Friday, August 29, 2014

ტკივილი

მოხდა ისე, რომ თუმოროფობი ჯოჯოხეთში აუდიენციაზე მიიწვიეს. უკვე დიდი ხანია ეძახდნენ, როგორც ჩანს, მაგრამ ის ვერაფერს ხვდებოდა. და მერე მოვიდა ტკივილი, აბსოლუტურად, სრულიად არაადამიანური,შიზოფრენიული, შლეგი ტკივილი, ტკივილი - სიგიჟე, რომელიც ისეთი დამამცირებელი, ბნელი, მრუმე და სამარცხვინო აღმოჩნდა, რომ ამის განსიტყვებას ვერავინ შეძლებდა. ამდენი სირცხვილის მომსწრე თუმოროფობი ვერც ერთ გადატანილ სირცხვილს ვერ უტოლებდა ამ სიგიჟე-ტკივილს და მერე, მოგვიანებით ზუსტად მიხვდა, რომ ეს იყო ყველა მისი სირცხვილის ჯამი, მათი სინერგიული ეფექტი, ის, რაც ლოგიკურად უნდა მოსულიყო და მოვიდა კიდეც.
ყველაზე ძალიან შვილების რცხვენოდა, რადგან ეშინოდა ამ ტკივილი-სიგიჟის რეალური ბუნება არ ამოეცნოთ.
მერე, როცა კეთილი ხალხის დახმარებით, ჯოჯოხეთური სიცხიდან ტყეში გაიქცა  და ტკივილმა დროებით თუ სამუდამოდ დაიხია, ეს ლამაზი ტყეც კი იმ უკუღმართი ქალის თავშესაფარს აგონებდა, რომელიც ანტიქრისტეს დავალებით, თავის პატარა ბიჭს დიდი მუხების ჩრდილქვეშ მარცხენა ფეხზე მარჯვენა ფეხსაცმელს აცმევდა და მარცხენაზე - მარჯვენას. პაპანაქებით დაჩაგრულ ტყეში სულ ეს ხატ-სურათი დასდევდა და აშინებდა და აშინებდა, რადგან ამ ცოდნის გადატანა აუტანელი იყო.
და ოცნებობდა ზამთრის და შემოდგომის რბილ, კეთილ მზეზე, ალერსიან შუქ-ჩრდილებზე, გამჭვირვალე ჰაერზე, ღირსეულ წასვლაზე და ამბობდა ასე:
გოსპოძი, უშველე ყველას, ვისზეც ხორცმა დაიბატონა და სულის ადგილი აღარსად დაუტოვა, განსაკუთრებით პატარებს და იქნებ როგორმე, რამენაირად მაპატიო ყველა სირცხვილი.

No comments:

Post a Comment