვს მოშიშვლებული.

    ReplyDelete
  3. აი, ეს კი მართლა არ წამიკითხავს. მომეწონა, რაღა თქმა უნდა (მაკო)

    ReplyDelete