Thursday, October 3, 2013

ფეხაკრეფით

უფსკრულის პირას, სადაც თუმოროფობი და მისი უსაყვარლესი მეგობარი არავინ ცხოვრობდნენ, შემოდგომა დადგა. და რადგან შემოდგომას ძალიან სჭირდება წითელ-ყვითელი ხეები, ამიტომ ერთ ღამეში მათი პატარა, მყუდრო სახლის გარშემო შემოდგომის ხეების ტყემ გაიხარა.
ჰაერში ბანგი გაერია, მზეს ვიღაცამ ფილტრი დაადო და თუმოროფობიც სიხარულით ეგებებოდა შემოდგომის მსუბუქ და ფარფატა გრიპებს.


-თუმოროოოფოოობ, თუმოოოოროოოფოოობ, მოდი, სადილი მზადაა - გაჰკიოდა არავინ ღია ფანჯარაში და თუმოროფობს ხელს უქნევდა. თუმოროფობი ჩვეულებრივ უფსკრულის პირას იჯდა, ფეხები მოეხარა, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა, ნიკაპით ხელის გულებს და წითელ-ყვითელ ჰორიზონტს და შემოდგომის ზღვას გაჰყურებდა. როგორც კი არავინის ძახილი გაიგო,აუჩქარებლად წამოდგა, გაიხედ-გამოხედა, თითის წვერებეზე შედგა და ძალიან ნელა, ძალიან ფრთხილად გაეშურა სახლისკენ, ისე მიდიოდა, თითქოს ვიღაცას ძალიან დაღლილს ეძინა და მისი გაღვიძება არ უნდოდა არაფრით.
არავინმა, ფანჯარა მიხურა, ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან მოკალათდა, მერე ჩვენ შემოგვხედა და  პირდაპირ მოგვმართა:

-აი, ასე დადის სულ ამ ბოლო დროს, თითის წვერებზე და ფეხაკრეფით, ხმასაც არ იღებს. ასე მითხრა, ისე დავაბოტებდი მთელი ცხოვრება,  იმდენს გავკარი მუჯლუგუნი და იმდენს დავადგი ფეხი, რომ ამიერიდან მხოლოდ ასე ვივლიო.
ამ დროს ჩამავალი მზის სხივებმა არავინის ზურგსუკან ფანჯარა გაანათა. არავინი კონტრაჟურში მოხვდა, გადღაბნილ სილუეტად იქცა და მერე ისე გაქრა თვალთახედვიდან, თითქოს ვიღაცამ ჩაბნელებაზე გაიყვანა კადრიო. 

2 comments:

  1. როგორ მიხარია აქ, წერტილ-მძიმით მორთული სიახლე :)

    ReplyDelete
  2. "აი, ასე დადის სულ ამ ბოლო დროს, თითის წვერებზე და ფეხაკრეფით, ხმასაც არ იღებს. ასე მითხრა, ისე დავაბოტებდი მთელი ცხოვრება, იმდენს გავკარი მუჯლუგუნი და იმდენს დავადგი ფეხი, რომ ამიერიდან მხოლოდ ასე ვივლიო. "

    ნეტა ყველა ეგრე ფიქრობდეს და ეგრე დადიოდეს... : ))

    ძალიან მაგრად წერ... აი პირდაპირ "ჯიგარს რო წვავს" ეგრე :დ :დ

    ReplyDelete