Wednesday, April 25, 2012

ახალი წარსული

თუმოროფობი, არავინ და მედუსა გორგონა უფსკრულთან დასახლდნენ. უფსკრულის ძირას ზღვა იყო. პატარა, მყუდრო სახლი, აი ისეთი, როგორიც დევიდ კოპერფილდის ბებიას, ბეტსი ტროტვუდს ჰქონდა, პირდაპირ უფსკრულის პირას იდგა. როცა ზღვა ბობოქრობდა, უფსკრულის სიღრმის მიუხედავად, უუუუუზარმაზარი ტალღები ფანჯრებს ეხეთქებოდა. ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა  ეს ერთადერთი სახლი ამ პირქუშ, უკაცრიელ სანაპიროზე, სადაც მუდმივად ქროდა მწივანა ქარი, მძიმე, რუხი ღრუბლები სახლის სახურავზე ისხდნენ და გარშემო არც ერთი ხე არ ჩანდა.


-აბა, შემხედე, შემხედე - გასძახოდა მედუსა თუმოროფობს და თვალებით სასაცილოდ აშტერდებოდა.
-კაი, რა მედუს, კაი რა, რით ვერ გაიგე, რომ მშვენივრად გისწორებ თვალს, შეგაჩვიე თვალი, რამდენი ხანია შეგაჩვიე, უკვე ოთხი წელი ხდება -  აღარ მოგბეზრდა?
ამ დროს არავინ სამზარეულოში დაფუსფუსებდა და ხუთსაათიანი ჩაისთვის ბისკვიტებს აცხობდა. თუმოროფობს ძალიან უყვარდა თავისი ყველაზე ახალი მეგობარი - არავინ.
-მაშინ, მოდი, ის ვითამაშოთ - ვინ პირველი დაახამხამებს - არ წყნარდებოდა მედუსა.
თუმოროფობს მისი საცოდაობით გული ეწურებოდა, დგებოდა და ჰიდრებს უვარცხნიდა, ლამაზ ნაწნავებს უწნიდა და თან თავის წარსულს უყვებოდა.
-რატომ გაქვს ყოველთვის სხვადასხვა წარსული? - ეკითხებოდა მედუსა, რომელსაც ძალიან უყვარდა, როდესაც თუმოროფობი ნაზი მოძრაობებით ჰიდრა-თმებს ლამაზ თამავრცხნილობად ულაგდებდა.
-იმიტომ, მედუს, რომ წარსული ყველაზე ცვალებადი რამეა, ყველაზე დინამიკური. ყველა გახსენება წარსულის ახალი ვერსიაა რეალურად, შენ რომ იცოდე, აწმყო წარსულთან შედარებით ერთი გახევებული რაობაა.

***

ზაფხულის ერთ ცხელ ღამეს მედიკო დეიდა, პატარა თუმოროფობი, კიდევ უფრო პატარა მისის ვითჰაუერი და სულ-სულ პატარა დეიდაშვილი წყნეთიდან თბილისში მოულოდნელად ჩამოვიდნენ. დიიიდი, აკაციებით სავსე თბილისური ეზო ცარიელი და ჩაჩუმებული იყო. მხოლოდ თუმოროფობის და მისის ვითჰაურეის ბინა იყო განათებული და კარის ჩარჩოში იდგა მათი დედა, ალოისი. კონტრაჟურში მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა - ახალგაზრდა, მოხდენილი და, შვილების მოულოდნელად გამოჩენის გამო, დამფრთხალი ქალის სილუეტი.

1 comment:

  1. რა მშვენიერია და ნოსტალგიური, როგორც ყველაფერი თუმოროფობთან, ნან! (მაკო)

    ReplyDelete